„იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას - პრემიერი

„იგლ ჰილსი“ რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს კრწანისში და გონიოში - ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი, 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქართული ეკონომიკის განვითარებას სრულიად ახალ სტიმულს მისცემს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე სხვადასხვა სახით პირდაპირ აისახება.

„მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან - „იგლ ჰილსი“ რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს კრწანისში და გონიოში. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი, 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქართული ეკონომიკის განვითარებას სრულიად ახალ სტიმულს მისცემს. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 16 000 საცხოვრებელი სახლის ან ბინის მშენებლობას; სასტუმროების მშენებლობას 1 400-ზე მეტი სასტუმრო ნომრითა და აპარტამენტით; საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული და სხვა კომერციული სივრცეების მშენებლობას. რაც მთავარია, პროექტი პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე სხვადასხვა სახით. პირველი - დასაქმება - „იგლ ჰილსის“ პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24 ათასზე მეტ, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ - 8 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანიის პოლიტიკის თანახმად, პროექტის უშუალო განხორციელებას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები, რაც ქვეყანაში ბიზნესსექტორის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს;

მეორე - ეკონომიკური ზრდა - პროექტის მხოლოდ პირდაპირი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება დაახლოებით 11 მილიარდი ლარი;

მესამე - სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა - მშენებლობის დაწყების დღიდან, ყოველწლიურად ბიუჯეტში გადასახადების სახით შევა საშუალოდ სულ მცირე 500 მილიონი ლარი. გარდა ამისა, ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფოს პროექტის მოგებიდან დარჩება 33%, რაც საქართველოს ბიუჯეტს 10 წლის მანძილზე დამატებით სულ მცირე 2 მილიარდ ლარს მოუტანს, ეს კი წელიწადში საშუალოდ 200 მილიონი ლარია. გარდა ამისა, „იგლ ჰილსის“ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, ახალი ტურისტული პროდუქტების, ტურისტებისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას, რაც განსაკუთრებით აჭარის რეგიონს დაეხმარება, გახდეს 4-სეზონიანი ტურისტული მიმართულება“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის შეფასებით, მთლიანად სიცრუეზეა აგებული ის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა ამ უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ წამოიწყეს.

 

„ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ამ მასშტაბის სტიმულირება სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის. რაც უფრო ძლიერი და დამოუკიდებელია სახელმწიფო ეკონომიკური თვალსაზრისით, მით უფრო რთულია მისი დამოუკიდებლობის შერყევა. სწორედ ამას უკავშირდება ის სიცრუეზე აგებული, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა და მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ამ უპრეცედენტო და უნაკლო საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ წამოიწყეს. მათი კამპანიის თითოეული პუნქტი ყალბია და მთლიანად სიცრუეზეა აგებული. კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ შენდება ორი არაბული ქალაქი და იწყება საქართველოს „არაბიზაცია“. ამ თეზისს სერიოზულ პასუხს არ გავცემდი, რომ არ მენახა რამდენიმე პატივსაცემი ადამიანის განცხადება, რომელმაც ეს გზავნილები, სამწუხაროდ, დამაჯერებლად აღიქვა. წუხილი შესაძლო მიგრაციასთან დაკავშირებით სრულიად გასაგებია და ამიტომ, აუცილებლად მიმაჩნია, „არაბიზაციის“ მითის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია გავუზიარო. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. სულ გათვალისწინებულია 16 000 საცხოვრებელი სახლისა და ბინის მშენებლობა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აქედან 60 პროცენტიც რომ იყიდონ, ეს ნიშნავს, რომ მათზე სულ 9 600 ბინა გაიყიდება, როცა გასული 4 წლის განმავლობაში უცხოელებმა საქართველოში 60 ათასზე მეტი ბინა შეიძინეს, ამას კი საქართველოსთვის არავითარი დემოგრაფიული პრობლემა არ შეუქმნია და არც შექმნის. ამ მარტივი სტატისტიკიდანაც კი ჩანს, თუ რამდენად ყალბია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტი საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნის. აქვე უნდა ითქვას, რომ უცხოელ მყიდველებს არ მიენიჭება არავითარი სპეციალური შეღავათები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების თვალსაზრისით. „იგლ ჰილსის“ ხელმძღვანელის განცხადება იმის შესახებ, რომ ის ბინების 60 პროცენტის გაყიდვას საერთაშორისო მყიდველებზე ვარაუდობს, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ კომპანიას აქვს კარგად აწყობილი გაყიდვების ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა, საქართველოში ეკონომიკის სწრაფი ზრდისა და იმის გათვალისწინებით, რომ „იგლ ჰილსის“ საფასო პოლიტიკა არა მხოლოდ მაღალი, არამედ საშუალო სეგმენტის ქართველ მყიდველსაც მისცემს სახლის ან ბინის შეძენის შესაძლებლობას, ჩვენი საფუძვლიანი ვარაუდით, ქართველი მყიდველების რაოდენობა 50 პროცენტს ბევრად გადააჭარბებს“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არავითარი ქართული მიწა არავის არ გადაეცემა.

 

„კამპანიის ინიციატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ქართულ მიწას უცხოტომელებს გადასცემს: როგორც მოგეხსენებათ, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც უცხოელებზე და უცხოურ კომპანიებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას კრძალავს. გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით. რაც შეეხება კრწანისისა და გონიოს მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო მოცულობა 850 ჰექტარია, პროექტით გათვალისწინებულია მათი გამოყენება მხოლოდ დეველოპერული მიზნებისთვის და ამ მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ სახელმწიფო რჩება. შესაბამისად, არავითარი ქართული მიწა არავის არ გადაეცემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, მსხვილი ინვესტიციის ჩადებაა დაგეგმილი გონიოს იახტ-მარინას, ასევე კომერციული და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობასა და განვითარებაში.

„კამპანიაში ჩართული პირები აცხადებენ, რომ შენდება მილიონი კვადრატული მეტრი და ამ მასშტაბის მშენებლობა 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას არ საჭიროებს. ეს თეზისი იმთავითვე ტყუილზეა აგებული, რადგან კრწანისსა და გონიოში 850 ჰექტარ მიწაზე სინამდვილეში არა მილიონი, არამედ 2.4 მილიონი კვადრატული მეტრის მშენებლობაა დაგეგმილი. საცხოვრებელი სივრცეები უმაღლესი სტანდარტებით შენდება და ის მყიდველს უმაღლესი სტანდარტის რემონტით ბარდება. ამასთან, საცხოვრებელი სივრცეები პროექტის დაახლოებით ნახევარს შეადგენს, მეორე ნახევარი კი კომერციულ სივრცეებს ეთმობა, რომლის მშენებლობის ღირებულება ერთ კვადრატულ მეტრზე გაცილებით მაღალია. მსხვილი ინვესტიციის ჩადებაა დაგეგმილი გონიოს იახტ-მარინას, ასევე კომერციული და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობასა და განვითარებაში. კრწანისის ტყე-პარკს, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია და რომლის რეაბილიტაცია სახელმწიფოს 150 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდებოდა, ახალი მწვანე სივრცეები დაემატება. მთლიანობაში, ეს არ არის სტანდარტული დეველოპერული პროექტი, რომლის ფარგლებში სტანდარტული კორპუსები შენდება და ბინები იყიდება. კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს. ასეთ პირობებში, საქმეში ჩახედული ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება, რომ ინვესტიციის ჯამი აბსოლუტურად რეალურ გაანგარიშებაზეა დაფუძნებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 პრემიერის თქმით, ხელისუფლება მზად არის, უპასუხოს ყველა კითხვას „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო განაშენიანების გენერალური გეგმა გამჭვირვალედ, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით დამტკიცდება.

 

„რაც შეეხება ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭებას, ეს ფაქტი ეფუძნება, ერთი მხრივ, საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკას. სახელმწიფოს არაფერი აქვს დასამალი საკუთარი მოქალაქეებისთვის და მზადაა უპასუხოს ყველა შეკითხვას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. თუმცა, ნებისმიერი კომერციული კომპანიის ინტერესებშია, საიდუმლოდ დარჩეს ხელშეკრულების დეტალები, რათა სამომავლოდ ჰქონდეს მეტი თავისუფლება სხვა პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა. როდესაც ეს ყველაფერი იცის ზოგიერთი პარტიის ბიზნესმენმა ხელმძღვანელმა და მისი პარტია ამ თემით მაინც სპეკულირებს, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ, თუ რამდენად მძიმეა უცხოელი აგენტის ხვედრი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება განაშენიანების გენერალურ გეგმას, ის დამტკიცდება ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ, გამჭვირვალედ, კანონით გათვალისწინებული ყველა სტანდარტული პროცედურის დაცვით.

 

მინდა შეგახსენოთ 3 წლის წინ გაშლილი ყალბი ქსენოფობიური კამპანია საქართველოს „რუსიფიკაციისა“ და ეროვნული უსაფრთხოების შერყევის შესახებ. მაშინ მოსახლეობას ვუთხარით, რომ ყველაფერი სახელმწიფოს კონტროლს ექვემდებარებოდა და დავპირდით, რომ არც საქართველოს „რუსიფიკაცია“ მოხდებოდა და არც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეექმნებოდა რაიმე საფრთხე. დღეს, 3 წლის თავზე, ყველა ხედავს, რომ უცხოელი აგენტების ყალბ შფოთვას, რომლითაც მათ მაშინ საკმაოდ ბევრი კეთილსინდისიერი მოქალაქე შეიყვანეს შეცდომაში, სინამდვილეში, არავითარი საფუძველი არ ჰქონდა და ხელისუფლებამ თავისი დაპირება პირნათლად შეასრულა.

 

დღესაც ზუსტად იგივეს ვპირდებით ჩვენს თანამოქალაქეებს. ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერის თქმით, პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას.

 

„ერთი მხრივ არავითარი „არაბიზაცია“, არავითარი მიწის გადაცემა უცხოტომელებისთვის, არავითარი მანიპულაციები ინვესტიციის გაანგარიშებისას. მეორე მხრივ - 24 000 ათასი დროებითი და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი, დამატებით 11 მილიარდი საქართველოს ეკონომიკაში, წელიწადში დამატებით 700 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში, უმაღლესი სტანდარტების განაშენიანებული სივრცეები კრწანისსა და გონიოში, ახალი შესაძლებლობები ტურიზმის განვითარებისთვის, არავითარი ფინანსური ვალდებულება, ფინანსური გარანტია ან არასტანდარტული პირობა პარტნიორ კომპანიასთან მიმართებით, სტიმული სხვა მსხვილი კომპანიებისთვის, ჩადონ მასშტაბური ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში. როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ამხელა ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ ასე აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ. თუმცა, მთავარია სიმართლე და ვფიქრობ, ასეთ პირობებში, ხელისუფლების და თითოეული ინფორმირებული მოქალაქის არჩევანი ძალიან მარტივია. ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება საქართველოსთვის და ქართველების უკეთესი მომავალისთვის. პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა პრემიერმა.