Lamborghini-მ რეკორდული რაოდენობის ავტომობილები გაყიდა

სუპერქარების იტალიურმა მწარმოებელმა Lamborghini-მ 2025 წელი ისტორიული შედეგით დაასრულა და მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებელს რეკორდული რაოდენობის - 10,747 ავტომობილი მიაწოდა. კომპანიის ოფიციალური მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ბრენდის არსებობის ისტორიაში საუკეთესო წლიურ შედეგს წარმოადგენს.

გაყიდვების ზრდაში გადამწყვეტი როლი კომპანიის ჰიბრიდიზაციის სტრატეგიამ ითამაშა, რომელიც მომხმარებლებმა, როგორც ჩანს, პოზიტიურად მიიღეს.

გაყიდვების დინამიკით პირველ ადგილს სუპერ-ქროსოვერი Urus-ი იკავებს; ასევე გამორჩეული შედეგი ჰქონდა ბრენდის პირველ ჰიბრიდულ V12 სუპერქარს, Revuelto-ს.

რეგიონულ ჭრილში კვლავ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონი ლიდერობს, სადაც 4,650 ავტომობილი გაიყიდა. მას მოჰყვება ამერიკის კონტინენტი 3,347 ერთეულით და აზიის რეგიონი 2,750 ავტომობილით.

Lamborghini-ს აღმასრულებელი დირექტორის, სტეფან ვინკელმანის განცხადებით, კომპანია 2026 წელს კიდევ უფრო დიდი მოლოდინებით ხვდება, რადგან უკვე დაწყებულია ახალი ჰიბრიდული მოდელის, Temerario-ს მიწოდება, რომელზედაც წინასწარი შეკვეთები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სრულად არის შევსებული, რაც მაღალ მოთხოვნაზე მიუთითებს.