რომის პაპს 26 აპრილს დაკრძალავენ - იტალიის ხელისუფლებამ რომის ცა დახურა

რომის პაპს 26 აპრილს დაკრძალავენ. ინფორმაცია ვატიკანში დაადასტურეს.

წმინდა საყდრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს შაბათს, 26 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაკრძალავენ.

ცნობისთვის, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხვალ მის ცხედარს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენებენ. მორწმუნეებს საშუალება ექნებათ, პატივი მიაგონ მას.

რომის პაპის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ვატიკანმა ინსულტი დაასახელა.

 

იტალიის ხელისუფლებამ რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიისთვის მზადების ფარგლებში რომის ცა დახურა.

 

რომის პრეფექტის, ლამბერტო ჯანინის განცხადებით, ქალაქში უკვე მოქმედებს უსაფრთხოების ზომები, რომელიც სულ უფრო და უფრო გაძლიერდება.

„დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები მიღებული გვაქვს. დავაწესეთ ფრენის აკრძალვა. ჩვენ ასეთი ტიპის საფრთხეებს მაქსიმალურ ყურადღებას ვუთმობთ. როგორც კი ზუსტად გვეცოდინება დრო და ის, თუ რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ცერემონიაში, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება“, – აღნიშნა რომის პრეფექტმა.