მთავარი
ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი
- Details
- By iaiaia
- Hits: 61
მეოთხე დღეა გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება ისრაელსა და ირანს შორის. დღეს, 16 ივნისს გამთენიისას ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა.
ისრაელის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 67 დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანული ბალისტიკური რაკეტებით დარტყმა იყო ოთხ რაიონში, მათ შორის თელ-ავივში. ენერგოკომპანია Israel Electric Corporation-ის ინფორმაციით, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
განახლება: ისრაელის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ განახლებული მონაცემებით, ირანის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 5 და დაიჭრა 92 ადამიანი.
16 ივნისს აფეთქებები იყო ქალაქ ხაიფაშიც. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ირანის სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
ირანის მორიგ იერიშს წინ უძღოდა ისრაელის ავიადარტყმები ირანის აღმოსავლეთზე.
16 ივნისს მაშველებმა ისრაელის ქალაქ ბათ-იამში ირანული რაკეტით 14 ივნისს განადგურებული სახლის ნანგრევებში იპოვეს კიდევ ორი ადამიანის ცხედარი. დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ივნისს დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორის უკრაინის ხუთი მოქალაქეა, მათგან სამი ბავშვი.
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
16 ივნისს, დილით ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმის შემდეგ ირანში დაღუპულია, სულ მცირე, 224 ადამიანი, რომელთა 90% სამოქალაქო პირი იყო და დაჭრილია 1481.
ისრაელის მონაცემებით, 16 ივნისის დილის მდგომარეობით, ირანის დარტყმების შედეგად ისრაელში დაიღუპა, სულ მცირე, 20 ადამიანი და 400-ზე მეტი დაიჭრა.
