მთავარი
ამოქმედდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-16 პაკეტი
- Details
- By Sali
- Hits: 151
უკრაინაში ომის დაწყების მესამე წლისთავზე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა ინდივიდუალური და ეკონომიკური სანქციების ახალი, მე-16 პაკეტი.
ინდივიდუალური სანქციების ჩამონათვალშია 48 ფიზიკური და 35 იურიდიული პირი, რომლებიც თავისი ქმედებებით ხელყოფენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კიდევ 74 ტანკერს და გემს, რომლებსაც მოქმედი სანქციების გვერდის ავლით გადააქვთ რუსული ნავთობი, სამხედრო ტექნიკა და უკრაინაში მოპარული ხორბალი.
რუსეთის კიდევ 13 ბანკს აეკრძალა ფინანსური ინფორმაციის გადაცემის საერთაშორისო სისტემით სარგებლობა.
სანქციები დაუწესდა დამატებით 53 ორგანიზაციას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას. მათ შორის არიან ჩინეთის, ინდოეთის, ყაზახეთის, სინგაპურის, თურქეთის არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და უზბეკეთის კომპანიებიც.
სანქციების მე-16 პაკეტი მოიცავს რუსეთიდან ალუმინის იმპორტის აკრძალვასაც.
გარდა ამისა, ევროკავშირში მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდა რვა რუსულ მედიასაშუალებას. მათ შორის არიან: EADaily/Eurasia Daily, Fondsk, NewsFront, RuBaltic და Lenta.
