სირიის პრეზიდენტი ბაღდადში არაბული ლიგის სამიტს არ დაესწრება

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა მიმდინარე კვირის ბოლოს ბაღდადში არაბული ლიგის სამიტს არ დაესწრება.

ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

სამიტზე სირიის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ალ-შიბანი უხელმძღვანელებს.

სირიის სახელმწიფო მედია აჰმედ ალ-შარაას არჩასვლის მიზეზებს არ აკონკრეტებს, თუმცა, როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სირიის ახალი პრეზიდენტის მიწვევას ერაყში კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით, შიიტური ფრაქციებისგან, რომლებიც სირიის პრეზიდენტს ერაყში საქმიანობის დროს შიიტების წინააღმდეგ თავდასხმების მოწყობაში ადანაშაულებენ.

„როიტერის“ ინფორმაციით, ერაყის 329-წევრიან პარლამენტიდან, სულ მცირე, 57-მა შიიტმა კანონმდებელმა მთავრობას მიმართა, არ დაეშვათ აჰმედ ალ-შარაა სამიტზე. აღსანიშნავია, რომ სამიტში აჰმედ ალ-შარაას შესაძლო მონაწილეობას მიესალმნენ სუნიტი პოლიტიკოსები.

აჰმედ ალ-შარაა 2003 წელს ერაყში ამერიკული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაციის „ალ-ქაიდას“ რიგებში იბრძოდა. 2006 წელს ის დააპატიმრეს და 2011 წელს მტკიცებულებების ნაკლებობის გამო გაათავისუფლეს. ამის შემდე მან დაარსა „ალ-ნუსრას ფრონტი“, რომელიც სირიაში „ალ-ქაიდას“ შტოდ მიიჩნეოდა. 2016 წელს „ალ-ნუსრას ფრონტმა“ „ალ-ქაიდასთან“ კავშირის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა. მალევე მის საფუძველზე შეიქმნა ორგანიზაცია „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, რომელმაც გასული წლის ბოლოს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

მედია წერს, რომ აჰმედ ალ-შარაას გადაწყვეტილება, არ დაესწროს ბაღდადში დაგეგმილ სამიტს აჩვენებს სირიის ახალი ხელისუფლების მიერ რეგიონის ქვეყნებთან კავშირების აღდგენის არაერთგვაროვან შედეგებს. აჰმედ ალ-შარაამ მცირე დროში დაამყარა კავშირები სუნიტი უმრავლესობის ქვეყნებთან, როგორიცაა საუდის არაბეთი და კატარი, თუმცა სიფრთხილით უდგება ურთიერთობებს ისეთ ქვეყნებთან, სადაც ირანის გავლენა ძლიერია, როგორიცაა ერაყი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა შიიტია.