სამოქალაქო მსხვერპლმა 1000-ს გადააჭარბა - რა ხდება სირიაში?

მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლმა 1 000-ს გადააჭარბა სირიაში, სადაც ასადის მომხრეებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები 4 დღეს გაგრძელდა.

მოვლენათა ქრონოლოგია

6 მარტს სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მომხრე შეიარაღებული პირები ლატაკიაში ჩაუსაფრდნენ სამხედრო პერსონალს. თავდასხმის შედეგად, სირიის დროებითი მთავრობის უშიშროების და თავდაცვის ძალების სულ მცირე 16 წევრი მოკლეს.

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, 6 მარტის ჩასაფრება არ იყო პირველი და ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სამთავრობო ძალებს რამდენჯერმე დაესხნენ თავს.

ამის საპასუხოდ სამთავრობო ძალები გადაისროლეს სანაპირო ქალაქებში, მათ შორის- ლატაკიაში, ბანიასში, ტარტუსსა და ჯაბლეში, რათა ისინი „რეჟიმის ნარჩენებისგან“ გაეწმინდათ. უსაფრთხოების ძალებს შეუერთდნენ ხელისუფლების შეიარაღებული მხარდამჭერებიც.

ამ ქალაქებში თავმოყრილი არიან შიიტური ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობის წარმომადგენელი ალავიტები — რელიგიური უმცირესობის, რომელსაც განეკუთვნებოდა ბაშარ ალ ასადი. ასადის მმართველობისას ალავიტები პრივილეგირებულ ჯგუფს განეკუთვნებოდნენ მაშინ, როდესაც სირიის მოსახლეობის უმეტესობა (დაახლოებით 75%) სუნიტი მუსლიმია.

სანაპირო ზოლში და ლატაკიის მთებში სახელმწიფო უსაფრთხოების ძალები დაუპირისპირდნენ შეიარაღებულ ჯგუფებს, რომლებსაც ასადის არმიის ყოფილი ოფიცრები ხელმძღვანელობენ. სამთავრობო წყაროების მტკიცებით, ძალადობაში ასევე მონაწილეობდნენ დაუდგენელი ჯგუფები, რომლებიც სანაპირო ქალაქებისკენ გაემართნენ უსაფრთხოების ძალებზე ჩასაფრების გამო შურისძიების მიზნით.

შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებებს მოჰყვა დიდი მსხვერპლი სამოქალაქო პირებში. არსებული ინფორმაციით, ისინი ემსხვერპლნენ როგორც სროლებს ალავიტი მებრძოლების მხრიდან, ისე სასტიკ ანგარიშსწორებას მთავრობის მომხრეების მხრიდან. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სირიის დროებითი პრეზიდენტის შარაას ისლამისტური ჯგუფის (HTS) წევრები კარდაკარ ეძებდნენ, კლავდნენ, იტაცებდნენ და ძარცვავდნენ ალავიტებს.

მოკლულთა ცხედრები ბანიასის გარეუბანში, მასობრივ საფლავში დაკრძალეს. გატაცებულებს ჯერ კიდევ ელიან.

დიდ ბრიტანეთში ბაზირებული „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ (SOHR) ცნობით, მოკლულია 1 500-ზე მეტი ადამიანი: თავდაცვისა და უშიშროების სამსახურების 231 წევრი, ასადის ყოფილ რეჟიმთან აფილირებული 250 შეიარაღებული პირი და 1093 მშვიდობიანი მოქალაქე, აქედან უმეტესობა- ალავიტების ჯგუფიდან, 25 სუნიტი და რამდენიმე ქრისტიანი.

სირიის ადამიანის უფლებათა ქსელმა (SNHR), თავის მხრივ, 6-10 მარტის პერიოდში, ლატაკიაში, ტარტუსში, ჰამასა და ჰომსის პროვინციებში, 803 ადამიანის სიკვდილი აღრიცხა. SNHR-ის თანახმად, მსხვერპლთა განაწილება პასუხისმგებელი მხარეების მიხედვით ასეთია:

ასადის ყოფილ რეჟიმთან აფილირებული არასამთავრობო შეიარაღებული ჯგუფები პასუხისმგებელი არიან უშიშროების, პოლიციისა და სამხედრო ძალების სულ მცირე 172 წარმომადგენლის მკვლელობაზე და პირდაპირი სროლის შედეგად დაღუპულ სულ მცირე 211 მშვიდობიან მოქალაქეზე, მათ შორის ჰუმანიტარულ მუშაკებზე.
სირიის შეიარაღებულმა ძალებმა (არადისციპლინირებული ორგანიზაციები და ძალები, რომლებიც ფორმალურად არიან დაკავშირებული თავდაცვის სამინისტროსთან) იმსხვერპლა არანაკლებ 420 მშვიდობიანი მოქალაქე და განიარაღებული მებრძოლი. ამ ძალების მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიის შედეგად, დაიღუპა 39 ბავშვი, 49 ქალი და 27 სამედიცინო პერსონალი.
10 მარტს სირიის მთავრობამ განაცხადა, რომ დაასრულა ოპერაცია ლატაკიისა და ტარტუსის პროვინციებში. მიუხედავად ამისა, SOHR-ის მონიტორის ცნობით, თავდასხმები გაგრძელდა — თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფები 10 მარტს შეიჭრნენ ბანიასის გარეუბანში, სადაც გაძარცვეს და დაწვეს სახლები.

SOHR-ის თანახმად, ზღვისპირა რეგიონებსა და ლატაკიის მთებში საცხოვრებელი პირობები გაუარესდა, რადგან საკვების და ყოველდღიური საჭიროების ნივთების მარაგი ამოიწურა. ათეულობით ადამიანმა თავი შეაფარა ხმეიმიმის რუსულ ავიაბაზას.

სირიის მთავრობის პასუხი

სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერმა აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ ალავიტი უმცირესობის წევრების მასობრივი მკვლელობებმა საფრთხე შეუქმნა მის მისიას, გააერთიანოს ქვეყანა და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო, თუნდაც ეს მისი მოკავშირეები იყვნენ.

„სირია სამართლებრივი სახელმწიფოა. კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს“, — თქვა მან.

შარაამ ესკალაციაში დაადანაშაულა უცხოეთიდან მხარდაჭერილი ასადის მომხრეები, ასევე აღიარა, რომ მათ თავდასხმას მოჰყვა შურისძიების მკვლელობები. ასადის მხარდამჭერმა ირანმა მომხდართან კავშირი უარყო.

შარაამ არ უპასუხა კითხვას, მონაწილეობდნენ თუ არა უცხოელი ჯიჰადისტი მებრძოლები და სხვა მოკავშირე ისლამისტური ჯგუფები ან მისივე უსაფრთხოების ძალები მასობრივ მკვლელობებში და თქვა, რომ ეს გამოძიების საგანია. მან შექმნა საგამოძიებო კომიტეტი ალავიტების მონაწილეობით, რომელმაც 30 დღის განმავლობაში უნდა გამოიძიოს სამოქალაქო პირების მკვლელობები და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები.

ასევე, შეიქმნა მეორე კომიტეტი „სამოქალაქო მშვიდობისა და შერიგების შესანარჩუნებლად“, რადგან მისი თქმით, „სისხლი უფრო მეტ სისხლს იწვევს“.

საერთაშორისო გამოხმაურებები

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ორშაბათს შარაას უწოდა „ალ-ქაიდას სკოლის ჯიჰადისტი ტერორისტი, რომელიც საზარელ ქმედებებს სჩადის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“.

შარაამ ისრაელის ბრალდებები უარყო და თქვა: „ისინი უკანასკნელნი არიან, ვისაც შეუძლიათ საუბარი“, მიუთითა რა ისრაელის მიერ ბოლო 18 თვის განმავლობაში ღაზასა და ლიბანში ათობით ათასი ადამიანის დახოცვაზე.

ევროკავშირმა 8 მარტს გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო ასადის მომხრეების თავდასხმა სამთავრობო ძალებზე და „ყველა ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“.

ევროკავშირმა მოუწოდა ყველა გარე აქტორს, პატივი სცენ სირიის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

შეერთებულმა შტატებმა დაგმო „რადიკალი ისლამისტ ტერორისტები, მათ შორის უცხოელი ჯიჰადისტები, რომლებმაც ბოლო დღეებში დასავლეთ სირიაში ადამიანები მოკლეს“, მხარდაჭერა გამოუცხადა სირიის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს და თქვა, რომ სირიის დროებითმა ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგებინოს უმცირესობათა თემების წინააღმდეგ ხოცვა-ჟლეტის ჩამდენ პირებს.

გერმანიამ განაცხადა, რომ ცნობები მშვიდობიანი მოსახლეობისა და პატიმრების მკვლელობის შესახებ შოკის მომგვრელია. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ გარდამავალ მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, თავიდან აიცილოს შემდგომი თავდასხმები, გამოიძიოს ინციდენტები და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები.

სირიის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს დააკავა ორი ადამიანი, რომლებიც ვიდეოკადრების მიხედვით, ერთ-ერთ სანაპირო სოფელში სამოქალაქო პირებზე თავდასხმაში ფიგურირებენ.

გაეროს უშიშროების საბჭო ორშაბათს დახურულ კარს მიღმა შეიკრიბა, რუსეთისა და შეერთებული შტატების მოთხოვნით, რათა განეხილათ სირიაში ძალადობის ესკალაცია.

შეგახსენებთ, რომ ბაშარ ალ ასადის რეჟიმი დაემხო გასული წლის დეკემბერში და ოჯახთან ერთად რუსეთში წავიდა. ხელისუფლებაში მოვიდა სუნიტური ისლამისტური პოლიტიკური და გასამხედროებული ორგანიზაცია „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი“ და გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა. 6-10 მარტის მოვლენები გახდა ყველაზე სისხლიანი შეტაკებები ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ.

სირიის სამოქალაქო ომს, რომელიც ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ერთგულ ძალებსა და მათ მოწინააღმდეგეთა შორის 13 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ასობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა და მოსახლეობის ნახევარი დევნილი გახდა. დასავლეთის ქვეყნები, არაბული სახელმწიფოები და თურქეთი თავდაპირველად მხარს უჭერდნენ ამბოხებულებს, ხოლო რუსეთი, ირანი და თეირანი — ასადის რეჟიმს.

წყარო: netgazeti.ge