შეთანხმებით უკრაინა ბევრ შეიარაღებასა და ბრძოლის გაგრძელების უფლებას მიიღებს - ტრამპი

ოვალურ ოფისში აღმასრულებელ ბრძანებებზე ხელმოწერის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებს დაუდასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს, 28 თებერვალს, ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავს, რათა ორი ქვეყნის ლიდერმა მინერალებზე შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

"ის [ზელენსკი] პარასკევს ჩამოდის. თუ მას სურს, ეს ჩემთვის მისაღებია. მას ჩემთან ერთად უნდა, რომ ხელი მოაწეროს. მესმის, ეს მნიშვნელოვანი ამბავია, ძალიან მნიშვნელოვანი". - თქვა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მინერალებზე შეთანხმების შედეგად ამერიკელი გადასახადის გადამხდელები ფულს უკან დაიბრუნებენ, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას მიიღებს უკრაინა შეთანხმების სანაცვლოდ, ტრამპმა უპასუხა, რომ უკრაინა "$350 მილიარდს, ბევრ სამხედრო შეიარაღებასა და ბრძოლის გაგრძელების უფლებას მიიღებს".

"უკრაინა ძალიან მამაცია, მაგრამ აშშ-ს ფულისა და მისი შეიარაღების გარეშე, ეს ომი დროის ძალიან მოკლე პერიოდში დამთავრდებოდა. ზოგადად, გახსოვთ ცნობილი ჯაველინები? ეს მე ვიყავი, არა - ობამა, არა - ბაიდენი, არა - ვინმე სხვა. ეს მე ვიყავი". - აღნიშნა მან.

კითხვაზე, თუ როდემდე გააგრძელებს აშშ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალების მიწოდებას, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს და რუსეთთან შეთანხმების მიღწევაზე იქნება დამოკიდებული.

"ამას შესაძლოა, დიდი დრო დასჭირდეს, ალბათ მანამდე, სანამ ჩვენ რუსეთთან შეთანხმებას მივაღწევთ. რუსეთთან უნდა შევთანხმდეთ, სხვა შემთხვევაში, ეს გაგრძელდება". - უპასუხა მან.

ამასთანავე, ტრამპმა თქვა, რომ შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევაზე "მეტწილად პასუხისმგებელი" ევროპა იქნება.