მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესაპუბლიკას ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო - სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაში, რომელსაც, თანათავმჯდომარეების რანგში, მარიამ ქვრივიშვილი და სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი გახსნიან, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, სხდომაზე განიხილება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. სხდომის დასასრულს, მინისტრები ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი კომპანია „იგლ ჰილსის“ მიერ ბელგრადში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტს - Eagle Hills - Belgrad Waterfront -ის დაათვალიერებს.

მინისტრი ასევე ეწვევა ბელგრადის საგამოფენო ცენტრსაც, სადაც მულტიმედიურ სივრცეში მომავალი საერთაშორისო გამოფენის - „ექსპო 2027“-ის პრეზენტაციას გაეცნობა. ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო გამოფენა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში პირველად ჩატარდება და ის 2027 წლის 15 აპრილიდან 15 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.