შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს: სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არაა სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი ხდება.
„კითხვა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას, ეხება არა ტრანსფორმაციას, რაც ცხადად ხდება, არამედ რეალური კითხვა ის არის, თუ როგორ ვუპასუხებთ მას; როგორ უნდა შევქმნათ სავაჭრო სისტემა, რომელიც საკმარისად მდგრადია გეოპოლიტიკური შოკების დასაძლევად და თან საკმარისად ღიაა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არაა სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი ხდება. ფრაგმენტებად დაშლილ გლობალურ ეკონომიკაში, ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ განხეთქილებების დაძლევა, ფასდაუდებელი ხდებიან, ხოლო გაურკვევლობის ეპოქაში, თავად სტაბილურობა სტრატეგიული აქტივია.
მსოფლიოს არა ნაკლები ვაჭრობა უფრო მდგრადი ვაჭრობა სჭირდება. მას არ სჭირდება იზოლაცია, მას სჭირდება ინტელექტუალური დივერსიფიკაცია. მას არ სჭირდება მხარის არჩევა - მას საიმედო დამაკავშირებელი ხიდები სჭირდება.
ამ მოცემულობას შუა დერეფანთან მივყავართ, რომელიც აღარ არის უბრალოდ ვარიანტი, ის უკვე გლობალური ვაჭრობის უცილობელი პირობაა.
შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს: სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, დღეს, მსოფლიოს კომერციული მარშრუტები არა საბაზრო ეკონომიკის უხილავი ხელით, არამედ გეოპოლიტიკის ძალიან მკაფიო მუშტით იცვლება.
„გავიაზროთ, რა დაემართა გლობალურ ვაჭრობას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩრდილოეთის დერეფნები, რომლებიც ოდესღაც ეფექტურად ახორციელებდნენ საქონლის გადაზიდვას ევროპასა და აზიას შორის, მნიშვნელოვნად დაზარალდა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო; მიწოდების ჯაჭვები, რომელთა შენებას ათწლეულები სჭირდებოდა, ერთ დღეში ჩამოიშალა; ბიზნესები, რომლებიც ეფექტურობის გაზრდას გეგმავდნენ, მოულოდნელად აღმოჩნდნენ გადარჩენისთვის ბრძოლის რეჟიმში.
აღმოსავლეთით თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ წყნარი ოკეანის სავაჭრო მარშრუტები სულ უფრო პოლიტიზებულია დიდი სახელმწიფოების დაძაბულობის გამო. ტარიფებმა, სანქციებმა და სტრატეგიულმა გამიჯვნებმა ის, რაც ოდესღაც მსოფლიოში ყველაზე დინამიკური კომერციული ურთიერთობა იყო, რთულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებად აქცია. ყველაზე ტრადიციული პარტნიორობებიც კი უპრეცედენტო უთანხმოების წინაშე დგანან. სავაჭრო დავებმა და პოლიტიკურმა უთანხმოებებმა ოდესღაც სტაბილურ ურთიერთობებში გაურკვევლობა შეიტანა.
ეს არ არის ის ეკონომიკური გლობალიზაცია, რომელიც ადრე გვესმოდა. ახლა შევდივართ პირველ ფაზაში, სადაც გეოგრაფია კვლავ მნიშვნელოვანია, სადაც სტაბილურობა კონკურენტულ უპირატესობად იქცევა და სადაც ურთიერთობების შენარჩუნების უნარი დიპლომატიური ხიბლი კი არა, ეკონომიკური აუცილებლობაა,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ შეინარჩუნა მაკროეკონომიკური დისციპლინა, ინვესტორთა ნდობა და მშვიდობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში.
„იმ დროს, როდესაც ბევრი იძულებული იყო რეაგირება მოეხდინა, საქართველომ ამბიციური პროექტების დაგეგმვა გადაწყვიტა.
ტრანსპორტი და ლოგისტიკა ეროვნული ეკონომიკის ხერხემალს ქმნის და ვაჭრობაზე ორიენტირებულ განვითარებას უჭერს მხარს. საქართველომ 7 მილიარდი დოლარი გამოყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ყოვლისმომცველი განახლებისთვის და კაპიტალურ ხარჯებზე ყოველწლიურად ვხარჯავთ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7-8 პროცენტს. დავასრულეთ ჩვენი ძირითადი სარკინიგზო ქსელის სრული მოდერნიზაცია, გავაორმაგეთ გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შევამცირეთ ტრანზიტის დრო ქვეყნის მასშტაბით. სარკინიგზო კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის შედეგად, რომელიც საქართველოს გავლით უზრუნველყოფს პირდაპირ და საიმედო სარკინიგზო კავშირს კასპიის აუზსა და საერთაშორისო ბაზრებს შორის“ , - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებთან და დსთ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით - ჩვენზე გადის გზა 2.3 მილიარდ მომხმარებლამდე.
„საქართველოს გამოცდილება მარტივ პრინციპს ცხადყოფს - მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ქმნის ინვესტიციებს, ინვესტიციები ქმნის ეკონომიკურ ზრდას. რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს, არის არა მხოლოდ ის, რაც ჩვენ შევქმენით, არამედ ის, თუ როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან. ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებთან და დსთ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით - ჩვენზე გადის გზა 2.3 მილიარდ მომხმარებლამდე,
მეტოქე ბლოკების მიერ განსაზღვრულ ეპოქაში, საქართველომ კავშირი არჩია კონფრონტაციას. პარტნიორებს არ ვთხოვთ მხარის არჩევას. ჩვენ მათ ვთავაზობთ პლატფორმას, სადაც თანამშრომლობა კვლავ შესაძლებელია“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის ბიზნესისთვის მზაობის რეიტინგში საქართველო 101 ქვეყნიდან საუკეთესო ოთხეულშია 2025 წლის მონაცემებით კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად.
„ასევე, ეფექტურობისა და დავების ოპერატიული გადაწყვეტის მხრივ, მეორე ადგილზე ვართ მსოფლიოში, ხოლო ბიზნესის ადგილმდებარეობის მხრივ - მეოთხე. Fraser Institute-ის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2025 წლის ინდექსით, მსოფლიოს 165 ქვეყნიდან 25-ე ადგილზე ვართ. დანაშაულის მსოფლიო სტატისტიკის 2025 წლის ინდექსში NUMBEO საქართველოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ოცეულში ასახელებს. ეს ყველაფერი ხელსაყრელ გარემოს ქმნის ინვესტიციებისთვის, ბიზნესის ზრდისა და საერთო ეკონომიკური სტაბილურობისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო, რომელიც აკავშირებს კონტინენტებს და წარმოადგენს კავკასიის, კასპიის ზღვის რეგიონისა და ცენტრალური აზიის შვიდი ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნისთვის სატრანსპორტო და დამაკავშირებელი მთავარი ცენტრის როლს, მოუწოდებს მთავრობებს, ინვესტორებს და ბიზნესლიდერებს, ითანამშრომლონ მდგრადი მიწოდების ჯაჭვების შექმნაში - ისეთების, რომლებიც შეამცირებენ რისკებს, გააფართოებენ შესაძლებლობებს და ფრაგმენტაციას დაძლევენ კავშირების შექმნით.
„არსებობს დერეფანი, სადაც ტვირთი, მონაცემები, ენერგია და კაპიტალი პროგნოზირებად რეჟიმში მოძრაობს კონტინენტებზე - სადაც ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფილია თანამშრომლობით და არაა პოლიტიკით შეზღუდული და სადაც მშვიდობა არა მხოლოდ პრინციპია, არამედ გააზრებული ეკონომიკური სტრატეგიაც.
ამ ფრაგმენტირებულ სამყაროში კეთილდღეობა გამყოფი კედლებიდან კი არა, ხიდებიდან იქმნება. დღეს, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ერების სიმდიდრე ამ ხიდების მშენელებზეა დამოკიდებული.
საქართველო მზადაა, ერთ-ერთი ასეთი ხიდი თავად იყოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე.
„ვავითარებთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს - სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას, რომელიც შექმნილია დიდი კონტეინერმზიდი გემების მისაღებად და შავი ზღვის პორტების სიმძლავრეების გასაზრდელად. ანაკლია არა მხოლოდ პორტია; ის პლატფორმაა ტრანზიტის მაჩვენებლების ზრდის, გლობალური გადაზიდვის ხაზების მოზიდვისა და შავი ზღვის, როგორც ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი კარიბჭის როლის გასაძლიერებლად.
გვჯერა, რომ ვაჭრობის ხელშეწყობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ამიტომ საქართველო დიდ ყურადღებას აქცევს ეფექტურ სასაზღვრო პროცედურებს, პროგნოზირებად ტრანზიტს და საერთაშორისო გადაზიდვების გამარტივებას.
ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, ეფექტურ მარეგულირებელ ჩარჩოსთან და რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, ქმნის ინტეგრირებულ ეკოსისტემას, რომელიც არა მოკლევადიანი სარგებლის, არამედ გრძელვადიანი მდგრადობისთვის არსებობს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერის თქმით, ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტი საკმაოდ რთულია რეგიონში, თუმცა ამ სირთულეების მიუხედავად, პოლიტიკური სტაბილურობა და უწყვეტი მშვიდობა გვაქვს.
„მსოფლიო ამჟამად მრავალი გამოწვევის წინაშე იმყოფება, მათ შორის ეკონომიკური განვითარების სფეროში. ამგვარ სიტუაციაში, კონტექსტი საქართველოსთვისაც საკმაოდ რთულია, მაგრამ აქამდე წარმატებით ვახერხებთ სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თუ მაჩვენებლებით ვიმსჯელებთ, საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ევროპაში. 2021 წლიდან 2025 წლამდე ჩვენი საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 9.3% იყო.
ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო მსოფლიოს პირველ ათეულშია ეკონომიკური ზრდის მიხედვით. ამას რამდენიმე მიზეზი ამყარებს - პირველია პოლიტიკური სტაბილურობა. ვიტყოდი, რომ ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტი საკმაოდ რთულია რეგიონში - უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ჩვენს ირგვლივ არსებული სიტუაცია საერთო ჯამში არ არის მარტივი. თუმცა, ამ სირთულეების მიუხედავად, პოლიტიკური სტაბილურობა და უწყვეტი მშვიდობა გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურასა და დაკავშირებადობაში.
„მსხვილი კაპიტალდაბანდება ხორციელდება მაგისტრალებში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, ციფრულ დაკავშირებადობაში. შავი ზღვის სანაპიროზე ვგეგმავთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის. მშენებლობაში ვდებთ ინვესტიციებს, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით გვქონდეს თანამედროვე ჩქაროსნული მაგისტრალები 2030 წლისთვის.
განვახორციელეთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია. დიდი ინვესტიციები იდება ასევე ციფრულ დაკავშირებადობაში. ვცდილობთ, გლობალური მასშტაბით გავაფართოოთ ეკონომიკური თანამშრომლობის არეალი. ამჟამად, საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები აქვს 40-ზე მეტ ქვეყანასთან. ესენია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები, ჩინეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნები, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება განვითარებაში და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემდგომ ხელშეწყობაში,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანამ ბოლო 5 წლის განმავლობაში 8 მლრდ-ზე მეტის ინვესტიცია მოიზიდა.
„მოზიდული გვაქვს 8 მილიარდზე მეტის ინვესტიცია. საუბარია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მოხდა და საქართველოს მსგავსი პატარა ზომის ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემიძლია გაგიზიაროთ ეკონომიკური პარტნიორებისთვის საქართველოს სანდოობის დასადასტურებლად: საქართველომ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები გამოუშვა. მისი განთავსება სულ ახლახანს ლონდონის ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე განხორციელდა. მასზე მოთხოვნა 5.5-ჯერ მეტი იყო და 2.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ესეც ადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ დიდ ინტერესს და ჩვენი ეკონომიკის სანდოობას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არის მარტივი ბიუროკრატია, რაც ეკონომიკური საქმიანობისთვის კარგ პირობებს ქმნის.
„გვაქვს მარტივი ბიუროკრატია, რაც ასევე ქმნის კარგ პირობებს ეკონომიკური საქმიანობისთვის. ასევე, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკა ეფექტური მართვით გამოირჩევა.
ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონეა. თუ საერთაშორისო, გლობალურ ინდექსებს გადავავლებთ თვალს, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზე ვართ კორუფციის დაბალი დონით. ევროკავშირის 8-9 წევრ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს.
ყოველივე ეს კარგ პირობებს ქმნის საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და სწორედ ეს არის ჩვენი ხედვა: სწორი გარემო შევქმნათ საქართველოში უცხოელი ინვესტორებისთვის ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. ეს მიდგომა საკმაოდ კარგად მუშაობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლარიზაციის ეპოქაში დიპლომატიური შესაძლებლობები არანაკლებ მნიშვნელოვანია: პოლიტიკური და სტრატეგიული განსხვავებების მიღმა კონსტრუქციული ურთიერთობების შენარჩუნების უნარი ეკონომიკურ უპირატესობად იქცა.
„ამ ინსტიტუციურ და დიპლომატიურ საფუძველს უნდა შეესაბამებოდეს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა: მოდერნიზებული მაგისტრალები, პორტები და რკინიგზა, რაც საქონლის არა მხოლოდ სწრაფ, არამედ საიმედო და პროგნოზირებად გადაადგილებას უზრუნველყოფს. საქართველოს მნიშვნელობა მხოლოდ მისი მდებარეობით არ განისაზღვრება, არამედ იმითაც, თუ რა გააკეთა მან ამ მდებარეობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
„საქართველოს და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობის ერთ-ერთი მაგალითია ისიც, რომ კომპანია Eagle Hills-მა 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ეს არის პროექტი უძრავი ქონების ბაზარზე, რომლის განხორციელებაც საქართველოში დაიწყო და წინასწარი გაყიდვების შედეგებს თუ შევხედავთ, სახეზეა ძალიან მაღალი ნდობა საქართველოს მიმართ ყველა შესაბამისი ეკონომიკური სუბიექტის მხრიდან.
საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა იკვეთება უძრავი ქონების ბაზარზე, მასპინძლობის სფეროში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში - რომელიც ძალიან სწრაფი ზრდის ტემპით ხასიათდება.
ეს ყველა ფაქტორი ქმნის მიმზიდველობას და ინვესტორთა ინტერესს განაპირობებს. საქართველოს ენერგეტიკის სფეროში კაპიტალდაბანდებაც მომგებიანია. ჩვენი გეგმაა, საშუალოვადიან პერიოდში გავზარდოთ ენერგიის წარმოება 4800 მეგავატიდან 12 500 მეგავატამდე 2035 წლისთვის. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ჰიდრორესურსებით და ამიტომ ინვესტიციები ამ და სხვა - მზისა და ქარის - ელექტროსადგურებში სარგებელს მოუტანს ინვესტორებსა და ქვეყანას.
საქართველოს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ჩვენი სურვილია, ეკონომიკური თანამშრომლობა გავაფართოოთ.
ჩემთვის სასიამოვნო იყო ამ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და ამ დარბაზში ყველას მოვუწოდებ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
