საქსტატმა 2025 წლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 11.2%-ით, 7.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. უშუალოდ დეკემბერში კი ექსპორტი 22.5%-ით, 673 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის ანგარიშის თანახმად, ექსპორტში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს 2.8 მილიარდი დოლარით, სადაც მატება 16%-ია. ავტოექსპორტის ნახევარზე მეტი ($1.5 მილიარდი) ყირგიზეთის მიმართულებით გავიდა, რის შედეგადაც ყირგიზეთმა საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზრის სტატუსი დაიკავა.
რაც შეეხება რიგით მეორე საქონელს, 379 მილიონი დოლარი იყო ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტი, რაც წლიურად 60%-ით გაიზარდა. აღნიშნული ძირითადად ოქროს ფასის მატებით იყო განპირობებული. მესამე პოზიციას იკავებს სპირტიანი სასმელები 282 მილიონი დოლარით, სადაც კლება 2%-ია, შემდეგ პოზიციაზე კი ღვინოებია 268 მილიონით, სადაც კლება 3%-ს შეადგენს.
საქართველოს საექსპორტო საქონლის ტოპ 10 2025 წელს ასე ნაწილდება:
# საქონელი ექსპორტი - მილიონი დოლარი ცვლილება წინა წელთან
1 მსუბუქი ავტომობილები $2,814 მილიონი დოლარი; 16%
2 ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $379 მილიონი დოლარი; 60%
3 სპირტიანი სასმელები $282 მილიონი დოლარი; -2%
4 ყურძნის ნატურალური ღვინოები $268 მილიონი დოლარი; -3%
5 ფეროშენადნობები $226 მილიონი დოლარი; -30%
6 მინერალური და მტკნარი წყლები (უშაქროდ) $173 მილიონი დოლარი; 6%
7 თხილი და სხვა კაკალი $172 მილიონი დოლარი; 62%
8 მინერალური და გაზიანი წყლები (შაქრით) $167 მილიონი დოლარი; 21%
9 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $148 მილიონი დოლარი; 57%
10 აზოტოვანი სასუქები $132 მილიონი დოლარი; 11%
11 დანარჩენი საქონელი – სულ $2,530 მილიონი დოლარი; 6%
