ვამაყობთ შესანიშნავი თანამშრომლობით, ძლიერი პარტნიორობითა და საერთო ღირებულებებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში აცხადებს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მსოფლიოში არსად უნახავთ ისეთი წინსვლა, რასაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია, რაც შთამბეჭდავი ცვლილებებით გამოიხატა.
„მე ორჯერ ვიყავი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში: პირველად ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტით, შემდეგ კი EMAAR ჯგუფის 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთვის. ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, რაც წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მინიმუმ 1.5%-ს შეადგენს. მოუთმენლად ველით ამ პროექტის განვითარებას, განსაკუთრებით თბილისისა და ბათუმის გარშემო. ვამაყობთ შესანიშნავი თანამშრომლობით, ძლიერი პარტნიორობითა და საერთო ღირებულებებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. შეთანხმება ჩვენს კავშირებს აძლიერებს და არაბთა გაერთიანებული საამიროები შესანიშნავი მაგალითია იმ ქვეყნისა, რომლისგანაც შეგვიძლია ვისწავლოთ.
მსოფლიოში არსად უნახავთ ისეთი წინსვლა, რასაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია, რაც შთამბეჭდავი ცვლილებებით გამოიხატა. მსგავსი პროგრესის მისაღწევად ჩვენ კარგად უნდა შევისწავლოთ მათ მიერ განხორციელებული რეფორმებისა და ცვლილებების ძირითადი საყრდენები. მადლიერები ვართ მათთან შესანიშნავი თანამშრომლობისთვის. უმნიშვნელოვანესია მათი პროგრესის ყველა ასპექტის შესწავლა, არაბთა გაერთიანებული საამიროების შესანიშნავი ლიდერობის გათვალისწინებით, რომელმაც წარმატებით განახორციელა თავისი ეროვნული ხედვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები ღრმად არიან ერთგულნი თავიანთი ხალხის მიმართ და დაუღალავად მუშაობენ ქვეყნის განვითარებისთვის. მათგან უნდა ვისწავლოთ.
კვლავაც ენთუზიაზმით ვუჭერთ მხარს ჩვენს თანამშრომლობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინტერესი არსებობს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ინვესტიციების მიმართ. ტურიზმი საქართველოს განვითარების მნიშვნელოვანი სფეროა და გვიხარია, რომ ეს რიცხვები მუდმივად იზრდება. სხვადასხვა სექტორში ვთანამშრომლობთ წინსვლის მისაღწევად და მუშაობას ვაგრძელებთ გაუმჯობესების მიმართულებით“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში გაორმაგდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ).
„2020 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით 4 250 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წლისთვის ის დაახლოებით 9 000 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ვალდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ ეს დადებითი ეკონომიკური ტრაექტორია. ეს ზრდა დადებითად მოქმედებს ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე, დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე გავაუმჯობესეთ დასაქმების მაჩვენებელი, სულ 190 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. საქართველოში, რომლის მოსახლეობა 3.7 მილიონია, ეს დასაქმების თვალსაზრისით დადებით ტენდენციას ასახავს.
ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ სხვა პრიორიტეტებიც გვაქვს, რომლებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როგორიცაა საქართველოს საერთაშორისო პოზიციის გაძლიერება და პარტნიორობის დამყარება. მრავალ ვიზიტს ვახორციელებთ მეზობელ ქვეყნებში და ფართო რეგიონში. ეს ვიზიტები ხელს უწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას და საქართველოს, როგორც ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი ცენტრის, როლის გაძლიერებას“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ რომელი სექტორები იძლევა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საუკეთესო შესაძლებლობას.
„ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო აქტივობების უზარმაზარი პერსპექტივა არსებობს, ძირითადად ჰიდრო, ქარის და მზის ენერგიაზე. საქართველო მდიდარია ამ რესურსებით და ჩვენ მკაფიო გეგმა გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ელექტროენერგიის სიმძლავრეები სტაბილურად გავზარდოთ რვა გიგავატამდე, ხოლო 2030 წლისთვის ათ გიგავატამდე. ეს იმას უზრუნველყოფს, რომ საქართველო ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით თვითკმარი გახდება, ხოლო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საშუალებას მოგვცემს, ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპის ქვეყნებში განვახორციელოთ და საქართველო ციფრულ ცენტრად ვაქციოთ. ინვესტიციებისთვის სხვა ხელსაყრელ სექტორებს შორისაა ტურიზმი და სოფლის მეურნეობა, რომლებიც ეკონომიკის ტრადიციული საყრდენებია. უძრავი ქონებაც მზარდია საქართველოს ეკონომიკაში. ამავდროულად, 2021 წლიდან სწრაფი ზრდა შეინიშნება ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში და ჩვენ გვსურს, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკის ეს დარგი. ყველა ამ სექტორს მოვიცავთ ჩვენს ხედვაში და ორიენტირებულები ვართ მიღწეული წინსვლის შენარჩუნებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
„ძალიან ლიბერალური ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკა გვაქვს. საქართველოში ხელსაყრელი გარემოა ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ხელისუფლება ძალას არ იშურებს ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად, ვახორციელებთ ინვესტიციებს საქართველოს დაკავშირებადობის უნარის გაძლიერებაში, რაც ჩვენი კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ზრდის ჩვენი დამაკავშირებელი ფუნქციის სიძლიერეს და ჩვენ მას ვიყენებთ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად. გვსურს, რომ საქართველოს ეს ფუნქცია გავაძლიეროთ შუა დერეფნის კონტექსტში.
ამ მიზნით, დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში. ვაშენებთ ახალ მაგისტრალებს, რომლებიც მთელ ქვეყანას მოიცავს. წლის ბოლომდე დასრულდება თბილისიდან აჭარამდე ავტომაგისტრალის მშენებლობა. იგეგმება, მაგისტრალების მშენებლობა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე გაგრძელდეს,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, ინვესტიციები ხორციელდება რკინიგზისა და აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
„ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზისა და აეროპორტების ინფრასტრუქტურაში და მალე დავიწყებთ ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას თბილისში. თბილისის ამჟამინდელი აეროპორტი, დაახლოებით, 4 მლნ მგზავრზეა გათვლილი, ხოლო ახალი აეროპორტი 18 მლნ მგზავრს მოემსახურება. საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად, სტაბილურად იზრდება და ახალი აეროპორტი ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ჩვენი მიზანია, საქართველო იქცეს რეგიონის ცენტრად როგორც ტურიზმის, ისე სხვა მიმართულებებით. ასევე ვაფართოებთ ქვეყანაში სიდიდით მეორე აეროპორტის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობებს. ამისთვის შემუშავებული გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომლებიც გასულ წელს დაიწყო. საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურა ინვესტიციებისთვის კიდევ ერთი პრიორიტეტია, ვგეგმავთ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას ანაკლიაში, შავ ზღვაზე. თბილისის მშრალმა პორტმაც წარმატებით დაიწყო ფუნქციონირება,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა მთავარი პრიორიტეტებია.
„საქართველო ლამაზი ქვეყანაა, რომელიც პოპულარიზაციას იმსახურებს. ძალიან ღია ქვეყანა ვართ ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის და ნებისმიერი სტუმრისთვის. მათ ყოველთვის მივესალმებით საქართველოში, იქნება ეს დასასვენებლად თუ ინვესტირებისთვის. მათ არა როგორც ტურისტებს ან ბიზნესმენებს ეპყრობიან, არამედ როგორც სტუმრებს და ეს ყოველთვის ასე იქნება. სტუმართმოყვარეობა ქართული კულტურის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია და ჩვენ ამით ვამაყობთ“, - აცხადებს ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქვეყანა ინარჩუნებს კორუფციის დაბალ დონეს და ცდილობს, კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს საინვესტიციო კლიმატი.
„კარგად ვახერხებთ კორუფციის დაბალი დონის შენარჩუნებას და სხვადასხვა ინდექსის მიხედვით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს. ყველა ეს პირობა ქმნის შესაბამის სივრცეს პოტენციური ინვესტორებისთვის ბიზნესსაქმიანობის განსახორციელებლად. რეგულარულად ვავითარებთ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს, რათა სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიზიდოთ ინვესტორები. საქართველო ხელსაყრელ და მომგებიან გარემოს უზრუნველყოფს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად. შესაძლებლობები მორგებული გვაქვს ისეთი სექტორების მოთხოვნებზე, რომლებიც დაბეგვრის დაბალი განაკვეთით სარგებლობენ, როგორიცაა, მაგალითად, ინფორმაციული ტექნოლოგიები.
ასევე, ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი საინვესტიციო კლიმატი. საქართველოს კონსტიტუციაში გვაქვს დათქმა, რომლითაც გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის გარეშე არ შეიძლება. აქამდე არც ერთი რეფერენდუმი არ ჩატარებულა, რაც მყარ სტაბილურობაზე და ინვესტორებისთვის უსაფრთხო გარემოზე მეტყველებს. ეს დათქმა ასევე არწმუნებს ინვესტორებს, რომ არსებული გადასახადების განაკვეთის ზრდა ან ახალი გადასახადის შემოღება კენჭისყრის გარეშე არ მოხდება. ასევე, მთავრობა ინვესტორების მიმართ მეგობრულად არის განწყობილი და ხშირად ვხვდებით როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ ინვესტორებს. მათთვის ადვილია მთავრობის წარმომადგენლებთან კონტაქტის დამყარება. კარგი პირობები შევქმენით საქართველოში სხვადასხვა ტიპის ბიზნესის განვითარებისთვის,“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.