ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს.
„მინისტრის მოადგილემ ამერიკულ დელეგაციას დეტალურად გააცნო პროექტის განხორციელების ეტაპები და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.
