საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს - 2021-2024 წლებში, საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა. 2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ს შეადგენს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და გაეროს შორის 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება.
„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 2021-2024 წლებში, საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა. 2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ს შეადგენს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 5.1% იქნება. ეს ტენდენციები ხელს უწყობს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს.
„საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად კვლავ რჩება სიღარიბის შემცირება და დასაქმების მაჩვენებლის ზრდა. 2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, დღეს, ქვეყანაში დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანია დასაქმებული. სიღარიბე კი 2012 წლის 30%-იან მაჩვენებელთან შედარებით, გასული წლის მდგომარეობით, ისტორიულ მინიმუმამდე, 9,4%-მდეა შემცირებული. მიუხედავად მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა, სიღარიბისა და უთანასწორობის შემდგომი შემცირება, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის ცენტრალურ ამოცანად რჩება. ამ მიმართულებითაც, საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს. ეს მაჩვენებლები გვიმყარებს რწმენას, რომ ქვეყნის განვითარების კურსი სწორად არის განსაზღვრული. საქართველომ ჩამოაყალიბა ეფექტიანი მმართველობის სისტემა, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს, ეკონომიკური წინსვლისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის. ამ წარმატების ფუნდამენტს კი წარმოადგენს ჩვენი ძირითადი პრინციპი, უზრუნველვყოთ ქვეყანაში მშვიდობიანი, პროგნოზირებადი გარემო, რომელიც, ტავის მხრივ, ეკონომიკური განვითარების საფუძველია“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და გაეროს შორის 30-წელზე მეტი ხნის გრძელვადიანი და ღრმა პარტნიორობის ისტორიაში ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.
„დღეს ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოსა და გაეროს შორის 30-წელზე მეტი ხნის გრძელვადიანი და ღრმა პარტნიორობის ისტორიაში. ჩვენი თანამშრომლობის პირველ წლებში, გაერო ეხმარებოდა საქართველოს კონფლიქტებთან, ეკონომიკურ სირთულეებთან და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენასთან დაკავშირებული გამოწვევების მოგვარებაში. 3 ათწლეულის შემდეგ, საქართველო არის საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანა, რომელიც აჩვენებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, მნიშვნელოვან პროგრესს სიღარიბის შემცირების მიმართულებით და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირების უზრუნველყოფაში. ამავდროულად, ჩვენ ამ თანამშრომლობის ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო გაურკვევლობის, დაყოფის, კონფლიქტების, მზარდი უთანასწორობისა და კლიმატის კრიზისის გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყნების ცვალებადი საჭიროებები და მზარდი შესაძლებლობები მოითხოვს გაეროს მიდგომების შეცვლას ეროვნული განვითარების მხარდაჭერის მიზნით. თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელსაც დღეს ვაწერთ ხელს, წარმოადგენს პირობას, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს მთავრობასა და ყველა პარტნიორთან - განვახორციელოთ გადამწყვეტი რეფორმები მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ პროგრესის დასაჩქარებლად, რადგან მხოლოდ 5 წელია დარჩენილი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს ასევე წარმოადგენს ვალდებულებას, დავიცვათ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, ადამიანის უფლების დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის კუთხით და მისი მიზანია, მწვანე და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა საქართველოში მყოფ ადამიანებს შორის უთანასწორობის შესამცირებლად, განსაკუთრებით კი ურბანულ დასახლებებსა და რეგიონებს შორის. როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, ნამდვილი განვითარება არ არის კეთილდღეობა უმცირესობისთვის, ეს არის შესაძლებლობა მრავალთათვის, რომელიც დაფუძნებულია სოციალურ სამართლიანობაზე, ღირსეულ სამუშაოსა და ადამიანურ ღირსებაზე. სწორედ, ამას ეძღვნება ეს ხელშეკრულება,”- განაცხადა დიდიე ტღებიუკმა.
მისივე თქმით, ნამდვილი განვითარება მოითხოვს პარტნიორობას და ერთობლივ მოქმედებას მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს, აკადემიურ წრეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის.
„სწორედ, ამას სთავაზობს თანამშრომლობის ეს ხელშეკრულება ყველას - მოქმედების პლატფორმას ერთად მუშაობისთვის. საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა, მთავრობასთან ერთად, შეიმუშავა ძირითადი პრიორიტეტები და ჩაატარა სიღრმისეული კონსულტაციების პროცესი საქართველოში არსებულ ყველა პარტნიორთან, ასევე ახალგაზრდების დიდ ჯგუფთან. ჩვენ უზომოდ მადლიერები ვართ მათი ყველა იდეისა და რეკომენდაციისთვის. მზად ვართ, გავაგრძელოთ მათთან მუშაობა მონაწილეობითი და ინკლუზიური გზით, რათა უზრუნველვყოთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს განვითარებისთვის,“- განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში.
დიდიე ტღებიუკმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და დარგობრივ სამინისტროებს ხელშეკრულების შემუშავების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
„მოუთმენლად ველი მდგრადი განვითარების ახალი ხელშეკრულების წარმატებით განხორციელებას, მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ის დაფუძნებული იქნება მრავალმხრივი კოორდინირებული ურთიერთობის, სოლიდარობისა და საერთო პასუხისმგებლობის პოტენციალის გამოყენებაზე. მსურს, მივმართო ქართველ ხალხს - მათ შეუძლიათ, გაეროს იმედი ჰქონდეთ,“- განაცხადა დიდიე ტღებიუკმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია ინვესტიციების მიმართულებით და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
„ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება. ჩვენ წელსაც მოვახერხეთ ამ ტემპის შენარჩუნება. გასული ოთხი წლის განმავლობაში ზრდის საშუალო მაჩვენებელი იყო 9,8%, წელს პირველი ათი თვის მაჩვენებელი არის 7,6%. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაც არის ამ ტენდენციის გამოხატულება. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკაში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებას, ამიტომ, ხელისუფლება განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სწორედ ეკონომიკის განვითარებაზე. ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართული და მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. მხოლოდ ერთი კომპანიის ხარჯზე ჩვენ ველოდებით 6,6 მლრდ დოლარის ინვესტიციის შემოსვლას. ტენდენცია არის კარგი, შევინარჩუნეთ ზრდის მაღალი ტემპი და მომდევნო წლებშიც ველოდებით ასეთივე მაღალი ტემპის შენარჩუნებას. სავალუტო ფონდის პროგნოზი არის ის, რომ 5,1% იქნება მომდევნო წლების განმავლობაში საშუალო ზრდა, თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ როგორც წარსულში ვახერხებდით, ახლაც შევძლებთ ამ საპროგნოზო მაჩვენებლის გადაჭარბებით შესრულებას“, - განაცხადა პრემიერმა.
ახალი, 5-წლიანი ჩარჩო-შეთანხმება, არის ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ფუნდამენტი, რომელიც, ერთი მხრივ, ეფუძნება ეროვნულ პრიორიტეტებს, ხოლო, მეორე მხრივ, ასახავს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სულისკვეთებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და გაეროს შორის 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, გლობალური, ეკონომიკური, თუ გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, საქართველო, წლების განმავლობაში, გარდაიქმნა სახელმწიფოდ, რომელიც უკვე არა მხოლოდ დახმარების მიმღები, არამედ სანდო პარტნიორი და მაგალითის მიმცემია.
„ჩემთვის პატივია, გიმასპინძლოთ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც ხელი ეწერება საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებას.
საქართველოს ურთიერთობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან სამ ათწლეულზე მეტს ითვლის. ამ წლების მანძილზე, ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობები, ხელი შეუწყო კეთილდღეობის უზრუნველყოფას, რეფორმების მხარდაჭერასა და მშვიდობის მშენებლობას.
წელს, როდესაც გაეროს ქარტიის მე-80 წლისთავს აღვნიშნავთ, მსოფლიო კვლავ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. გლობალური, ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში გარდაიქმნა სახელმწიფოდ, რომელიც უკვე არა მხოლოდ დახმარების მიმღები, არამედ სანდო პარტნიორი და მაგალითის მიმცემია. ეს ყოველივე, თანმიმდევრულმა რეფორმებმა და ქვეყნის მშვიდობაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ განაპირობა,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის ამბიციური დღის წესრიგის აღსრულების პროცესში, თავის წვლილს გაეროსთან გაფორმებელი 5-წლიანი თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტიც შეიტანს.
„ამბიციური დღის წესრიგის აღსრულების პროცესში, ბუნებრივია, თავის წვლილს გაეროსთან დღეს გასაფორმებელი 5-წლიანი თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტიც შეიტანს. მადლობას ვუხდი გაეროს გუნდს, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო დიალოგის შედეგად, ხედვა ეროვნულ პრიორიტეტებს მაქსიმალურად დაუახლოვა. შერჩეული მიმართულებები ეხმიანება ჩვენს მისწრაფებებს, შევამციროთ ურბანულ დასახლებებსა და რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობა, მნიშვნელოვნად წავახალისოთ დეცენტრალიზებული მმართველობა, გავაძლიეროთ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები, ხელი შევუწყოთ ყოვლისმომცველი სოციალური დაცვისა და განათლების სისტემების განვითარებას.
დასასრულს, ვისარგებლებ შემთხვევით და გამოვხატავ მადლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სააგენტოების მიმართ, მრავალწლიანი, სანდო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დიდიე ტღებიუკს, საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს, რომლი სპირადი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ შეთანხმებისთვის საბოლოო სახის მიცემაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებთან ამ დოკუმენტის დაახლოება. მადლობა მინდა გადავუხადო გაეროს მთლიან გუნდს, მეამაყება, რომ მე ამ გუნდის წარმომადგენელი ვიყავი რვა წლის განმავლობაში და ჩემი თვალით ვხედავდი, თუ როგორ გულწრფელად ცდილობდნენ გაეროს გუნდის წარმომადგენლები წლების განმავლობაში საქართველოს განვითარებაში წვლილის შეტანას. მადლობა ასევე ყველას, ვინც დღევანდელი შეთანხმების შედგენაში და ამ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევაში მიიღო მონაწილეობა“, - განაცხადა პრემიერმა.
