მიუსაფარ ცხოველებს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია - კალაძე
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 57
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს.
როგორც კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მსგავსი სენსიტიური თემის პოლიტიკური მიზნით გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია.
„მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია. ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს აღნიშნულ საკითხს და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებამ დაინახა, რეალურად ვინ, რომელი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები იდგნენ ამ ყველაფრის უკან. ძალიან სამწუხაროა, როდესაც მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადადგა.
„რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გამოწვევები არსებობს. თბილისის მაგალითზე შემიძლია, ბევრი ვისაუბრო, რა გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. იმდენი სტერილიზაცია/კასტრაცია გაკეთდა, რაც არასდროს ჩატარებულა. გარდა ამისა, ხორციელდება ახალი პროექტები და გლდანში შენდება 500 ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი. რა თქმა უნდა, ეს კეთდება, რათა ყველანაირად მოწესრიგდეს და გამართული იყოს აღნიშნული მიმართულება. ზოგადად, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, დაუშვებელია ამ საკითხის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება. მძიმე ფაქტებზე იყო საუბარი, ძაღლებს ცოცხლად წვავენო, თუმცა ამის არანაირი ფაქტი, ერთი კონკრეტული შემთხვევა არავის წარმოუდგენია. შესაბამისად, მსგავსი ინფორმაცია მიზანმიმართული ტყუილია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
