საქსტატმა გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და იანვარ-ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.6 %, შესაბამისად ჩვენ, ძალიან მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს რაც არის - 7.2 % გადაჭარბებით შევასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, სქართველოს ეკონომიკა გადაცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ გადაცდება 10 000 დოლარს.
„შეგახენებთ, რომ სავალუტო ფონდმა გაზარდა თავისი პირველადი პროგნოზი 7.2 %-მდე დააკორექტირა, თუმცა როგორც ჩანს გვექნება წლის ბოლოსთვის უფრო მაღალი მაჩვენებელი. ამასთან, ამ წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, სქართველოს ეკონომიკა გადაცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ასევე პირველად ისტრორიაში, გადაცდება 10 000 დოლარს. მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით გადაცდება პირველად 30 000 დოლარს, როცა სულ რაღაც 8 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10 000 დოლარი იყო. ეკონომიკურად ყველა მიმართულებით ქვეყანა სწორად ვითარდება. შესაბამისად, გავაკთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არ შეჩერდეს ზრდის ტენდენციები და შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, მთლიანობაში სავალუტო რეზერვებმა 5 808 000 დოლარი შეადგინა.
„მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცენდენტოდ გაზრდის შესაძლებლობა. წელს, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 103 მლნ დოლარის სავალუტო რეზერვები, რაც ისტორიული რეკორდია. მთლიანობაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 5 808 000 დოლარი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კიდევ ერთხელ მინდა ეროვნული ბანკს და მის პრეზიდენტს ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე, ეკონომიკის ზრდის და სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, რაც სამომავლოდ წაადგება ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, რაც წელს კორუფციის აღმოფხვრისა და კონკურენციის გაჯანსაღების ხარჯზე დააკლდა ქვეყნის ეკონომიკას, მომავალ წელს ერთი ორად დაემატება.
„ბოლო თვეებში, ჩვენ შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება იმ პირობებში, რომ კორუფციასთან და კარტელურ გარიგებებთან ბრძოლის ფონზე, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების დროებით შეჩერება მოგვიწია. ეს ფაქტი, გარკვეულწილად, აისახა თვეების მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, თუმცა რაც წელს დააკლდა კორუფციის აღმოფხვრისა და კონკურენციის გაჯანსაღების ხარჯზე მომავალ წელს ეკონომიკას ერთი ორად დაემატება. ენერგეტიკის, რკინიგზის, ინფრასტრუქტურის სხვა სფეროებში არაჯანსაღი პრაქტიკების აღმოფხვრა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და მომავალ წელს ეს ზრდის ტემპს პირდაპირ დაეტყობა. ყველა პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად და უზრუნველყოფილი იქნება პროექტების მაღალი ხარისხი, ამაზე საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
