თურქეთში, ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა

თურქეთში, ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. აღნიშნულის გამო საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. რეგიონის გუბერნატორმა, მუსტაფა მასალთიმ განაცხადა, რომ 20 სახლის ევაკუაცია განხორციელდა.

„ჩვენ დავიწყეთ ევაკუაცია. ამ დროისთვის ევაკუაცია განხორციელდა 20 სახლიდან და ამ მოქალაქეებს საერთო საცხოვრებლებში ვათავსებთ. გარდა ამისა, ჩვენ მათ საჭიროებებსაც ვაკმაყოფილებთ“, – განაცხადა გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში რამდენიმე დღეა, რაც ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძარია იზმირისა და ბილეჯიკის პროვინციებშიც. სიცხისა და ძლიერი ქარის გამო ხანძარი სწრაფად გავრცელდა ტყიან ტერიტორიაზე და დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. იზმირის მახლობლად მდებარე აეროპორტი დროებით დაიხურა. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ ტუნჩმა განაცხადა, რომ დაკავებულია მამაკაცი, რომელიც იზმირის მახლობლად ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენაშია ეჭვმიტანილი.