პროტესტის მესამე დღეს თურქეთში 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას ინფორმაციით, პარასკევს, თურქეთში დაწყებული მასშტაბური პროტესტის მესამე დღეს, საპოლიციო ძალებმა 343 ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ: "არ იქნება არავითარი ტოლერანტობა მათთვის, ვინც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, საფრთხეს უქმნის ადამიანთა მშვიდობასა და უსაფრთხოებას და მისდევს ქაოსსა და პროვოკაციას". იერლიკაიას განცხადებით, 300-ზე მეტი აქტივისტი სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ადანაში, ანტალიასა და სხვა ქალაქებში დააკავეს.

19 მარტს თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ოპოზიციონერი მერი, ერდოღანის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ექრემ იმამოღლუ დააკავა. ბრალდებები კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას და ტერორისტებთან - თურქეთში აკრძალულ "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" კავშირს ეხება.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ფიქრობენ, რომ სტამბოლის მერის დაკავება ოპოზიციის პოპულარული წარმომადგენლის ჩამოშორებას ისახავს მიზანს, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში იმამოღლუ "რესპუბლიკელი ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა წარედგინათ. თავად ხელისუფლება ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ თურქეთის სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედებს.

თურქეთის სხვადასხვა ქალაქში სტამბოლის მერის დაკავება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. პოლიციამ სტამბოლში, ანკარასა და იზმირში შეკრებილები წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.

ხელისუფლებამ დიდ ქალაქებში საპროტესტო დემონსტრაციებზე 5-დღიანი აკრძალვა დააწესა.

ექრემ იმამოღლუ დაკითხვაზე დღეს, 22 მარტს წარდგა.