მთავარი
რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე - ტრამპისა და პუტინის საუბარი დასრულდა
- Details
- By ani
- Hits: 47
აშშ-ის რეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დიალოგი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა მედიასთან და აღნიშნა, რომ ტრამპთან დიალოგი იყო გულწრფელი და შინაარსიანი.
„საუბარი შედგა, ის ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ის იყო ძალიან შინაარსიანი და საკმაოდ გულწრფელი და მთლიანობაში, ჩემი აზრით, ამ თვალსაზრისით საკმაოდ სასარგებლო. პირველ რიგში, მე მადლობა გადავუხადე შეერთებული შტატების პრეზიდენტს აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერისთვის რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების თაობაზე, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების დადების შესახებ, მოლაპარაკებების განახლების თაობაზე, რომლებიც, როგორც ცნობილია, უკრაინულმა მხარემ ჯერ კიდევ 2022 წელს შეწყვიტა“, – აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოთქვა თავისი პოზიცია საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„რუსეთი მზადაა, იმუშაოს უკრაინულ მხარესთან შესაძლო სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მემორანდუმზე რიგი პოზიციების განსაზღვრით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსეთი მხარს უჭერს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ საჭიროა მშვიდობისკენ სვლის ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება.
ასევე, ვლადიმერ პუტინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ უნდა იპოვონ კომპრომისები, რომლებიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.
