ევროკავშირი პალესტინელთა დასახმარებლად 1.6 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი პალესტინელთა დასახმარებლად 1.6 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

დახმარების პაკეტი მომდევნო სამი წლის განმავლობაში, „დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სტაბილურობის“ ხელშესაწყობად იქნება მიმართული.

„ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას პალესტინელი ხალხის მიმართ. 1.6 მილიარდი ევრო 2027 წლამდე დაეხმარება დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას დასტაბილურებაში“, – წერს კაია კალასი.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ევროკავშირი პალესტინელებისთვის უმსხვილესი დონორია.

ამასთან, დღესვე, ლუქსემბურგში უნდა გაიმართოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პალესტინელ მაღალჩინოსნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი.