ტრამპმა ტრუდოს განუცხადა, რომ აშშ-კანადის საზღვრის გადახედვა სურს

The New York Times-ი ინფორმაციით, კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბარში ტრამპმა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებით უკმაყოფილება გამოთქვა და კანადის უსამართლო გადასახადებს უჩიოდა.

ასევე, მან ეჭვქვეშ დააყენა 1908 წლის ხელშეკრულება, რომელიც შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის საზღვრებს ადგენს და მისი გადახედვის სურვილი გამოთქვა. გარდა ამისა, ტრამპი შეეხო ტბებისა და მდინარეების ერთობლივი გამოყენების საკითხს, რომელიც არაერთი შეთანხმებით რეგულირდება.

გამოცემა წერს, რომ კანადის ოფიციალურმა პირებმა ტრამპის სიტყვები სერიოზულად მიიღეს, იმის გათვალისწინებით, რომ წარსული განცხადებების მიხედვით, მას "კანადის დაჩოქება“ სურდა.

ამავდროულად, თავად ტრამპმა, შესაძლო ანექსიის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ აპირებს, გამოიყენოს ეკონომიკური და არა სამხედრო ძალა. თუმცა, კანადაში მიაჩნიათ, რომ მისი ხუმრობები აშშ-ს 51-ე შტატად გახდომის შესახებ, არ შეიძლება იგნორირებული იყოს.