სტამბოლში დაკავებული მერის მხარდამჭერ სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

სტამბოლში დაკავებული მერის მხარდამჭერ სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სტუდენტები სტამბოლის უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებენ უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას, რომლითაც სტამბოლის მერს და პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს, ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმეს, ასევე აპროტესტებენ მის დაკავებას.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სტუდენტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

სტამბოლის მერის მხარდამჭერები ასევე შეკრებილი არიან ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც იმამოუღლუ არის დაკავებული. ადგილზე მობილიზებულია უსაფრთხოების ძალები და წყლის ჭავლის მანქანები. ამასთან, ანკარაში იმართება „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ საპროტესტო აქცია.

ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტამბოლის უნივერსიტეტმა მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ეკრემ იმამოღლუს დაკავების ფონზე სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა საზოგადოებრივი შეკრებები ოთხი დღით აკრძალა.