ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კახეთის მხარის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა დღის განმავლობაში კახეთის მხარეში გამართული ღონისძიებები შეაჯამა, ასევე ისაუბრა თბილისში ერეკლე მეორის ძეგლის გახსნაზე.
„გავხსენით ერეკლე მეორის ძეგლი დედაქალაქში, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა სიმბოლური თვალსაზრისით. ჩვენ პატივს მივაგებთ ერთ-ერთ გამორჩეულ და უსაყვარლეს მეფეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის იმის გამოხატულება, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ფესვებს და ჩვენს ისტორიას. რა თქმა უნდა, ამ ისტორიაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საგარეჯო-ბადიაურის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ პროექტი უახლოეს თვეებში დასრულდება.
„ჩვენს თანამოქალაქეებს და სტუმრებს ექნებათ კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება თბილისიდან ბადიაურამდე. აშენდება 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი და ამის შემდეგ გაგრძელდება შემდგომ მონაკვეთებზე მუშაობა. ასევე ვიყავით „მეღვინეობა კაჭრეთში“, სადაც დაიწყო, ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობით, კონიაკის წარმოება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის თანამშრომლობა ქართულ და ევროპულ კომპანიებს შორის, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა კონიაკის წარმოებაში საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ რთველის მიმდინარეობაზეც ისაუბრა.
„გურჯაანში გავეცანით რთველის მიმდინარეობას. შტაბი არის სრულად მობილიზებული და სათანადო ვადებში ხდება ღვინის ჩაბარება, გადამუშავება. ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მევენახეებმა, მეღვინეებმა მიიღონ სათანადო სარგებელი საკუთარი მოსავლიდან. რა თქმა უნდა, გაგრძელდება შტაბის აქტიური მუშაობა. ასევე, ჩვენ დავათვალიერეთ გურჯაანში კულინარიული სკოლის მშენებლობის სამუშაოები. ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია, სადაც რამდენიმე ასეულ მსმენელს ექნება კულინარიული კურსების გავლის საშუალება. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ამ პროექტის განხორციელება. ვესტუმრეთ თელავში ისტორიულ სკოლას, რომლის რეაბილიტაცია იგეგმება. პროცესები დაიწყება ძალიან მალე. თავისი ისტორიული, განახლებული სახით უნდა დაუბრუნდეს ეს სკოლა თელაველებს. ვიყავით ალავერდში, სადაც გავეცანით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ მხარის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჩვენთვის მეღვინეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი, მეღვინეობა – ეს არის კულტურის და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ჩვენთვის ახალი ინიციატივები განსაკუთრებით სასიხარულოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მეღვინეობა „ვაინ ერას“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის საქართველოს წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში, რასაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება.
„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე – ღვინის ქარხნის გახსნა. ჩვენთვის მეღვინეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი ჩვენთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის. მეღვინეობა – ეს არის კულტურის და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ჩვენთვის ახალი ინიციატივები არის განსაკუთრებით სასიხარულო და დღეს მიხარია, რომ ჩვენ ამ შესანიშნავი ქარხნის გახსნას ვესწრებით. ეს არის ჩვენი 8 000-წლიანი მემკვიდრეობა. ეს არის ჩვენი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში და ამას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მეღვინეობა „ვაინ ერას“ ქარხანაში ღვინო ძველი ტრადიციებით და ევროპული ტექნოლოგიებით შეიქმნება და ორიენტირებული იქნება მსოფლიო სტანდარტებზე.
„ვაჩნაძიანში ვხედავთ, რომ ერთმანეთს ერწყმის ჩვენი უძველესი მეღვინეობის ტრადიციები და ახალი ტექნოლოგიები და ამისათვის ბატონ გოჩას განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო. ღვინო ამ ქარხანაში ძველი ტრადიციებით და ევროპული ტექნოლოგიებით შეიქმნება, რაც იქნება ორიენტირებული მსოფლიო სტანდარტებზე. ეს მიდგომა არის მისასალმებელი – მეცნიერულ ანალიზზე დაფუძნებული მიდგომა. სწორედ მეცნიერული ანალიზით შეირჩევა საძირეები, წვეთოვანი სარწყავი სისტემა, მიწისქვეშა მარანი ტემპერატურის კონტროლისთვის – ეს ტექნოლოგიები უზრუნველყოფს მაქსიმალური ხარისხის მიღწევას“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის სოციალური ეფექტი – ქარხანაში ათეულობით ადგილობრივი დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს ამ ადამიანების კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებას.
„მეღვინეობის მხარდაჭერა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. გასული წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ამ დარგის მხარდასაჭერად სხვადასხვა ფორმით სახელმწიფოს მხრიდან და, რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები. მუდმივად იზრდება ეს დარგი ჩვენს ქვეყანაში. მუდმივად იზრდება წარმოება და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მევენახეობა-მეღვინეობას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი. დღევანდელი დღეც არის იმის დასტური, რომ არის ნდობა და განსაკუთრებული ინტერესი ამ დარგის მიმართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი მხრიდან იქნება სრული ხელშეწყობა. უნდა გაგრძელდეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები“, – განაცხადა პრემიერმა.
კახეთში, ისევე როგორც ყველა რეგიონში, გავიმარჯვებთ შთამბეჭდავად რვავე მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ყველა საკრებულოში დიდი უპირატესობით დააკომპლექტებს უმრავლესობას.
„„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი გაიმარჯვებს რვავე მუნიციპალიტეტში. ზოგ მუნიციპალიტეტში უკვე მოგებული აქვთ, ესეც ცალკე თემაა. რვიდან, თუ არ ვცდები, ოთხი მუნიციპალიტეტია კახეთში, სადაც წინასწარ აქვს მოგებული ჩვენს მერობის კანდიდატს და დანარჩენ ოთხში პირველ ტურში მოვიგებთ ძალიან დიდი ანგარიშით. ასევე, ყველა საკრებულოში დიდი უპირატესობით დავაკომპლექტებთ უმრავლესობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მეღვინეობა „ვაინ ერას“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, მთავრობის და პარლამენტის წევრებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს მინისტრმა ღვინის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტის წარმოების შედეგებზე ისაუბრა.
დავით სონღულაშვილმა ხარისხიანი პროდუქციის შექმნის სტიმულირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაპირება რჩება უცვლელი, რომ კიდევ უფრო დაფასდება ხარისხი, კიდევ უფრო დაფასდება შრომა.
„ღვინო დღეს ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ და გააზრებულად, თანმიმდევრულად მივდიოდით. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ვენახების ფართობი რამდენჯერმე არის გაზრდილი. ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი, მინიმუმ, ხუთჯერ გაიზარდა სამიზნე ბაზრებზე, ხოლო 2024 წელს დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული შემოსავლები, რომელმაც ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება ხელშემწყობი პროგრამების სრული სიმძლავრით ამოქმედების შემდეგ. ჩვენ მევენახეობა-მეღვინეობის გულში ვართ შეკრებილები – კახეთში, გურჯაანის ისტორიულ სოფელ ვაჩნაძიანში. ამ მამულის თავკაცები ქართულ ვაზსა და ღვინოზე შეყვარებული ხალხია და ამიტომაც თავის მეღვინეობას „ვაინ ერას“, ღვინის ერა, ღვინის ეპოქა დაარქვეს. ამ მეღვინეობის წარმატება კერძო ინიციატივისა და ინვესტიციის სახელმწიფოს მხრიდან პროგრამული მხარდაჭერის საშური მაგალითია. ჩვენი ამოცანაა, რომ სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები კიდევ უფრო მოქნილი და ორიენტირებული გახდეს ფერმერისა და მევენახის საჭიროებებზე. ყველამ კარგად დაინახა, როგორ ხდება სახელმწიფოს მხრიდან გადააზრება ყველა იმ მოთხოვნის და საჭიროების, რომელიც ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის უკეთეს მოდელს გვთავაზობს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრის თქმით, წელს რთველი სრულად ორიენტირებულია მევენახეზე და კონკრეტულ ფერმერებზე.
„ჩვენ უკეთ გვესმის მოსახლეობის დაკვეთა და უკეთ ვპასუხობთ ყველა გამოწვევას. სუბსიდირების პროგრამა მთლიანად ორიენტირებულია ხარისხიანი პროდუქციის შექმნის სტიმულირებაზე. რას მივიღებთ შედეგად? მივიღებთ უკეთეს ვენახებს, ხარისხიან ყურძენს და უმაღლესი ხარისხის ღვინოს, საკუთარი ადგილით ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების დახლებზე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ინიციატივისთვის და უმოკლეს ვადებში რეფორმის მომზადება-განხორციელებაში სრული ნდობის გამოცხადებისთვის. ჩვენი დაპირება რჩება უცვლელი – კიდევ უფრო დაფასდება ხარისხი, კიდევ უფრო დაფასდება შრომა“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.