"გასული 4 წელი იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით..." - პრემიერი

ჩვენთვის, ყოველ ჯერზე, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, ეს გვაძლევს ერთმანეთთან მოსაზრებების, ინფორმაციის ურთიერთგაზიარების საშუალებას, რაც მთავრობას ეხმარება სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, გასული 4 წელი საქართველოსთვის იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და საშუალო წლიურმა ზრდამ  9.4% შეადგინა. საქართველო ყველა მიმართულებით ინარჩუნებს სტაბილურობას და თანმიმდევრულ განვითარებას.

 

„შარშან გვქონდა ასეთივე შეხვედრა, სადაც ვსაუბრობდით ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე, ასევე პოლიტიკურ ვითარებაზე და მოხარული ვარ, რომ ერთი წლის თავზე, ყველა მიმართულებით ვინარჩუნებთ როგორც სტაბილურობას, ისე თანმიმდევრულ წინსვლასა და განვითარებას. გასული 4 წელი იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 9.4% 2021-2024 წლებში, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტზე, ფართო რეგიონში. მოხარულები ვართ, რომ წელსაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. იანვარ-ივლისის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8 % რაც ასევე არის ნომერ პირველი მაჩვენებელი კონტინენტსა და ჩვენს ფართო რეგიონში,“- განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის ტქმით, იანვარ-აგვისტოს განმავლობაში 1,5 მილიარდი დოლარით შეავსო ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობა. ამ კუთხითაც იყო უარყოფითი პროგნოზები, დეკემბერ-იანვარში. ე.წ ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით. მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ სხვა მონაცემები გვაქვს და იანვრის შემდე 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით ლარის კურსი. იანვარ-აგვისტოს განმავლობაში 1,5 მილიარდი დოლარით შეავსო ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ჩვენს ისტორიაში. ამისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს ქალბატონ ნათია თურნავას. ეროვნული ბანკის გამართული მუშაობა არის საკვანძო მნიშვნელობის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ტემპის შენარჩუნება არის მთავარი იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ძლიერი პოზიციები და გაუმჯობესდეს მოსახლეობის კეთილდღეობის დონე.

„გამოწვევები რჩება, თუმცა არსებული ტემპებით, ვფიქრობთ, რომ საქართველო საშუალოვადიან პერსპექტივაში უკვე შეძლებს მაქსიმალურად დაუახლოვდეს ეკონომიკური კეთილდღეობის ევროპულ სტანდარტებს. 
წელს პირველად გადავაჭარბებთ 100 მლრდ ლარს. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი  100 მლრდ ლარზე მეტი იქნება წლის ბოლოსთვის და ერთ სულ მოსახლეზე პირველად გადავაჭარბებთ 10 000 დოლარიან მაჩვენებელს, რაც ერთგვარი სიმბოლური, საინტერესო ნიშნულია ჩვენთვის. 
რა თქმა უნდა, ამ ტემპის შენარჩუნება არის მთავარი იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ძლიერი პოზიციები და იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. ეკონომიკის ზრდა აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზეც. მნიშვნელოვნად გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი. 2022-2024 წლებში 185 000-ით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში და საშუალო ხელფასი გადაცდა 2 200 ლარს, როდესაც, დაახლოებით, ამის ნახევარი იყო მაჩვენებელი 2021 წლისთვის“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

 

„წლის დასაწყისში იყო უარყოფითი პროგნოზები, შეგნებულად წარმოებდა ნეგატიური კამპანია ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც, პრინციპში, გარკვეული საფუძველი შეუქმნა დეკემბრის მცირე ვარდნამ, პროგნოზირებულთან შედარებით რამდენიმე პროცენტით იკლო ეკონომიკურმა ზრდამ პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე. თუმცა იანვრიდან მოყოლებული შევძელით ძველი ტენდენციების დაბრუნება და წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა - 8 %-იანი მაჩვენებელი, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი ევროპასა და ფართო რეგიონში. ასევე, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ტენდენციის შენარჩუნება და ამ კუთხითაც თქვენთან თანამშრომლობას ენიჭება ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ შედარებები გავაკეთეთ წინა შემთხვევაში, მოლდოვას შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდა. შარშან ითქვა, რომ 8 მლრდ დოლარით გავზარდეთ სხვაობა მოლდოვასთან სამი წლის განმავლობაში, 4 წლის განმავლობაში მოლდოვასთან სხვაობამ ეკონომიკური ზრდის კუთხით შეადგინა 11 მლრდ დოლარზე მეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აქვს მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა. გვაქვს კორუფციის მცირე დონე, გამორჩეული ვართ ამ კუთხითაც არამხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ვუსწრებთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. გვყავს ძლიერი ინსტიტუტები და სწორედ ეს განგვასხვავებს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც აქვთ ჩვენზე ბევრად დაბალი ეკონომიკური ზრდა,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა მიმართულებითაც იყო ხარვეზები და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხარჯზე მთავრობამ შეძლო ამ ხარვეზების გამოსწორება.

„მინდა მადლობა გადავუხადო სამთავრობო გუნდის წევრებს, ეკონომიკური გუნდის წევრებს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მართვის მწყობრი, გამართული სისტემა, ხარვეზები ძალიან ბევრი იყო, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ გასული სამი თვის განმავლობაში ჩვენ შევძელით ბევრი საკითხის მოგვარება და უკეთ გადაწყვეტა. მაგალითად, სახელმწიფო საწარმოებში იყო სერიოზული ხარვეზები და ჩვენ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოების შედეგად შევძელით 700 მლნ ლარის დაზოგვა. ეს ნაწილობრივ მოხერხდა კადრების ოპტიმიზაციის შედეგად და ამ კუთხით სახელმწიფო საწარმოებში ყოველწლიურად დაიზოგება მინიმუმ 60 მლნ ლარი, თუმცა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, ხარჯების ოპტიმიზაციის ნაწილში ჩვენ მოვახერხეთ დამატებით 600 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა, მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში. ეს მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში, თუმცა, სხვა მიმართულებითაც იყო ხარვეზები და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხარჯზე ჩვენ შევძელით ამ ხარვეზების გამოსწორება. ეკონომიკის სამინისტროს სახით თქვენ გყავთ ძლიერი და გულისხმიერი პარტნიორი და ნებისმიერ საკითხზე თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სამინისტროს, პირადად მინისტრს და დარწმუნებული ვარ, ყველა საკითხი მაქსიმალურად სწრაფად გადაიჭრება.

 

იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, რომელიც წარმოებდა უცხოურ კომპანიებთან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ორი-სამი თვის განმავლობაში ყველა ეს მოლაპარაკება დასრულდა მაქსიმალური სარგებლით ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამისათვის ქალბატონ მინისტრს მინდა განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზე, რომლებზეც საჯაროდ მოგვიანებით ვისაუბრებთ და ეს ახალი ინიციატივებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარების კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ლაშა ხუციშვილს, ჩვენი ეკონომიკური გუნდის გამორჩეულ წევრს, ბატონ დავით სონღულაშვილს, რომელიც სოფლის მეურნეობას უძღვება და რეგიონული მიმართულებით მომუშავე ჩვენს მინისტრებს, ბატონ რეზი სოხაძეს, ბატონ კახა გულედანს“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებითაც გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით და ტენდენციებით შესაძლებელია  საუბარი  საშუალოვადიან პერსპექტივაში სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრაზე ქვეყანაში.  

„ამ  შედეგებს აქვს კონკრეტული საფუძველი. ჩვენ გვაქვს ძალიან მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს სათანადო ლიბერალური საგადასახადო სისტემა,  ბიზნესი არის თავისუფალი, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლიდან მოყოლებული და სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბიზნესს აღმოუჩინოს ყველანაირი მხარდაჭერა. 
ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მენეჯმენტი და ვფიქრობ, რომ მენეჯმენტიც არის უზრუნველყოფილი  მაღალ დონეზე შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებში“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის არაერთი დარგი, სადაც კიდვე უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, მაგალითად ენერგეტიკა.

 

„ენერგეტიკის სფეროში გვქონდა გარკვეული ტემპის შენელება, ასეთი ტენდენციები დაფიქსირდა რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა იმ ზომების შედეგად, რომელიც უკვე მივიღეთ, ვფიქრობთ, მომდევნო წლების განმავლობაში ენერგეტიკის განვითარება მაქსიმალურად დაჩქარდება. იყო არასწორი პრაქტიკა ბევრი მიმართულებით ჩამოყალიბებული, მათ შორის მთავარი პრობლემა იყო ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა, თუმცა არა მხოლოდ, ბევრი მიმართულებით იყო პრობლემები. გპირდებით, რომ ყველა ამ პრობლემას მოვაგვარებთ, შესაბამისად ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიებს, ექნებათ მაქსიმალური კომფორტი შექმნილი იმისათვის, რომ მათ წარმატებით განახორციელონ შესაბამისი პროექტები. 

 

ჩვენი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარება. მიუხედავად იმისა, რომ ვართ პირველ პოზიციაზე რეგიონში და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ვფიქრობთ, რომ არსებობს ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარების პოტენციალი და ამისათვის გაკავეთებთ მაქსიმუმს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო კავშირების განვითარებაზეც.

 

„ძალიან საინტერესო ვიზიტი შედგა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სადაც გვქონდა საუბარი არაერთ ძალიან საინტერესო ერთობლივ პროექტზე, რაზეც უკვე პრაქტიკულად დაწყებულია მუშაობა. უკვე შეთანხმებული ვართ 6,6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებაზე EMAAR ჯგუფის მიერ, Eagle Hills-ის მიერ საქართველოში, რაც ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს. თუმცა სხვა მიმართულებითაც არაერთი საინტერესო ინიციატივა განვიხილეთ ჩვენს პარტნიორებთან. ვფიქრობთ, ძალიან ბევრი მიმართულებით შედგება წარმატებული თანამშრომლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაუმჭვირვალე გარე დაფინანსება აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივებაში, „გამჭვირვალობის კანონის“ საშუალებით მოხდა მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფა და ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება. 

 

„რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სტაბილურობას და ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი პოლიტიკური სტაბილურობა, პოლიტიკური სიმშვიდე და ამისათვის ბევრი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში. მათ შორის მოკლევადიან არასტაბილურობად დაუჯდა გარკვეული ნაბიჯები ჩვენს ქვეყანას, თუმცა საბოლოო ჯამში, სწორედ ამ ნაბიჯებმა მოგვცა ვითარების თვისებრივად დასტაბილურების საშუალება. მათ შორის ძალიან დაგვეხმარა „გამჭვირვალობის კანონი“ მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებაში. სამწუხაროდ, გაუმჭვირვალე გარე დაფინანსება აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივებაში. სწორედ ამ კანონმა მოგვცა საშუალება, რომ დღეს პოლარიზაციის ხარისხი არის შემცირებული და რადიკალურ ძალებს აღარ აქვთ საკუთარი დღის წესრიგის წარმატებით რეალიზების საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით,  ასევე, მნიშვნელოვანია შესრულებული პროექტების ხარისხის გაუმჯობესება.

 

„ინფრასტრუქტურის მიმართულებით იყო სერიოზული, მნიშვნელოვანი ხარვეზები. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებიც არიან ჩართულები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ იქნება უზრუნველყოფილი სრულიად სამართლიანი კონკურენცია, რამაც უნდა უზრუნველყოს როგორც ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესება, ასევე, მნიშვნელოვანია შესრულებული პროექტების ხარისხის გაუმჯობესება. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ რეზი სოხაძეს, იმისათვის, რომ მაქსიმუმს აკეთებს ამისათვის“, - განაცხადა პრემიერმა.