30-დღიანი ზავის შეთავაზების მიუხედავად, რუსეთმა უკრაინაზე იერიში გასულ ღამესაც მიიტანა

უკრაინული მხარის მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ზავის მიუხედავად, დონეცკის ოლქში რუსეთი სამოქალაქო სატვირთო მატარებელს დრონით დაესხა თავს, შედეგად მემანქანე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რკინიგზა ავრცელებს. 

"ცეცხლის შეწყვეტის წინადადებები იგნორირებულია, რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გრძელდება. ლოკომოტივზე თავდასხმის შედეგად, მემანქანე ნამსხვრევებით ფეხში დაიჭრა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება," - განაცხადა უკრაინის რკინიგზამ და აღნიშნა, რომ თავდასხმამ რკინიგზის მოძრაობის შეჩერება ვერ შეძლო.

ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით 30-დღიანი ზავი ორშაბათს უნდა დაწყებულიყო. ინიციატივას მხარს უჭერდნენ ევროპელი ლიდერები, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

ზელენსკის ინიციატივას პუტინმა საგანგებო განცხადებით უპასუხა და თქვა, რომ ზელენსკის თურქეთში მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევდა. საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს თურქეთში პირადად დაელოდებოდა, შეხვედრამდე კი, ორშაბათიდან "ცეცხლის სრულ და ხანგრძლივ შეწყვეტას" ელოდებოდა. თუმცა უკრაინული წყაროების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთმა რამდენიმე რეგიონი, მათ შორის კიევი, სუმი, ზაპოროჟიე, ოდესა, ხერსონი და სხვები დაბომბა.

ასევე, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინას, გასულ ღამეს, 108 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით და სხვადასხვა ტიპის სიმულატორი დრონით შეუტია.