მთავარი
ქალაქ გრაცის სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
- Details
- By iaiaia
- Hits: 362
ბოლო მონაცემებით, ავსტრიის ქალაქ გრაცში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ერთ-ერთი დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელი გრაცის მცხოვრები 21 წლის ავსტრიელი მამაკაცია. ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, თუმცა სასწავლებელი არ დაუმთავრებია.
მან სკოლის საპირფარეშოში თავი მოიკლა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი ორი ცალი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ის ორივე იარაღს კანონიერად ფლობდა. თავდასხმის მოტივის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
ქალაქ გრაცის სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო ავსტრიაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გრაცის სკოლაზე თავდასხმის გამო ავსტრიას სოლიდარობას უცხადებს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში საქართველოს საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩვენ ღრმად შოკირებული ვართ ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლით. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან, მათ ოჯახებთან და ავსტრიელ ხალხთანაა ამ მძიმე პერიოდში. სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრიას და ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ყველა დაშავებულს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
