ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის კლიმატის ანგარიშზე მომუშავე 400-ვე მეცნიერი დაითხოვა

ტრამპის ადმინისტრაციამ სამსახურიდან დაითხოვა იმ სამეცნიერო ანგარიშის ყველა, 400-მდე ავტორი და მეცნიერი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებზე კლიმატის ცვლილების გავლენას იკვლევს. ამის შესახებ CNN-ი კვლევის ავტორებისთვის გაგზავნილ მეილზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, თავიდან აირიდოს კონგრესის მიერ მოთხოვნილი კლიმატის ანგარიშის გამოშვება, ან შექმნას ალტერნატიული კვლევა, რომლის შინაარსიც, სავარაუდოდ, უფრო სკეპტიკური იქნება კლიმატის მეცნიერების მიმართ.

აშშ-ის კლიმატის ეროვნული შეფასების ანგარიში ბოლოს 2023 წელს გამოიცა. მაშინ კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილება ქვეყნის ყველა რეგიონზე ახდენს გავლენას, იწვევს გახშირებულ სტიქიებს და სხვა ზარალს.

ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს რიგით მეოთხე შეფასების ანგარიში გამოქვეყნდა, რომელზეც მეცნიერებმა, ძირითადად, ობამას ადმინისტრაციის პირობებში იმუშავეს. ანგარიშის დამალვა მაშინ ტრამპის ადმინისტრაციამ მისი მადლიერების დღის შემდეგ გამოქვეყნებით სცადა. კონგრესის ბრძანებით, შეფასების ანგარიში გლობალური ცვლილების კვლევის პროგრამის ფარგლებში, ყოველ 4 წელიწადში უნდა გამოქვეყნდეს. შესაბამისად, შემდეგი კვლევა 2027 წელს უნდა დასრულდეს.

როგორც კლიმატის მეცნიერებმა CNN-თან აღნიშნეს, შეფასების ანგარიშები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია ოფიციალური პირებისთვის რეგიონულ, სახელმწიფო და მუნიციპალურ დონეებზე. ისინი ასევე ღიად საუბრობენ რისკებზე, რომლებსაც ალტერნატიული ანგარიში გამოიწვევს.

“ანგარიშის გაუქმების გამო ექსტრემალური ამინდისთვის, ტყის ხანძრებისთვის, ზღვის დონის ზრდისა და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის მოუმზადებლები ვიქნებით”, - განაცხადა სან ხოსეს უნივერსიტეტის პროფესორმა, დასტინ მულვეინიმ.

400 მეცნიერის დათხოვნას წინ უსწრებდა NASA-ს მიერ კონტრაქტის გაწყვეტა საკონსულტაციო ფირმა ICF-თან, რომელიც თავის მხრივ გლობალური ცვლილებების კვლევის პროგრამასთან თანამშრომლობს, რაც პირველი ინდიკატორი იყო, რომ შეფასების ანგარიში პოტენციურად შეფერხდებოდა.