ესპანეთის ბრძანებით, Airbnb-დან 65 ათასი ტურისტული ობიექტი წაიშლება

ესპანეთმა უძრავი ქონების გაქირავების პლატფორმა Airbnb-ზე განთავსებული ობიექტების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ოპერაცია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც პლატფორმიდან 65 000-ზე მეტი ობიექტი რეგულაციებთან შეუსაბამობის გამო წაიშლება.

ესპანეთის მომხმარებელთა უფლებების სამინისტრომ არაერთ გამოვლენილ დარღვევაზე ისაუბრა, რომელთა შორისაცაა ლიცენზიის ნომრის დამალვა, მფლობელის ან კორპორაციის ვინაობის არ მითითება და განსხვავებები Airbnb-ზე განთავსებულ განცხადებასა და ოფიციალურ დოკუმენტაციას შორის.

Airbnb-ს განცხადებებზე შეტევა ესპანეთში მიმდინარე ბინადრობის კრიზისის ფონზე დაიწყო, რასაც ქვეყანაში ბინის ქირისა და ყიდვის გაძვირების გამო მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. ესპანელების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოკლევადიანი გაქირავების პლატფორმები ქვეყანაში საცხოვრებლის დეფიციტს კიდევ უფრო ამწვავებს, განსაკუთრებით ისეთ პოპულარულ ქალაქებში, როგორებიც მადრიდი და ბარსელონა არიან.

მინისტრმა პაბლო ბასტინდუიმ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება მზინად ისახავს ბაზარზე "კონტროლის ნაკლებობისა" და "არალეგალურობის" აღმოფხვრას. მიღებული ზომები ძირითადად მადრიდში, ანდალუსიასა და კატალონიაში გასაქირავებელ საკუთრებებზე ვრცელდება.

მინისტრის ცნობით, ესპანეთმა კანონთან შეუსაბამო განცხადებების შესახებ ინფორმაცია Airbnb-ს თვეების წინ მიაწოდა, თუმცა კომპანიამ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. ესპანეთის მთავრობის ცნობით, მადრიდის უზენაესმა სასამართლომ მხარი Airbnb-სთვის გაგზავნილ ორდერს დაუჭირა.

მთავრობის ბრძანებით, პლატფორმიდან დაუყოვნებლივ უნდა წაიშალოს 5800 განცხადება, ჯამურად კი გასაუქმებელი განცხადებების რაოდენობა 65 935-ია.

ოფიციალური მონაცემებით, ესპანეთში 321 000 ლიცენზირებული საშვებულებო ობიექტია, რაც 2020 წელთან შედარებით 15%-ით მეტია. გარდა ამისა, ათასობით ობიექტი შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ოპერირებს.

Airbnb მიღებული ბრძანების გასაჩივრებას აპირებს. როგორც მათ Euronews Travel-ს განუცხადეს, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მასპინძლები კანონს არღვევენ. მათივე თქმით, გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის როგორც ევროკავშირისა და ესპანეთის კანონმდებლობებთან, ასევე ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ წინა განჩინებასთანაც.