აშშ მზადაა, დაიცვას საკუთარი თავი და ისრაელი - ტრამპი ირანს აფრთხილებს

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და აშშ კვლავ იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ირანზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შეფასებისას განაცხადა. 

ირანს არ შეუძლია ბირთვული ბომბის ქონა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებებისმაგიდასთან დავბრუნდებით. ვნახოთ. ირანის ხელმძღვანელობაში რამდენიმე ადამიანია, რომლებიც აღარ დაბრუნდებიან, - თქვა ტრამპმა.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა წინასწარ იცოდა დარტყმების შესახებ, მაგრამ მათში მონაწილეობა არ მიუღია. 

მან ასევე თქვა, რომ ნებისმიერ საპასუხო ქმედებას ელოდება და აშშ-ის ცენტრალური სარდლობა მაღალ მზადყოფნაშია. მან აღნიშნა, რომ აშშ მზადაა, დაიცვას საკუთარი თავი და ისრაელი, თუ ირანი უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ღამეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რამაც მთელ ირანში აფეთქებების ტალღა გამოიწვია.