იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო, რის შედეგადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სარეზერვო აქტივებმა მთლიანობაში შეადგინა 6,3 მილიარდი დოლარი.
„საერთაშორისო სარეზერვო აქტივებში გვაქვს პროგრესი, იანვარშიც გაგრძელდა ჩვენი სავალუტო და სხვა სარეზერვო აქტივების შევსება. იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო. რის შედეგადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენმა სარეზერვო აქტივებმა მთლიანობაში შეადგინა უკვე 6,3 მილიარდი დოლარი. მადლობა მინდა, გადავუხადო ეროვნულ ბანკს გაწეული სამუშაოსთვის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ხელმძღვანელობას, საბჭოს წევრებს, ყველას მადლობა გაწეული სამუშაოსთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მთავრობის მიზნები კიდევ უფრო ამბიციურია და ოპტიმიზმის ერთ-ერთი საფუძველია ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც გატარდა ქვეყანაში გასული რამდენიმე თვის განმავლობაში.
„შეჯამდა შარშანდელი ეკონომიკური ზრდის მონაცემები, გვაქვს წინასწარი მაჩვენებელი. შარშან ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7,5% გვქონდა იმაზე მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე გათვალისწინებული იყო პირველადი პროგნოზით, რაც შემოგვთავაზა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, შემდეგ გადავაჭარბეთ დაზუსტებულ პროგნოზსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკამ გასული წლის ბოლოს გადააჭარბა 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე, პირველად გადააჭარბა 10 000 დოლარს. შარშან წლის ბოლოს ჩვენმა ეკონომიკამ შეადგინა 104 მლრდ ლარი.
რაც შეეხება 2026 წელს, ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ. არსებული კონსერვატიული პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 114 მლრდ ლარს მიაღწევს, ხოლო 1 სულ მოსახლეზე 11 000 დოლარს გადააჭარბებს. თუმცა, როგორც ვთქვი, ჩვენი მიზნები კიდევ უფრო ამბიციურია და ჩვენი ოპტიმიზმის ერთ-ერთი საფუძველია ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც გატარდა ჩვენს ქვეყანაში გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოებში. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო ოპტიმისტური პროგნოზები გავაკეთოთ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით “, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობამ წარმატებით გამოუშვა 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
„საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირდა 5,125 პროცენტის ოდენობით, რაც არის ევროობლიგაციების ბაზრისთვის საუკეთესო მაჩვენებელი, რაც დაფიქსირდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, შესაბამისად, ეს არის ის მაჩვენებელი, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ. საერთაშორისო ინვესტორებმა დააფიქსირეს რეკორდულად მაღალი 2,8 მილიარდი დოლარის მოთხოვნა ჩვენს ფასიან ქაღალდებზე, რაც შეთავაზებულ ოდენობას 5,5-ჯერ აღემატება, ესეც თავისთავად მეტყველებს მაღალ ნდობაზე. უშუალოდ ტრანზაქციაში 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინვესტორები ბევრად ნაკლებრისკიანად აფასებენ საქართველოს და მზად არიან, საქართველოს ფასიან ქაღალდებში 2,8 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელონ, მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალია ნდობა ჩვენი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ამ შემთხვევაშიც, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, შემოსულობების ჯამურმა მაჩვენებელმა 32 400 000 000 ლარს გადააჭარბა, რაც იყო გეგმის 100.9%.
„კონკრეტულად საგადასახადო შემოსავლებიც გადაჭარბებით შესრულდა, რომელმაც 25.5 მლრდ ლარზე მეტი შეადგინა. აქაც, გეგმა არის გადაჭარბებით შესრულებული.
გასულ წელს ასევე მივაღწიეთ საბიუჯეტო დეფიციტის ისტორიულ მინიმუმს. მან შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 1.4%. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შემცირდა მთავრობის ვალის მაჩვენებელი, მისმა მოცულობამ გასული წლის ბოლოსთვის შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 34.4%. მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს ჩვენმა ვალმა 60%-ს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი არის ჩამოსული მთლიანი შიდა პროდუქტის 34.4%-მდე. ამ პროცენტული წილის შემცირება არის დაგეგმილი მიმდინარე წელსაც. წლის ბოლოს გვექნება კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი.
2026 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 36 300 000 000 ლარამდე, რაც გასული წლის ფაქტიურ მაჩვენებელს 4 300 000 000 ლარით აღემატება. კონკრეტულად ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ცალკე მინდა აღვნიშნო, წელს 8 მლრდ ლარზე მეტი მიიმართება“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი გაწეული სამუშაოსთვის, რისი შედეგიც არის ბიუჯეტის სათანადოდ შესრულება და ახალი ბიუჯეტის სათანადოდ დაგეგმვა.
„იგლ ჰილსის“ პროექტში ბინების წინასწარი გაყიდვები დაიწყო კონკრეტულად კრწანისის ტერიტორიაზე, გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა 257-დან მხოლოდ 8 ბინა შეიძინეს, რაც ნიშნავს იმას, რომ არაბიზაციის დაანონსებული პროცესი იმთავითვე ჩაუვარდა ოპოზიციას.
„გახსოვთ, რომ ოპოზიციას ჰქონდა დაანონსებული 15 000-დოლარიანი ფასი, მათ ინვესტორზე უკეთ იცოდნენ, რა ფასად გაიყიდებოდა ბინები და სახლები კრწანისის ტერიტორიაზე, თუმცა ოპოზიციის ანონსის საწინააღმდეგოდ, საწყისი ფასი გარემონტებულ ბინებზე იყო 1650 დოლარი. დაახლოებით 10-ჯერ ასცდნენ იმ რეალობას, რომელიც სინამდვილეში იყო დაგეგმილი. ეს ბინები საშუალო ქართველი მყიდველისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ მოგვაწოდეს სტატისტიკური ინფორმაცია. გახსოვთ, რამხელა კამპანია იყო აგებული ამ თემასთან დაკავშირებით. ცნობილი არაბიზაციის ტერმინი შემოიტანეს და ა.შ. აცხადებდნენ, რომ ქართველები ვერ იყიდდნენ ბინებს და გაიყიდებოდა არაბებზე. აქაც სტიგმატიზაციის მცდელობა ჰქონდათ. მათ პროგნოზი იყო, რომ მთლიანად არაბები იყიდდნენ ბინებს. გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა. მე ვიტყოდი, რომ არა ის ისტერიული კამპანია, რომელსაც აწარმოებდნენ ჩვენი ოპონენტები, დარწმუნებული ვარ, ქართველი მყიდველების წილი ბევრად უფრო მაღალიც იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს წილი გაიზრდება. დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას. რაც შეეხება ე.წ. არაბიზაციას, არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა 257-დან მხოლოდ 8 ბინა შეიძინეს, რაც ნიშნავს იმას, რომ არაბიზაციის დაანონსებული პროცესი იმთავითვე ჩაუვარდა ჩვენს ოპოზიციას.
მინდა, ყველას შევახსენო, რომ ეს უპრეცედენტო ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკას გაამდიდრებს 11 მილიარდი ლარით და ჩვენს ბიუჯეტს ყოველწლიურად შემატებს საშუალოდ 700 მილიონ ლარს. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ტურიზმის წახალისებისთვის, ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარება აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს, ეს კვოტები პირველად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დაეფუძნება შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს, რომელიც განხორციელდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ, განათლების სამინისტროსთან ერთად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, კვოტები განისაზღვრება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი - ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად.
„ამ ყველაფერზე დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას წარუდგენს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, რომელიც დღეს გამართავს ბრიფინგს ამ თემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მე დეტალურად არ ვისაუბრებ ამ საკითხზე. ხაზს გავუსვამ ამ რეფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შედეგს, რომელიც ამ კვოტებშიც არის ასახული -თსუ-ს ამ რეფორმის შედეგად, დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის მისია და სტატუის, ის სტატუსი და მისია, რომელიც მან 90-იანი წლების პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად დაკარგა და უფრო მოგვიანებით, 2004-2012 წლებში, წინა ხელისუფლების მიზანმიმართული, მავნებლური ანტი-ეროვნული პოლიტიკის შედეგად დაკარგა. თსუ-ს უნდა დაუბრუნდეს დედა უნივერსიტეტის სტატუსი, შესაბამისი მისია და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ რეფორმის რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, არის, სწორედ, ეს. მინდა, მადლობა გადავუხადო განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრს გაწეული სამუშაოსთვის, ეს რეფორმა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა საქართველოში მიიღონ თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლება, რასაც ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ და, სწორედ, ამას მიეძღვნება ჩვენი საქმიანობა მომავალი წლების განმავლობაში,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
