META ახალ AI აპლიკაციაზე მუშაობს

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარკ ზაკბერგის META ახალ, დამოუკიდებელ AI აპლიკაციაზე მუშაობს, რომელმაც კონკურენცია OpenAI-ის ChatGPT-ს უნდა გაუწიოს.

CNBC-ის ინფორმაციით, აპლიკაცია, სახელწოდებით Meta AI 2025 წლის მეორე კვარტალში გამოჩნდება და ინიციატივა კომპანიის გეგმის ნაწილია, წლის ბოლომდე ხელოვნური ინტელექტის სექტორის ლიდერი გახდეს.

Meta ამ მიმართულებით კონკურენციას OpenAI-სა და Google-ის მფლობელ Alphabet-ს უწევს.

Meta-მ AI ჩატბოტი პირველად 2023 წელს გამოუშვა, როგორც ვირტუალური ასისტენტი, რომელიც დიდი ენის მოდელზეა დაფუძნებული. კომპანიის ახალი წამოწყება დამოუკიდებელი პლატფორმა იქნება, როგორც Meta-ს სხვა აპლიკაციები, Facebook, Instagram ან WhatsApp.

ამასთან, Reuters-ის თანახმად, წლის მეორე ნახევრიდან Meta თავის ჩატბოტზე ფასიანი გამოწერის სერვისს აამოქმედებს, რომელიც მომხმარებელს გაუმჯობესებულ ფუნქციებს შესთავაზებს. მედიის ინფორმაციით, Meta აღნიშნული სერვისიდან შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდას არ ელოდება.

ცნობისთვის, მარკ ზაკბერგმა იანვარში დააანონსა, რომ მიმდინარე წელს კომპანია ხელოვნური ინტელექტის სისტემების ექსპანსიისთვის $65 მილიარდს დახარჯავდა.