ევროკავშირი რუსეთში უცხოური ინვესტიციების განხორციელებას შეზღუდავს

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-18 პაკეტი მოამზადა.

პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დამატებითი შეზღუდვები დაწესდება რუსეთის ენერგეტიკულ, საბანკო და საფინანსო სექტორებზე. როგორც ის განმარტავს, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ზეწოლის გაზრდა, რათა მოსკოვი იძულებული გახდეს სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს და ომი შეწყვიტოს.

როგორც ფონ დერ ლაიენის აცხადებს, ევროკავშირი მნიშვნელოვნად შეზღუდვას რუსეთში უცხოური ინვესტიციების განხორციელებას როგორც მესამე ქვეყნების, ასევე საბანკო სექტორის და პირდაპირი საინვესტიციო ფონდის (RDIF) გავლით.

უშუალოდ RDIF-ს რაც შეეხება, ეს ფონდი უცხოელ ინვესტორებს რუსეთში თანხის დაბანდების საშუალებას აძლევს. ამასთან, ის აქტიურად უჭერს მხარს იმ დასავლურ კომპანიებს, რომლებმაც რუსული ბაზარი არ დატოვეს და სანქციების მიუხედავად ქვეყანაში დარჩენა გადაწყვიტეს. როგორც ჩანს, სანქციების ახალი პაკეტით მნიშვნელოვნად შეიზღუდება RDIF-ის საქმიანობა.

მე-18 პაკეტით ასევე შეიზღუდება რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ოპერირება და სანქცირებული ნავთობის გადაზიდვა, რაც ისევ დიდ გამოწვევად რჩება.