პარიზში ემანუელ მაკრონისა და მარკ კარნის შეხვედრა გაიმართა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კანადის ახალ პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის პარიზში შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას ეს მარკ კარნის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.

როგორც მაკრონთან შეხვედრისას კანადის პრემიერმა აღნიშნა, კანადისთვის, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საფრანგეთის მსგავს საიმედო მოკავშირეებთან ურთიერთობების გაძლიერება.

„ორივე მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, რაც გამოიხატება თქვენი ხელმძღვანელობით უკრაინისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერაში. დღეს, როდესაც ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ეს პრინციპი უარყოფილია სულ უფრო მეტი მთავრობის მიერ, კანადისთვის, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საფრანგეთის მსგავს საიმედო მოკავშირეებთან ურთიერთობების გაძლიერება“, – განაცხადა მარკ კარნიმ.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საერთაშორისო წესების დაცვით ვაჭრობა უფრო ეფექტიანი ინსტრუმენტია კეთილდღეობისთვის, ვიდრე ტარიფები.

„ვფიქრობ, ჩვენ ორივეს გვჯერა, რომ სამართლიანი ვაჭრობა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო წესებს, კარგია ყველას კეთილდღეობისთვის. რა თქმა უნდა, უფრო ეფექტურია, ვიდრე ტარიფები, რაც ქმნის ინფლაციას და აზიანებს წარმოების ჯაჭვებს, ჩვენი ეკონომიკის ინტეგრაციას“, – განაცხადა მაკრონმა.

დღეს მოგვიანებით მარკ კარნი პარიზიდან ლონდონში გაემგზავრება.

საფრანგეთში ემანუელ მაკრონისა და მარკ კარნის შეხვედრა კანადისა და ევროკავშირის აშშ-თან დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების ფონზე გაიმართა.