22-23 ოქტომბერს თბილისი რიგით მეხუთე „აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, დედაქალაქი 22-23 ოქტომბერს რიგით მეხუთე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე, რეგიონს მიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და საერთაშორისო რანგის ექსპერტები.

„ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე დამკვიდრდა, როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის, შუა დერეფნის მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით.

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნესშეხვედრებს გამართავენ“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.