მთავარი
ჩინეთმა აშშ-ის წინააღმდეგ ტარიფები 125%-მდე გაზარდა
- Details
- By iaiaia
- Hits: 146
სატარიფო ომი გრძელდება. ჩინეთმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "საპასუხო" ტარიფების საწინააღმდეგოდ, აშშ-დან იმპორტზე გადასახადი 84%-დან 125%-მდე გაზარდა - ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა მინისტრის განცხადება დღეს გამოქვეყნდა.
მინისტრის განცხადებით, ჩინეთის მხრიდან ეს ბოლო საპასუხო ნაბიჯია და თუ აშშ ტარიფს კიდევ ერთხელ გაზრდის, პეკინი ამას დააიგნორებს.
"იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ ტარიფების ზრდას გააგრძელებს, ამას არავითარი ეკონომიკური აზრი არ ექნება და მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში სასაცილო ისტორიად იქცევა. ამჟამინდელი ტარიფების ფონზე, ჩინეთში ამერიკული პროდუქტების იმპორტისთვის ბაზარი აღარ არსებობს. თუ შეერთებული შტატების მთავრობა ტარიფების გაზრდას გააგრძელებს, პეკინი ამას დააიგნორებს", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში. (CNBC-ის თარგმანი)
მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები 145%-მდე გაზარდა. კერძოდ, ტრამპის მიერ დაწესებული 125%-იანი ტარიფი მანამდე არსებულ 20%-იან გადასახადს დაემატა, რომელიც თებერვლიდან მოქმედებს და ჩინეთიდან ფენტანილის შესაძლო იმპორტს უკავშირდება.
მიუხედავად მოვლენათა ასეთი ესკალაციისა, ჩინეთის ფინანსთა მინისტრის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ პეკინი მოლაპარაკებების გასახსნელად მზადაა.
