არგენტინაში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულად ითვლება ათობით ადამიანი

არგენტინაში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

არგენტინის აღმოსავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ ბაია ბლანკაში ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობა მოხდა. რვასაათიანმა უწყვეტმა ნალექმა გაანადგურა გზები და ხიდები, დაიტბორა შენობები და ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

1450-ზე მეტ ადამიანს მოუწია საცხოვრებელი სახლების დატოვება, მათ შორის, საჭირო გახდა საავადმყოფოდან ახალშობილი ბავშვების ევაკუაცია. ქალაქის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.