ავტობანის ლანჩხუთი-ლესას 4-ზოლიანი 8-კილომეტრიანი მონაკვეთი რამდენიმე დღეში გაიხსნება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გურიის მონაკვეთის ლანჩხუთი-ლესას 8-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მონაკვეთი რამდენიმე დღეში გაიხსნება. ამ გზის მშენებლობის ჯამური ღირებულება 324.6 მილიონ ლარს შეადგენს.

მონაკვეთზე დარჩენილი სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და გურიის გუბერნატორი გაეცნენ.

ინფრასტრუქტურის უწყების ცნობით, მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი.

ცნობისთვის, ლანჩხუთი-ლესას 8-კილომეტრიანი მონაკვეთი სამტრედია-გრიგოლეთის მესამე ლოტის 12-კილომეტრიანი გზის ნაწილს წარმოადგენს.

გზის ამ მონაკვეთზე 2022 წლის სექტემბრიდან ჩინური სახელმწიფო კორპორაცია Hunan Road & Bridge Construction Group-ი მუშაობს და ის ბიუჯეტიდან 324.6 მილიონ ლარს იღებს. კომპანიას ხელშეკრულების გაფორმების დროს გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები 2 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა სამუშაოებმა საბოლოოდ 2025 წლის დეკემბრამდე გადაიწია.

აღნიშნული გზა ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გახსნილიყო, რადგანაც პროექტზე თავდაპირველი ხელშეკრულება იტალიურ-ყაზახურ საინჟინრო კომპანია Todini-სთან 2017 წლის ივნისში იყო გაფორმებული, თუმცა უკვე 2018 წლის გაზაფხულზე აშკარა იყო, რომ კომპანია სამუშაოებს ფაქტობრივად არ ასრულებდა და განხორციელებული იყო სამუშაოების მხოლოდ 0.9%. კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ, მთავრობამ ახალი ტენდერი გამოაცხადა, ხოლო Todini-სთან ასეულ მილიონიანი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.

აღნიშნულ პერიოდში გზის ღირებულება 138 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა განახლებული ტენდერის შედეგად, მისი საფასური მკვეთრად გაიზარდა და ის ამჟამად 324.6 მილიონ ლარს შეადგენს.

გზა გვერდს უვლის შემდეგ დასახლებულ პუნქტებს: ლანჩხუთს, გვიმრალაურს, ჭალას, ქვემო ჩიბათს, ლესას და ნიგვზიანს.

გზის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტით ფინანსდება.