"არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება" - ირაკლი კობახიძე EAGLE HILLS-ის პროექტზე

Emaar/Eagle Hills-ი არის ე.წ დუბაის სასწაულის შემოქმედი, სწორედ Emaar-ის და Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, რამდენჯერმე გაიზარდა დუბაის არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საერთო ეკონომიკური პოტენციალიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც.

„საუბარია ასეთი ტიპის კომპანიაზე, რომელსაც ძალიან მძიმე, მათ შორის ბიზნესწარსულის და პოლიტიკური წარსულის ადამიანები უწუნებენ რეპუტაციას. საზოგადოებისთვის ალბათ ყველაფერი ნათელია ამასთან დაკავშირებით. როდესაც გაივლით დუბაის ცენტრში, ნახავთ, რომ სწორედ ამ კომპანიის აშენებულია შენობების დაახლოებით 80%. მათ შორისაა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა. გასაგებია, როგორიც არის ამ კომპანიის საერთაშორისო რეპუტაცია, თუმცა, აქაც კი ახერხებენ ამ საინვესტიციო პროექტის ოპონენტები, რეპუტაცია დაუწუნონ კომპანია Emaar-ს და Eagle Hills-ს. გარდა იმისა, რომ ეს კომპანია არის დუბაის სასწაულის უშუალო შემოქმედი, მას წარმატებით აქვს განხორციელებული პროექტები არაერთ სხვა ქვეყანაში და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ინვესტორი იღებს ვალდებულებას, სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი.

„მხარეების ვალდებულებებთან დაკავშირებით საზოგადოებას უკვე გავაცანით დეტალური ინფორმაცია. პირველ რიგში, ფუძნდება ერთობლივი კომპანია, წილის მესამედი ეკუთვნის ამ კომპანიაში საქართველოს სახელმწიფოს, ორი მესამედი ეკუთვნის კომპანია Eagle Hills-ს. აქ, ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას, როდესაც საქმე ეხება ურთიერთობებს და ვალდებულებებს, საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის სასარგებლოდ. ქართული სახელმწიფო მთლიანად არის დაცლილი ვალდებულებებისგან. ჩვენ შევდივართ მიწით, მიწის ნაკვეთებით, ამ პროექტში და სახელმწიფოს არ აქვს არავითარი ვალდებულება, მათ შორის, არავითარი გარანტიის ვალდებულება პარტნიორი კომპანიის  მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მთლიანად ხელშეკრულების შინაარსზე შევიქმნათ საერთო წარმოდგენა. 
რაც შეეხება ინვესტორის ვალდებულებას, ინვესტორი იღებს ვალდებულებას, სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი. ვალდებულებები მთლიანად არის პარტნიორი კომპანიის მხარეს. კიდევ ერთხელ, არავითარი ვალდებულებები, არავითარი ფინანსური გარანტია და არავითარი სპეციალური პირობები პარტნიორი კომპანიისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საუბარია ხელშეკრულების შინაარსის გამჭვირვალობაზე“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე ოპონენტების მხრიდან მრავალი სპეკულაციური განცხადება გაკეთდა.

„ათასი სპეკულაციური განცხადება მოვისმინეთ, თითქოს თბილისი დაკარგავს თავის ფილტვებს და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია, მკაფიოდ განვუმარტოთ საზოგადოებას, რომ არათუ არ შემცირდება გამწვანების არეალი, პირიქით, გაიზრდება მწვანე სივრცეების მოცულობა კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ. რაც შეეხება გონიოს, გონიო საერთოდ არ არის გამწვანებული და ის სივრცე, სადაც არ არის მწვანე ნარგავები დღეს, გამწვანდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოეწყობა. აქედან გამომდინარე, არათუ არ შემცირდება მწვანე სივრცეების მოცულობა გონიოში და კრწანისში, არამედ პირიქით, ეს სივრცეები გაიზრდება. რაც შეეხება კრწანისის ტყე-პარკს, რომელსაც ჰყავდა ძალიან ცოტა სტუმარი, ტყე-პარკში 90-იანი წლებიდან მოყოლებული შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე. ტყე-პარკი ისედაც საჭიროებდა რეაბილიტაციას, თბილისის მერიას ჰქონდა წინასწარი გაანგარიშება რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის და სავარაუდო ღირებულება იქნებოდა 158 მილიონი ლარი, რაც უნდა დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რეალურად, რაც უნდა დაეხარჯა ბიუჯეტს, იმას გააკეთებს კომპანია იგლ ჰილსი იმ პროექტის ფარგლებში, რომელთან დაკავშირებითაც საინვესტიციო ხელშეკრულება დაიდო. არათუ არსებულის რეაბილიტაცია განხორციელდება, ამ სივრცეს დაემატება ახალი მწვანე სივრცეები და თუ ადრე ძალიან ცოტა თბილისელი და ჩვენი თანამოქალაქე სტუმრობდა კრწანისის ტყე-პარკს, ეს სივრცე იქნება ღია ჩვენი ყველა თანამოქალაქისთვის და ესეც მნიშვნელოვანი ასპექტია. დღევანდელი მდგომარეობის ნაცვლად, იქ მისვლა იქნება ძალიან სასიამოვნო თითოეული თბილისელისთვის და ესეც იქნება ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი გვერდითი ეფექტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, გარემოს ეროვნული სააგენტო და სხვა შესაბამისი უწყებები ასევე განახორციელებენ პროექტის სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას და აქაც დაცული იქნება კანონით დაცული შესაბამისი პროცედურები, მათ შორის საჯარო განხილვების კუთხით.

„ამიტომ, ეკოლოგიის ნაწილშიც ყველანაირად იქნება უზრუნველყოფილი სახელმწიფო ინტერესების დაცვა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს მიწები შეიძლება მხოლოდ ერთადერთი დანიშნულებით იყოს გამოყენებული და ეს არის უშუალოდ კონკრეტული დეველოპერული პროექტის განხორციელება.

„ესეც არის გარანტირებული იმ ხელშეკრულებით, რომელიც დადებულია სახელმწიფოსა და EAGLE HILLS-ს შორის. ორივე ნაკვეთი არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელსაც მშენებლობის დასრულების შემდეგ, ავტონომიური დატვირთვა აღარ ექნება და ეს მიწა იქნება დამაგრებული შესაბამის შენობა-ნაგებობებზე. ანუ, ცალკე მიწას ავტონომიური დატვირთვა აღარ ექნება იმიტომ, რომ ეს არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ერთ-ერთი მესიჯია ამ  პროექტის ოპონენტების ის, რომ ქართული მიწა იყიდება უცხოელებზე. ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება. ძალიან მარტივია აქ გზავნილი, რომელიც შეგვიძლია, საზოგადოებას გავუზიაროთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

პრემიერის თქმით, არავითარი არსებითი პუნქტი აღნიშნული ხელშეკრულებიდან საზოგადოებისთვის უცნობი არ არის.

 

„მე მინდა, გთხოვოთ პარლამენტარებს - თეორიულად წარმოიდგინეთ რაიმე პუნქტი, რაც შეიძლება იყოს შეტანილი ამ ხელშეკრულებაში და რომელთან დაკავშირებითაც გსურთ ინფორმაციის მიღება. ერთ-ერთი ასეთი თეორიული საკითხი წამოჭრა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა, მან ეჭვი გამოთქვა, რომ მეჩეთების აშენებაა გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით. თუნდაც ასეთი თეორიული კითხვები შეგიძლიათ დასვათ, ხომ არ არის რაიმე ასეთი ჩადებული ხელშეკრულებაში და როგორც მეჩეთების შემთხვევაში შეგვიძლია განვმარტოთ, რომ, რა თქმა უნდა, არავითარი მეჩეთების აშენება არაა გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, გიპასუხებთ. მეტიც, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ არავითარი არაკომერციული შინაარსის პუნქტი არაა შეტანილი ხელშეკრულებაში. იგივე ავიღოთ მეჩეთები, ან თუნდაც შეღავათები უცხოელი მყიდველებისთვის. არავითარ შეღავათებს არ ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება, მათ შორის, ბინადრობის ნებართვის გაცემის კუთხით. მით უმეტეს, არავითარი დისკრიმინაციული პუნქტები არ არის შეტანილი საქართველოს მოქალაქეების საზიანოდ. მაგალითად, არ წერია, აქ ვინ შეიძლება იყოს დასაქმებული, მყიდველი და ა.შ. ეს ყველაფერი დარეგულირდება შესაბამისი საბაზრო ურთიერთობებით, ისევე, როგორც ეს ხდება ხოლმე სხვა ინვესტიციების შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერი თეორიული კითხვა დასვათ, თუ არის რაიმე თეორიული პუნქტი, რაც შეიძლება იყოს შეტანილი ამ ხელშეკრულებაში, რომელიც შესაძლოა, თქვენი აზრით იყოს საზიანო სახელმწიფოსთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და მარტივად გიპასუხებთ. ყველა არსებითი საკითხი, რაც არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებაში, საზოგადოებისთვის არის ცნობილი და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან, ეს ინფორმაცია პირადად მეც გავუზიარე საზოგადოებას,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისმის ათასგვარი სპეკულაციები, პოლიტიკური პარტიების  სხვადასხვა წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ტერიტორია ქვეყანა მონაკოზე 4-ჯერ მეტია.

 

„არ ვიცი, ვისზე შეიძლება, იმოქმედო ასეთი სპეკულაციური განცხადებებით. ყველას კარგად მოეხსენება საქართველოში, რომ მონაკო არის ე.წ. ჯუჯა სახელმწიფო, ასე უწოდებენ ამ ქვეყნებს და მათ შორისაც არის ყველაზე პატარა სახელმწიფო. სინამდვილეში ეს არის ძალიან პატარა ქალაქი და შედარება მონაკოს ტერიტორიასთან არის ცალსახად სპეკულაციური. არასპეკულაციურად რომ დაგანახოთ, რა არის მაგალითად, კრწანისის წილი თბილისის ფართობთან მიმართებით - 120-ჯერ ნაკლები ტერიტორიაა თბილისის ფართობთან შედარებით. სპეკულაციებს ჩვენ უნდა მოვერიდოთ და ყველას მოვუწოდებთ, ჩვენს ოპონენტებს, რომ ასეთი მარტივი სპეკულაციებით ნუ ეცდებიან არასწორი აღქმები შექმნან მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის შესვლას ამა თუ იმ სახელმწიფოში.

 

„ჩემთვის პატივია, წარვდგე თქვენს წინაშე ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში და გავცე პასუხი იმ აქტუალურ შეკითხვებს, რომელიც დაკავშირებულია ორ მნიშვნელოვან თემასთან. ამ თემების მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ფორმატშიც გვექნება ამ საკითხებზე მსჯელობის საშუალება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ შეკითხვის ავტორებს ამ ორი თემის წინ წამოწევისთვის. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მზაობას, რომ დისკუსიის ფარგლებშიც, ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ ორივე საკითხთან დაკავშირებით. შევეცდები, მაქსიმალურად ამომწურავად გავცე პასუხი თითოეულ დასმულ შეკითხვას.

 

პირველ რიგში, შევეხები თემას, რომელთან დაკავშირებითაც გაშლილია ფართო პოლიტიკური დისკუსია. ერთი შეკითხვის ფარგლებშია დასმული რამდენიმე ქვე შეკითხვაც, რომელსაც სათითაოდ გავცემ პასუხს.

 

რაც შეეხება ხელშეკრულების არსს და შინაარსს, ხელშეკრულებას ჰყავს ორი მხარე - ეს არის საქართველოს მთავრობა, ქართული სახელმწიფო და მეორე მხარეს არის კომპანია Eagle Hills-ი, რომელიც მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიაა. საქართველოს მთავრობის, სახელმწიფოს წილი საერთო კომპანიაში არის 33,3%, ხოლო Eagle Hills-ის წილი არის 66,7%. რაც შეეხება ამ კომპანიის საერთაშორისო რეპუტაციას, ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. ამ კომპანიას უწუნებენ რეპუტაციას, თუმცა, ამ თემის შესახებ მე ხშირად მისაუბრია  უცხოელ ბიზნესმენებთან, პოტენციურ ინვესტორებთან და ყველა გამოხატავს განსაკუთრებულ ინტერესს ამ ინვესტიციის მიმართ. ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის შესვლას ამა თუ იმ სახელმწიფოში. ამას აქვს კონკრეტული მიზეზი - როდესაც ასეთი კომპანია შედის  კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორისთვის, რომ სახელმწიფოში არის ჩამოყალიბებული მაღალი დონის საინვესტიციო გარემო. შესაბამისად, Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლას ექნება თავისი შემდგომი ეფექტი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, როდესაც განაშენიანების გეგმები შევა შესაბამის საკრებულოებში განსახილველად, საზოგადოება მიიღებს სრულ ინფორმაციას იმაზე, თუ რა ტიპის დეველოპერული პროექტი განხორციელდება.

 

„რაც შეეხება უშუალოდ განაშენიანებას, რაც საინტერესო საკითხია საზოგადოებისთვის, უშუალოდ რა ტიპის დეველოპერული პროექტი განხორციელდება, როგორი იქნება სამშენებლო პროექტი. რა თქმა უნდა, შესაბამისი გეგმა, განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის საფუძველზე. მას შემდეგ, რაც შემუშავდება განაშენიანების კონკრეტული გეგმები, საზოგადოება მიიღებს სრულ ინფორმაციას იმაზე, თუ რა შენდება. ამან უნდა გაიაროს საკრებულოს პროცედურები, საჯარო განხილვები და ა.შ. შესაბამისად, ის თუ რა აშენდება და როგორ აშენდება იქნება საზოგადოებისთვის სრულად ცნობილი მოგვიანებით, როდესაც უკვე ეს გეგმები შევა შესაბამის საკრებულოებში განსახილველად,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დივიდენდის სახით სახელმწიფო მიიღებს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს. 

 

„რაც შეეხება გადასახადებს, აქაც მინდა, განვმარტო, ის, რაც საზოგადოებას განვუმარტეთ - სხვადასხვა გადასახადიდან, ეს არის მოგების, დამატებითი ღირებულების, საშემოსავლო გადასახადი - ძირითადად ეს სამი სახეობა, სახელმწიფო ბიუჯეტში შევა პროექტის განხორციელების განმავლობაში დაახლოებით  5 მილიარდი ლარი, რაც 10 წელიწადზე რომ გადავიანგარიშოთ, ეს არის მაქსიმალური ვადა, გამოდის წელიწადში 500 მილიონი ლარი. წელიწადში ნახევარი მილიარდი ლარი მარტო ამ პროექტიდან დაემატება ჩვენს ბიუჯეტს. დივიდენდს რაც შეეხება, როგორც უკვე ითქვა, დაახლოებით 2 მილიარდ ლარს ველოდებით, ეს არის თავად კომპანიის გაანგარიშებაც, ჯამური ამონაგები იქნება სუფთა, წმინდა მოგება 6 მილიარდი ლარი, საიდანაც სახელმწიფოს დარჩება ერთი მესამედი, ანუ დაახლოებით 2 მილიარდი ლარი, რაც ასევე 10 წელიწადზე მაქსიმალურზე გაანგარიშებით არის წელიწადში საშუალოდ 200 მილიონი ლარი. 

 

მარტო ერთ საინვესტიციო პროექტს ბიუჯეტში შემოაქვს წელიწადში საშუალოდ 700 მილიონი ლარი. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რამხელა დადებითი წვლილის შეტანა შეუძლია ამ შენატანს საბიუჯეტო პროექტების განხორციელებაში, მათ შორის ჩვენი სოციალური პროექტების დაფინანსებაში და ა.შ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშენებლობას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები, ეს არის კომპანია Eagle Hills-ის მიდგომა.

 

„ისინი ოპერირებენ ადგილობრივი კომპანიების მეშვეობით და ისინი გეგმავენ დააკონტრაქტონ სწორედ ქართული კომპანიები და შესაბამისად, ქართული კომპანიები მაქსიმალურად დაასაქმებენ საქართველოს მოქალაქეებს პროექტების განხორციელების დროს. ეს პრაქტიკა თავის წვლილს შეიტანს ბიზნესსექტორის განვითარებაში საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება და როგორც ხელისუფლების, ისე ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მოქალაქის ინტერესი უნდა იყოს ამ ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტი ასეთი ინვესტიციის მოზიდვა ქვეყანაში.

 

„რაც შეეხება ეკონომიკას, თქვენ იცით, რომ ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება. გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი. საშუალო მაჩვენებელი არის 9.7 % 2021 წლიდან მოყოლებული, წელსაც გვაქვს თითქმის 8 %-იანი ზრდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ტემპის შენარჩუნება. ჩვენი ეკონომიკის განვითარების დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. პირველად გადაცდება ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 000 აშშ დოლარს, პირველად ისტორიაში წელს. თუმცა ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი. დაახლოებით, 30-40 %-ით. შარშანდელი მონაცემებით სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ იყო 9.4 %, ეს ნიშნავს იმას, რომ 350 000 ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების და ნებისმიერი პასუხისმგებლობით გამსჭვალული მოქალაქის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება და ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ასეთ პირობებში, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე ტიპის საინვესტიციო პროექტზე ვთქვათ უარი, მით უმეტეს, როცა საუბარია სრულიად უნაკლო პროექტზე, რომელსაც არავითარი მინუსი არ ახლავს თან. არათუ უარი არ უნდა ვთქვათ, თავიდან ბოლომდე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები, რომ კიდევ უფრო მეტი ასეთი პროექტი მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში.

როდესაც ხედავენ ამ პროექტის ოპონენტები, რომ ჯერ კიდევ 350 000 ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, როცა ხედავენ, რომ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს და ა.შ. და როდესაც მაინც კადრულობენ სპეკულირებას ასეთი თემებით, რა თქმა უნდა, ეს მათ ღირსებაზე შესაბამისად მეტყველებს. სრულიად გასაგებია საზოგადოების მაღალი ინტერესი ამ საკითხის მიმართ და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს დისკუსია თემასთან დაკავშირებით. ამ ფორმატშიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ დისკუსიის გაგრძელება, თუ იქნება დამატებითი შეკითხვები პროექტის ამა თუ იმ ასპექტთან დაკავშირებით, მზად ვარ, რომ ყველა შეკითხვას გავცე ამომწურავი პასუხი,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ზოგადი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში აშენებული ბინების  80%-ს ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები, ხოლო უცხოეთის მოქალაქეები - 20%-ს, შესაბამისად, Eagle hills-ის პროექტშიც მაჩვენებელიც იქნება იგივე.

„დაახლოებით 16 000 ბინა ცალკე აშენდება ორივე ტერიტორიაზე. Eagle hills-ის დამფუძნებელმა, ბატონმა ალაბარმა განაცხადა, რომ ის ვარაუდობს დაახლოებით 60%-ის გაყიდვას საერთაშორისო კლიენტებზე. ეს განცხადება ეფუძნება ამ კომპანიის პრაქტიკას და იმას, რომ ამ კომპანიას კარგად აქვს აწყობილი მარკეტინგული ქსელი მსოფლიოს მასშტაბით. მან წარმოაჩინა ეს, როგორც დამატებითი ეკონომიკური ეფექტი - რაც მეტია უცხოელი მყიდველი, მით მეტია ეკონომიკაში შენატანი გარედან. თუმცა, ჩვენი მოლოდინი ცოტა განსხვავებულია. საქართველოში დღეს არის ასეთი სტატისტიკა - როცა შენდება ბინები, დაახლოებით 80%-ს ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები და 20%-ს ყიდულობენ უცხოეთის მოქალაქეები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტის მაჩვენებელიც იქნება დაახლოებით იგივე, ახლოს 80%-იან მაჩვენებელთან. ეს არის ჩვენი ზოგადი, ლოგიკური დასკვნა. აქაც, ოპონენტები სპეკულირებენ და ამბობენ, რომ ბინის ფასი იქნება ძალიან მაღალი და შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს არ ექნებათ ამ პროექტში ბინების შეძენის შესაძლებლობა და ერთიდაიგივე ციფრებს ატრიალებენ. აქედანაც ჩანს, რომ ეს არის კოორდინირებული ეს კამპანია. აცხადებენ, რომ 12 000 ეღირება ბინა ამ ტერიტორიებზე, გონიოში და კრწანისში, რაც არაფერს არ ეფუძნება. მოიფიქრეს 12 000 დოლარი და კოორდინირებულად ერთიდაიგივეს ლაპარაკობენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები - ერთიდაიგივეს ამბობს „ლელო“, „ალტ ინფო“, „ნაცმოძრაობა“ და ყველა ეს პარტია. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ მათემატიკა არ არის ამ ადამიანების ძლიერი მხარე. არც ჰუმანიტარულ საგნებში არ არიან ძლიერები, თუმცა, როგორც ჩანს, მათემატიკაში სისუსტე აღენიშნებათ. მარტივად რომ დავთვალოთ, 16 000 ბინა, საშუალოდ რომ ავიღოთ 100 კვადრატული მეტრი, გამოდის 1 600 000 კვადრატული მეტრი გასაყიდი ფართი. ეს ყველაფერი 12 000 დოლარად რომ გაყიდოს კომპანიამ, გამოდის, რომ მარტო ბინების ნაწილში კომპანიის შემოსავალი უნდა იყოს 19,2 მილიარდი დოლარი. საუბარია კოლოსალურ მოგებაზე. ამ შემთხვევაში სახელწიფოს მოგების სახით შემოუვა არა ორი მილიარდი ლარი პროექტიდან, არამედ, დაახლოებით 4 მლრდ დოლარი. რა მასშტაბით არიან აცდენილი მათემატიკაში სინამდვილესთან, ჩვენი ოპონენტები, „ლელოდან“ დაწყებული, „ალტ ინფოთი“ დამთავრებული და „ნაცმოძრაობით“ გაგრძელებული, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ. ბინის ფასი იქნება ბევრად ნაკლები. მე არ მინდა, კონკრეტული ცოფრები დავასახელო, რომ კომერციულ კომპეტენციებში არ ჩავეჭრა კომპანია Eagle hills-ს, თუმცა თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რომ რამდენჯერმე ნაკლები იქნება ბინის ფასი დასახელებულ ფასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ლოგიკური მოლოდინი, რომ ქართველი მყიდველების პროცენტული მაჩვენებელი ამ პროექტში იქნება იგივე, რაც სტანდარტულად გვაქვს სხვა პროექტების შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ 80%-თან იქნება ახლოს ეს მაჩვენებელი. დაველოდოთ გაყიდვების სტატისტიკას“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის სივრცეების, მათ შორის საგანმანათლებლო, სპორტული და მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარება.

 

„ეს არ არის სტანდარტული დეველოპერული პროექტი, ჩვენ მიჩვეული ვართ, როგორც წესი დეველოპერული პროექტი ითვალისწინებს კორპუსის აშენებას და ბინების გაყიდვას. ეს არ არის ამ კონკრეტული კომპანიის მიდგომა. ისინი განსხვავებულად უდგებიან ასეთი ტიპის პროექტებს, ისინი ავითარებენ მულტიფუნქციურ ინფრასტრუქტურას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სივრცის კეთილმოწყობას. სწორედ ეს განაპირობებს შესაბამისი პროექტების მაღალ ხარისხს და ამან განაპირობა იგივე დუბაის ცნობილი სასწაული, აქ არ იყო საუბარი მხოლოდ კორპუსების მშენებლობაზე, ბინების გაყიდვაზე, მთლიანობაში განვითარდა სრულიად ახალი  სტანდარტის სივრცეები, უმაღლესი თანამედროვე სტანდარტის სივრცეები, მან შესძინა განსაკუთრებული მიმზიდველობა იმ სივრცეებს, რომლებიც განვითარდა სწორედ ამ კომპანიის მიერ სხვადასხვა ქალაქში. ასეთი სივრცეების მოწყობა, როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული დატვირთვის მქონე სივრცეების მოწყობა არის გათვალისწინებული ამ პროექტის ფარგლებში. 

 

რაც შეეხება ხელშეკრულების ნაწილობრივ გასაჯაროებას, რეალურად ეს არის ის, რაც უკვე გავაკეთეთ, რეალურად ყველა პრინციპული საკითხი საზოგადოებისთვის არის ცნობილი. თუმცა ჩვენი პროექტის ოპონენტები მაინც არ არიან ამით კმაყოფილი. არ ვიცი, როგორ შეიძლება შევქმნათ მათი კმაყოფილების უფრო მაღალი დონე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა განმარტა, თუ რა არის უშუალოდ ქვეყნის პირდაპირი და ირიბი სარგებელი Eagle Hills-ის  პროექტიდან.  

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ აშენდება, დაახლოებით, 16 000 ბინა, საერთო ფართი  იქნება, დაახლოებით, 1.6 მლნ კვ.მ. უშუალოდ საბინაო სივრცე, აქედან, დაახლოებით, 7 000 ბინა, სახლი აშენდება თბილისში და  9 000 გონიოს ტერიტორიაზე. ასევე, აშენდება სასტუმროები 1 400-ზე მეტი სასტუმრო ნომრით და დაახლოებით, 700 მლნ დოლარი დაიხარჯება ამ ნაწილში. თქვენც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა ტურისტული ეფექტი ექნება ტურიზმის განვითარებისთვის ამხელა ინვესტიციას, უშუალოდ სასტუმროების მიმართულებით. 
მთლიანი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება, დაახლოებით, 11 მლრდ ლარი, რაც არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. მინდა შეგახსენოთ, რომ წელს, პირველად ისტორიაში, გადაცდება ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენი ეკონომიკა 100 მლრდ ლარს. წარმოიდგინეთ, რომ დაახლოებით ამის 10%-ზეა საუბარი, რასაც მარტო ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტი მოუტანს საქართველოს. საუბარია კოლოსალურ ეკონომიკურ მოგებაზე, რომელსაც ამ პროექტიდან მიიღებს ჩვენი სახელმწიფო“, -  განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებით, რაც მიღებული პრაქტიკაა.

„კონკრეტულად ციურიხის არბიტრაჟის მიერ განიხილება შესაძლო ნებისმიერი დავა. ეს არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, რომელიც არის დადებული საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილსს“ შორის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, ოპონენტებს შეეძლოთ, დეტალურად გაერჩიათ ინფორმაცია, რომელიც პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებამ საზოგადოებას მიაწოდა, თუმცა ამ საკითხზე არც ერთხელ არ ყოფილა კომპეტენტური მსჯელობა და ზოგადი მესიჯებით შემოიფარგლებიან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სათქმელი არაფერი აქვთ.

 

„რაც შეეხება საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარებას, მე არ ვიცი სად გადის ზღვარი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და მარკეტინგს შორის. ესეც კოორდინირებული მესიჯია, რომ თითქოს ჩვენ ვართ დაკავებულები ამ პროექტის მარკეტინგით. ჩვენ საზოგადოებას ვუზიარებთ დეტალურ ინფორმაციას ამ პროექტთან დაკავშირებით. როდესაც სათქმელი არაფერია, რა თქმა უნდა, რაღაც ზოგადი მესიჯებით უნდა შემოიფარგლონ. მე არაერთხელ მოვისმინე სატელევიზიო გამოსვლები, ვნახე სოცმედიაში გაშვებული ვიდეორგოლები, რასაც ჩვენი ოპონენტები ატრიალებენ ამ პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის, მოვისმინე კომენტარები იმ ვიდეორგოლთან დაკავშირებით, რომელიც პირადად მე გავავრცელე. საერთოდ არ შედიან შინაარსში, თუ შედიან იტყუებიან, რომ აი, 10 წლის თავზე მოგება და ეს არის ცოტა და ა.შ. ტყუილებს მიღმა ვერ გადიან. მე არც ერთხელ, არავის მხრიდან არ მომისმენია კომპეტენტური შეფასება იმისა, რაც ჩვენ საზოგადოებას გავაცანით. ხომ შეეძლოთ, დეტალურად აეღოთ და გაერჩიათ. მაგალითად, იქნებ გადაჭარბებულია ჩვენი განცხადება ეკონომიკურ ეფექტთან დაკავშირებით, იქნებ გადაჭარბებულია ჩვენი განცხადება ბიუჯეტში შენატანებთან, პროექტის მოგებასთან დაკავშირებით და ა.შ. არც ერთი კომპეტენტური მსჯელობა არავისგან. გამოდიან, მათ შორის, სტატუსებით არიან წარმოდგენილი ადამიანები, ზოგი არის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ზოგი ე.წ. სამოქალაქო აქტივისტი, ზოგი ეკონომისტია, ზოგი ფინანსისტი, არც ერთი ადამიანისგან არ მომისმენია ამ ჩვენი ინფორმაციის დეტალური, კომპეტენტური გარჩევა. არ შედიან საერთოდ თემაში. ერთ-ერთი გადაცემა იყო ნახევარსაათიანი, ერთ-ერთ ოპოზიციურ არხზე, გადაცემის ანონსში თქვეს, რომ მათი მიზანი იყო ამ ვიდეორგოლის გარჩევა და ნახევარი საათი ისე ისაუბრეს, რომ საერთოდ არ გაურჩევიათ. აქედან ჩანს, რომ სათქმელი არაფერი აქვთ. დანარჩენი არის ზოგადი გზავნილები. ადრე იყო „რუსული კანონი“, ახლა არის „არაბული ქალაქი“. აქამდე არიან დასულები, ორი სიტყვა შეუძლიათ ატრიალონ, მესამეზე უკვე ვერ გადადიან. ეს არის ჩვენი ოპონენტების კომპეტენცია,“- განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, გასული ოთხი წლის განმავლობაში უცხოელებზე გაიყიდა 60 000-ზე მეტი ბინა და ამას დემოგრაფიაზე არავითარი არსებითი გავლენა არ მოუხდენია.

 

„არავითარი არაბული, გერმანული თუ რუსული ქალაქები არ შენდება. შენდება ორი ულამაზესი უბანი თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. მთლიანობაში, რაც შეეხება მიგრაციულ ეფექტს, გასული ოთხი წლის განმავლობაში უცხოელებზე გაიყიდა 60 000-ზე მეტი ბინა. კიდევ ერთხელ შემიძლია მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამას დემოგრაფიაზე არავითარი არსებითი გავლენა არ მოუხდენია. ამას განაპირობებს ის საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. აქაც სპეკულაციები მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ბინას ყიდულობს უცხოელი, მას ავტომატურად ენიჭება ბინადრობის ნებართვა. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ბინის შესყიდვისას 100 000 დოლარზე არის მიბმული ბინადრობის ნებართვის გაცემა, თუმცა აქ სპეკულირებენ ჩვენი ოპონენტები - პირველი ის, რომ ეს არ არის არავითარ შემთხვევაში ავტომატური და შესაბამის პროცედურას გადის თითოეული შემთხვევა, მათ შორის, უსაფრთხოების კონტროლსაც. ავტომატურად ვერავინ იღებს ბინადრობის ნებართვას. ისინი არ აკონკრეტებენ, რომ ეს არის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. ისე წარმოაჩენენ საზოგადოების წინაშე, თითქოს, როგორც კი იყიდი 100 000 დოლარიან ბინას, შენ მუდმივად შეგიძლია იცხოვრო საქართველოში. ეს არის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, 6-დან 12 თვემდე, არავითარ გარანტიას არ გაძლევს ბინის შესყიდვა იმ კუთხით, რომ დარჩე საცხოვრებლად საქართველოში. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა. არის უამრავი სპეკულაციები, ძირითადად სტუდენტებთან დაკავშირებით. საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ არის 37 000 უცხოელი სტუდენტი დღევანდელი მდგომარეობით, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა არიან ინდოელი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სამედიცინო ფაკულტეტებზე და ძირითადად, ამაზე აგებენ სპეკულაციებს მიგრაციის თემებთან დაკავშირებით. შეგვიძლია ამ საკითხს ცალკე ინტერპელაციის პროცედურა დავუთმოთ და შეგვიძლია განვმარტოთ რა არის ეკონომიკური თუ ფინანსური ეფექტი იმისა, რომ გვყავს უცხოელები სამედიცინო ფაკულტეტებზე, რამდენი სამუშაო ადგილი იქმნება, რამდენი არის წვლილი და ა.შ. ერთად შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სახელმწიფო პოლიტიკა. მანამდე ყველას ვურჩევდი, რომ შეეშვან სპეკულაციებს. ამ პროექტის შემთხვევაში უცხოელ მყიდველებს არავითარი სპეციალური პრივილეგიები არ ენიჭებათ, გარდა იმისა, რაც ზოგადად კანონმდებლობით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დივიდენდის განაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს ერთობლივი კომპანიის საბჭო, რომელშიც ქართული მხარეც არის წარმოდგენილი თავისი წევრებით.

 

„ქართული მხარე  კომპანიაში არის  წარმოდგენილი დირექტორის მოადგილით, ანუ ჩვენ უშუალოდ ვართ ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, რომელიც ჩაიდო ამ ხელშეკრულებაში. დივიდენდის გაცემას რაც შეეხება, რაც არის სტანდარტული პრაქტიკა, იმ პრაქტიკას გავყვებით და ერთობლივად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. თავად დივიდენდი პირველი წელს არ გაიცემა ხოლმე, შეიძლება, არც მეორე წელს გაიცეს. აქვე მინდა, შეგახსენოთ, რომ დივიდენდი არის შედარებით მცირე ნაწილი იმ მოგებისა, რომელსაც პროექტიდან მიიღებს სახელმწიფო. ძირითად მოგებას იღებს გადასახადების სახით. დაახლოებით 500 მილიონი არის, რასაც ველოდებით გადასახადების სახით, რაც პროექტის განხორციელების პირველივე წლიდან დაიწყება, მაშინვე მიიღებს სახელმწიფო ამ შენატანს გადასახადების სახით და საშუალოდ ეს იქნება 500 მილიონი წელიწადში. ეს 2 მილიარდი, რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის დამატებითი მოგება, რომელსაც მიიღებს სახელმწიფო. კომპანია Eagle Hills-სთან ერთად, მივიღებთ გადაწყვეტილებას დივიდენდის განაწილების თაობაზე, მათ შორის ათვლის წერტილის თაობაზე. ორივე მხარეს თანაბრად გვაინტერესებს, რაც შეიძლება მალე წამოვიღოთ დივიდენდი და მეორე, ისე არ წამოვიღოთ ის დივიდენდი, რომ პროექტს მივაყენოთ რაიმე ზიანი. აქ რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული ორივე მხარის ჩართულობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, მათ უკვირთ, როგორ შეიძლება კომპანიამ ჩადოს 6.6 მლრდ დოლარი ინვესტიცია და ამოიღოს მხოლოდ 2.2 მლრდ დოლარი, საიდანაც მისი არის 1.5 მლრდ დოლარი.

„რაც შეეხება მიწის ღირებულებას და ზოგადად, რატომ 33% და ა.შ. დეტალებში რომ არ შევიდეთ, ისედაც ეცოტავებათ ჩვენს ოპონენტებს ის მოგება, რომელსაც იღებს კომპანია Eagle Hills-ი ამ პროექტიდან. მათ უკვირთ, როგორ შეიძლება კომპანიამ ჩადოს 6.6 მლრდ დოლარი ინვესტიცია და ამოიღოს მხოლოდ 2.2 მლრდ დოლარი, საიდანაც მისი არის 1.5 მლრდ დოლარი. უკვირთ, რომ 6.6 მლრდ დოლარი ჩადო და 1.5 მლრდ დოლარი ამოიღო. სინამდვილეში, ე.წ. “აირარი“, ანუ ამონაგები ინვესტიციიდან, არის 23%. ოპტიმალური ზღვარი არის 25% და ზუსტად დაახლოებულია ამ 23%-თან. 
როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებდით, პირველ რიგში, სწორედ ამას - რა არის კომპანიის ოპტიმალური ამონაგები ინვესტიციიდან, იმისათვის, რომ ის დაინტერესდეს რეალურად ინვესტიციის ჩადებით. გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ამ 1/3 და 2/3-ის განაწილების პირობებში კომპანია Eagle Hills-ის ამონაგები ხდებოდა რაციონალური და ამ შემთხვევაში მას უღირდა ინვესტიციის ჩადება, სწორედ ამის გათვალისწინებით, შევჯერდით საბოლოო ჯამში ამ პირობაზე, რომ 33.3% მოდის ქართულ მხარეს და 66.7% რჩება კომპანია Eagle Hills-ს. ამ შემთხვევაში გადიოდა კომპანია 23%-იან „აირარზე“, რაც არის ოპტიმალური მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ფინანსისტს, ეკონომისტს შეგიძლიათ აჩვენოთ ეს ხელშეკრულება, შეაფასებინოთ, რა არის კომპანიის „აირარი“ და დაგიდასტურებთ, რომ აბსოლუტურად რაციონალურად გადანაწილდა დივიდენდი 2 მხარეს შორის. მთავარი შეფასების კრიტერიუმი სწორედ ეს იყო, როდესაც, მათ შორის, ვსაუბრობდით ჩვენი შენატანის, მიწის სანაცვლოდ მისაღებ დივიდენდზე. გამომდინარე იქიდან, რომ 23%-ზე გადიოდა „აირარის“ ნაწილში კომპანია, ჩვენ დავთანხმდით ამ პირობას. 1-2-ზე პროპორციით დივიდენდით გადანაწილებას. რეალურად, რომ ავიღოთ ცალკე აღებული მიწის ღირებულება და დივიდენდის მოცულობა, შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ჩვენ გავედით ოპტიმალურ შედეგზე, იმის მაქსიმუმზე, რაც შეიძლებოდა მიგვეღო. 
მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, რომელიც დანიშვნის დღიდან აქტიურად ჩაერთო ამ მოლაპარაკებებში, მინისტრის მოადგილეს, ბატონ ირაკლი ნადარეიშვილს, რომელიც უშალოდ იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. სწორედ მათი ძალისხმევის შედეგია ის, რომ ჩვენ გავედით ოპტიმალურ შედეგზე, მათ შორის, დივიდენდის ნაწილში. შემიძლია ყველას გითხრათ, არ ვიცი ჰიპოთეტურია თუ არ არის ჰიპოთეტური, შეგიძლიათ სცადოთ, აიღოთ ნებისმიერი ასეთი ტიპის აქტივი, ასეთი აქტივები აქვს ჩვენს ქვეყანას, ნეტავ კიდევ ერთი კომპანია არსებობდეს, რომელიც ასეთ აქტივს წაიღებს და 33%-ს დაუტოვებს სახელმწიფოს და თქვენ თუ ამაზე მეტს წამოიღებთ, შეგვიძლია დაგაჯილდოვოთ რაიმე ორდენით. რეალურად, ეს იყო ოპტიმალური მაჩვენებელი. ეს 23% ამ პროექტის ოპონენტებს ეცოტავებათ და უწუნებენ მოჰამედ ალაბარს და კომპანია Eagle Hills-ს მოგების გაანგარიშებას. ისინი აცხადებენ, რომ მეტი მოგება უნდა წამოიღონ. რეალურად, 23% არის ოპტიმალური მაჩვენებელი ამ ოპტიმალურ მაჩვენებელში ერთ-ერთი, რასაც შეაქვს წვლილი, არის  ის, რომ სწორედ 33-66-ზე გადანაწილდა პროპორციები ქართულ მხარესა და Eagle Hills-ს შორის“, -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, Eagle Hills-ის პროექტის გარშემო სამწუხარო სპეკულაციები ისმის. 

„პროექტის გარშემო სამწუხაროდ გვესმის ხოლმე სპეკულაციები და ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ის, რაც თქვა კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელმა, როდესაც გვქონდა საუბარი ამ თემებზე. ასეთივე კამპანია წამოიწყეს სერბეთში პოლიტიკურმა ოპონენტებმა Emaar პროექტის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ამ ოპონენტებმა შეიძინეს ბინების Emaar-ის მიერ განხორციელებულ პროექტში. პროექტის ყველა ოპონენტს მინდა ვუსურვო, რომ შეიძინოს ბინები ამ პროექტში და ეს ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ, საბაზრო ფასების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის სამინისტროს გუნდს და მის ხელმძღვანელობას მიღწეული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„რაც შეეხება იმას, თუ როგორ შემოდის კომპანია EAGLE HILLS თანხებით და როგორ ნაწილდება ეს 6.6 მლრდ აშშ დოლარი. სწორედ, ეს არის არსებითად კომპანიის საქმე. სამი ძირითადი წყაროა - ეს არის პირდაპირი ინვესტიცია, რასაც დებს უშუალოდ კომპანია, მეორე - ეს არის კომერციული სესხები, რომელსაც იზიდავს, ბუნებრივია, ესეც არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ეს არის ე.წ. „პრი სეილები“, წინასწარი გაყიდვები, აქედანაც შემოდის თანხები, სამი ძირითადი წყაროა, საიდანაც ხდება ამ 6.6 მლრდ დოლარის აკუმულირება, თუმცა ეს არსებითად კომპანიის საქმეა.

ჩვენთვის მთავარი რა არის - დივიდენდი არის დათვლილი, ჩვენი წილი არის 33.3%, ვიცით, რომ ველოდებით 2 მლრდ ლარის მოგებას ამ ყველაფრიდან, ვიცით, რამდენს ველოდებით გადასახადების სახით და ეს ქმნის მთლიანად ამ პროექტის ეკონომიკას.

ნებისმიერ ადამიანს, ეკონომისტს, ფინანსისტს შეუძლია ნახოს ამ პროექტის ეკონომიკა და ძალიან მარტივად შეუძლია, განსაჯოს, რამდენად არის სათანადოდ წამოღებული მოგება სახელმწიფოს მხარეს ამ პროექტიდან. მე შემიძლია, მოგცეთ პირობა, რომ მაქსიმუმი წამოვიღეთ, რისი წამოღებაც ჩვენ შეგვეძლო დივიდენდის, თუ ნებისმიერი სხვა მოგების სახით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ცხადი და ნათელია. სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეკონომიკის სამინისტროს გუნდს, სამინისტროს ხელმძღვანელობას შედეგისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, რაც შეეხება ბინადრობის ნებართვას, ბინის შეძენის შემთხვევაში უცხოელი იღებს მხოლოდ მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას 6-დან 12 თვემდე ვადით.

 

„შესაბამისად, ბინის ყიდვასთან ვერავითარი ფორმით ვერ იქნება დაკავშირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა. იმისთვის, რომ ადამიანი დარჩეს საცხოვრებლად საქართველოში ხანგრძლივი ან თუნდაც საშუალო ვადით, მას სჭირდება კონკრეტული სხვა პირობების დაკმაყოფილება, რასთან დაკავშირებითაც მსჯელობენ შესაბამისი უწყებები. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ბინადრობის ნებართვა, რომელიც სასწავლო დანიშნულებით გაიცემა და ა.შ. ბინასთან არავითარი ფორმით არ არის დაკავშირებული ადამიანის საცხოვრებლად დარჩენა საქართველოში. ამას ადგენს საქართველოს კანონმდებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
მისივე თქმით, არის რაღაც თემები, რაზეც არ უნდა ისპეკულირო, მაშინაც კი, როდესაც ხარ „ნაცმოძრაობის“, „ლელოს“, ან „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი.

 

„როდესაც იცი, რომ ასრულებ დაკვეთას და ამ დაკვეთის მიზანია, საქართველოს ეკონომიკას დააკლდეს 11 მლრდ ლარი, ამ დაკვეთის მიზანია, ბიუჯეტს დააკლდეს წელიწადში 700 მლნ ლარი, როცა იცი, რომ ამ დაკვეთის მიზანია, არ შეიქმნას საქართველოში 24 000 დროებითი და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი, ამავდროულად, როცა იცი, რომ რეალურად არავითარი არაბული ქალაქები ქვეყანაში არ შენდება, უბრალოდ არ უნდა იკადრო სპეკულაცია. არის რაღაცები, სადაც, „ნაცი“, „ლელო“ და „ალტ ინფო“ რომ ხარ, მაშინაც კი არ უნდა იკადრო სპეკულაციები, თუმცა ვხედავთ, როგორია ამ ადამიანების მორალი.

მათი ერთ-ერთი აქტივისტი. ე.წ. ჟურნალისტი გამოდიოდა ეთერში და ასეთი რაღაც თქვა, რომ შეიძლება სისულელე იყოსო, მაგრამ როდესაც ხედავ, რაღაც თემა რთულია ხელისუფლებისთვის, ბოლომდე უნდა გამოიყენოო. ესაა ამ ადამიანების მორალი. ყველაფერი ძალიან კარგად იციან - იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, იციან, რომ 7 00 მლნ შედის წელიწადში ბიუჯეტში, იციან, რომ 11 მლრდ-ით გაამდიდრებს ქართულ ეკონომიას ეს პროექტი, მაგრამ მაინც სპეკულირებენ, ესაა უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი, რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანი,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ისმის სპეკულაციები, არის თუ არა პროექტი მომგებიანი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ოპონენტებს უჭირთ როგორც საარჩევნო, ისე საინვესტიციო მათემატიკა. 
"ჩვენ ვთქვით საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფოს დივიდენდი ამ პროექტიდან იქნება ჯამში, დაახლოებით, 2 მლრდ ლარი.  რადგან ჩვენი არის 1/3 და Eagle Hills-ის 2/3, შესაბამისად, Eagle Hills-ის დივიდენტი იქნება, დაახლოებით, 4 მლრდ ლარი, რაც არის  1.5 მლრდ დოლარი. Eagle Hills-ი დებს ამ საინვესტიციო პროექტში ჯამში 6.6 მლრდ დოლარს და ელოდება 1.5 მლრდ დოლარის წმინდა მოგებას. ინვესტიციიდან ამონაგები არის დაახლოებით 23%. თქვენ შეგიძლიათ, გადაამოწმოთ და ოპტიმალურ ამონაგებად მიიჩნევა 25%-მდე ასეთი ტიპის დეველოპერული პროექტებისათვის. 25%-მდე თუ გაქვს ამონაგები, ითვლება, რომ ეს არის კარგი მოგება შესაბამისი ინვესტორისთვის, კომპანიისთვის. ამ შემთხვევაში, ახლოს არის მაქსიმალურ ზღვართან კომპანია Eagle Hills-ის მოგება,  ეს არის  23%. 
უწუნებენ კომპანია Eagle Hills-ს, ამხელა გამოცდილების მქონე კომპანიას, საკუთარ დათვლებს და ამბობენ, რომ ეს არის ცოტა, თუმცა შეუძლიათ, გადაამოწმონ სხვადასხვა წყაროებში, არის თუ არა ცოტა 23%. ეს არის ოპტიმალურ ზღვართან ახლოს არსებული ამონაგები, რასაც მიიღებს კომპანია Eagle Hills-ი. აქაც სპეკულირებენ, მარტივად იტყუებიან და ზოგადად, არ არის ღირსეული საქციელი ასე სპეკულირება, მით უმეტეს, რომ ჩვენ დეტალურად განვმარტეთ ყველაფერი, მათ შორის, მოგებასთან დაკავშირებით. თავიდანვე იწყებენ ტყუილით და მერე ამ ტყუილზე აგებენ საკუთარ ალოგიკურ დასკვნებს. ამბობენ, რომ თითქოს კომპანია 10 წლის თავზე ამოიღებს ამ 1.5 მლრდ დოლარს. რა თქმა უნდა, ეს არავის არ უთქვამს, პირიქით, ჩვენ განვმარტეთ, რომ, როგორც სახელმწიფო, დივიდენდის სახით და ისე კომპანია,  Eagle Hills-ი, ბუნებრივია, ეტაპობრივად ამოიღებს ამ ინვესტიციას. შესაბამისად, თვითონვე იტყუებიან თავში, რომ 10 წლის თავზე იქნება მოგება ამოღებული, ინფლაცია შეჭამს ამ მოგებას და შესაბამისად, რეალური ამონაგები იქნება არა 23%, არამედ ბევრად ნაკლები,  თავშივე ტყუილს ამბობენ და მერე ამაზე აგებენ დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს  Eagle Hills-ის მოგება არ იქნება საკმარისი. 
რეალურად, როგორც ეს ხდება სტანდარტულად დეველოპერულ პროექტებში, ეტაპობრივად  მოხდება ინვესტიციის ამოღება, მოგების მიღება ინვესტიციიდან. შესაბამისად, კომპანიას დარჩება სუფთა 23% მოგება, რაც არის ზუსტად მიახლოებული ოპტიმალურ, 25%-იან, მაქსიმალურ მაჩვენებელთან. მოჰამედ ალაბარს და კომპანია Eagle Hills-ს ასწავლიან მძიმე პოლიტიკური და მძიმე წარსულის მქონე ადამიანები მოგების ამოღებას საკუთარი ინვესტიციებიდან. ეს არის ღიმილისმომგვრელი ფაქტი“, -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.