სომხეთის სუსი სპეცოპერაციას ატარებს ეჯმიაწინში, სომეხთა ეკლესიის საპატრიარქოში

სომხეთის უსაფრთხოების სამსახური ამ წუთებში ატარებს „სპეციალურ ოპერაციას“ სომხური ეკლესიის საპატრიარქოში, რომელიც ქალაქ ეჯმიაწინში მდებარეობს.

ეჯმიაწინში დაძაბულობაა - ეკლესიასთან მობილიზებული არიან სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის მხარდამჭერები, ასევე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

ეჯმიაწინში იმყოფება სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II, რომელიც ნიკოლ ფაშინიანთან დაპირისპირებულია.

მონასტერში მყოფმა ერთ-ერთმა მღვდელმა ასოღიკ კარაპეტიანმა საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

„ყველანი ეჯმიაწინში ვართ. ისინი [ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა] ეჯმიაწინში მოვიდნენ. ან ჩვენი, ყველას დაპატიმრება მოგიწევთ, ან ჩვენი ცხედრების აქედან გატანა“, - დაწერა მან ფეისბუკზე.

მანამდე მცირე ხნით ადრე, შირაკის საეპისკოპოში (გიუმრიში), არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები.

ეს ღონისძიება ამ ეტაპზე დასრულებულია - იგი ამჟამად არა შირაკის საეპისკოპოში, არამედ ეჯმიაწინში იმყოფება.

აჯაპაჰიანსაც სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდება ედება ბრალად.

რამდენიმე წუთის წინ მრევლს მიმართა პატრიარქმა გარეგინ II-მ და განაცხადა, რომ აჯაპაჰიანი - რომელიც მის გვერდით იმყოფება, - სამართალდამცავებს ჩაბარდება.

ორი დღის წინ, 25 ივნისს, სომხეთში დააკავეს არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, ანტისამთავრობო მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ხელმძღვანელი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.

 

"რადიო თავისუფლება"