რატომ ეცემა ოქროს და ვერცხლის ღირებულება?

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი მკვეთრად ეცემა. ერთკვირიან პერიოდში კორექციის მაჩვენებელი 7.5%-ს აღწევს, რაც უნციაზე 450-დოლარიან კლებას ნიშნავს, ეს კი ბოლო ათწლეულის ყველაზე ცუდი შედეგია ასეთ მოკლე დროში. ამჟამად უნცია მეტალის ფასი 3,920 დოლარს შეადგენს, რაც, კორექციის მიუხედავად, წლიურად მაინც 41%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ასევე, კლების დინამიკა შეინიშნება ვერცხლთან მიმართებითაც, რომელიც თითქმის 10%-ით არის გაუფასურებული.

ამჟამად კლების მიზეზი აშშ-ჩინეთის პოტენციური შეთანხმების მიღწევაა, რაც გეოპოლიტიკურ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს და ინვესტორების ყურადღებას საფონდო ბირჟისკენ მიმართავს.

თუკი კაპიტალის გადინების დინამიკას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ გაყიდული ოქროდან მიღებული თანხით ინვესტორები კომპანიების აქციებს ყიდულობენ, რაც მათი რეკორდული ზრდით არის განპირობებული.

ამასთან, ინვესტორები და ექსპერტები ფიქრობენ, რომ ოქროს შეფასება ზედმეტად მაღალ ნიშნულზეა და მისი დამატებით ზრდა უახლოეს მომავალში აღარ არის მოსალოდნელი. ამ მოსაზრებას იზიარებენ უოლ-სტრიტის ანალიტიკოსებიც, რომლებმაც ოქროს და ვერცხლის მიმართ პროგნოზები ნეგატიური მიმართულებით შეცვალეს.