აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 1 300-ზე მეტ თანამშრომელს სამსახურიდან ათავისუფლებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 1 300-ზე მეტ თანამშრომელს, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი რეორგანიზაციის გეგმის შესაბამისად, სამსახურიდან ათავისუფლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

ამერიკული გამოცემა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ დეპარტამენტი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინებებს უგზავნის 1 107 საჯარო მოხელეს და დიპლომატიური სამსახურების 246 თანამშრომელს, რომლებიც შეერთებულ შტატებში მსახურობენ.

„ესოშიეითედ პრესის“ მიერ მოპოვებული შიდა შეტყობინების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაზარალებულ თანამშრომლებს დაუყოვნებლივ გაგზავნიან ადმინისტრაციულ შვებულებაში 120 დღით, რის შემდეგაც ისინი ოფიციალურად დაკარგავენ სამსახურს.

„დეპარტამენტი ახდენს შიდა ოპერაციების ოპტიმიზაციას, რათა ყურადღება დიპლომატიურ პრიორიტეტებზე გაამახვილოს. თანამშრომლების რაოდენობის შემცირება საგულდაგულოდ იქნა მორგებული არაძირითად ფუნქციებზე, დუბლირებული ან ზედმეტი ოფისებისა და იმ ოფისების მიმართ, სადაც ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების ცენტრალიზაციით ან კონსოლიდაციით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ეფექტურობის მიღწევა“, – აღნიშნულია შეტყობინებაში.

„ესოშიეთიდ პრესის“ თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და მათმა რესპუბლიკელმა მოკავშირეებმა შემცირებებს მაღალი შეფასება მისცეს როგორც დაგვიანებული და აუცილებელი ნაბიჯი, რათა დეპარტამენტი უფრო მოქნილი და ეფექტური გახდეს, ეს შემცირებები მკაცრად გააკრიტიკეს მოქმედმა და ყოფილმა დიპლომატებმა. ისინი აცხადებენ, რომ ეს შეასუსტებს აშშ-ის გავლენას და მის უნარს, გაუმკლავდეს არსებულ და ახალ საფრთხეებს საზღვარგარეთ.