მთავარი
მზად ვართ უკრაინისადმი მხარდაჭერა გავაძლიეროთ – ვაიმარ+-ის ფორმატის ერთობლივი განცხადება
- Details
- By Sali
- Hits: 176
საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მზად არიან კიევისადმი მხარდაჭერის გასაძლიერებლად. განცხადებას უერთდება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროპული კომისიის ვიცეპრეზიდენტი კაია კალასი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნების საერთო მიზანი უკრაინის პოზიციების გაძლიერება უნდა იყოს და საჭიროა კიევისთვის უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების მიცემა.
აქამდე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ვლადიმირ პუტინთან "გრძელი და ძალიან პროდუქტიული" სატელეფონო საუბარი ჰქონდა და შეთანხმდნენ, სურთ შეჩერდეს "მილიონობით სიკვდილი" რუსეთ-უკრაინის ომში. მისივე თქმით, შეთანხმდნენ ამ საკითხზე "ძალიან ახლო მუშაობაზე", "ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტების ჩათვლით".
ევროპელი დიპლომატების განცხადება სწორედ ამ სიტყვებს მოჰყვა.
"ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, ერთგული ვართ მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ჩვენ ვიზიარებთ მიზანს, რომ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ არ მიიღწევა ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც უკრაინისა და ჩვენი ინტერესების უზრუნველმყოფი იქნება.
ჩვენ მოუთმენლად ველით სამომავლო გზის განხილვას ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად. ჩვენი საერთო მიზნები უკრაინის ძლიერის პოზიციაში ჩაყენება უნდა იყოს. უკრაინა და ევროპა უნდა იყოს ნებისმიერი მოლაპარაკების მონაწილე. უკრაინას უნდა მიეცეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არის საჭირო პირობა ძლიერი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ევროპული კონტინენტის უსაფრთხოება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. მაშასადამე, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები." - წერია საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ წერილში.
განცხადება ვაიმარ+-ის ფორმატში გაკეთდა. ეს ფორმატი ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) გარდა უკრაინას, დიდ ბრიტანეთს, იტალიას, ესპანეთსა და ევროპულ კომისიას მოიცავს.
12 თებერვალს, ტრამპის განცხადების გარდა, აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა თქვა, რომ ომის დასრულების მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის NATO-ში გაწევრიანება "რეალისტური შედეგი" ვერ იქნება.
ტრამპის სიტყვების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს "მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე" ესაუბრა. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ მომავალ კვირაში, მიუნხენში დაგეგმილი შეხვედრა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან "დადებითი იქნება".
