თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„გამოქვეყნდა თებერვლის ეკონომიკური ზრდი მონაცემები და თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%. შესაბამისად, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას.
ასევე გამოქვეყნდა 2025 წლის დაზუსტებული მონაცემები. გასულ წელს ზრდამ შეადგინა 7.5% და მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის ბოლოს მონაცემებით შეადგენს 104.6 მლრდ ლარს. პირველად, ჩვენმა ეკონომიკამ გადააჭარბა 100 მლრდ ლარს, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა შეადგენდა დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებს, 28 მლრდ ლარს. დოლარში ჩვენი ეკონომიკა შეადგენს 38.1 მლრდ დოლარს. ჩვენ რამდენჯერმე შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ტემპს, მსგავსი მოცემულობა გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ გასული 5 წლის განმავლობაში 2021-2025 წლებში ჩვენი ეკონომიკის სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან გავზარდეთ 14 მლრდ დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3.5 მლრდ დოლარზე მეტით. ეს არის ერთ-ერთი განმსაზვრელი ფაქტორი ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკის განვითარებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ენერგეტიკას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ ორიოდე თვის წინ გადაწყვეტილება, ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმებისა და საურავების პირობით დათქმით პატიების შესახებ და ეს პროცეს უკვე დასრულდა. მთლიანობაში 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის განმარტებით, ეს ინსტიტუცია შეიქმნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე და მასში განხორციელდება რამდენიმე, მათ შორის საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციის შერწყმა.
„პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატება ახალი ინსტრუმენტები, ასევე განხორციელდება არსებული ინსტრუმენტების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ახალი ინიციატივები მოიცავს ინიცირებულ სესხებს და კაპიტალის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონკრეტულ სექტორებს, მათ შორის ენერგეტიკას, სადაც კომპანიებს გაეზრდებათ წვდომა იაფ სესხებზე. ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით.
„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების სერიოზული ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით და სხვა ხელშეკრულებებთან ერთად ჩვენ ასევე გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. რომლის პირვანდელი ღირებულება იყო 203.9 მლრდ დოლარი. ასევე, გადავხედეთ ხელშეკრულებას ზედამხედველ კომპანიასთანაც, შედეგად, პროექტის ღირებულება 25 %-ზე მეტით შემცირდა - 52.5 მლნ დოლარით. შედეგად უახლოეს დღეებში, აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი ანაკლიაში ბევრად უფრო შემცირებული ხარჯებით. საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს ამ შემთხვევაში 52.5 მლნ დოლარი დაუზოგა,“ - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის მინისტრს.
„შევეხები ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმის შესრულებას. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით, ხარჯების ნაწილში, 107 პროცენტით შესრულდა. მოგეხსენებათ, რომ კორუფციის პრევენციის მიზნით და არასწორი პრაქტიკის პრევენციის მიზნით, შარშან დაგვჭირდა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება, შედეგად, შარშან დაუხარჯავი დარჩა დაახლოებით 400 მილიონი ლარი, რომელიც სამინისტროს წლევანდელ ბიუჯეტზე გადმოვიდა და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ამ თანხების გადაჭარბებით 107 პროცენტით ათვისებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, ისე ჩვენი ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის. მადლობა მინდა, გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს გეგმის გადაჭარბებით შესრულებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული წლის სექტემბერში შეიცვალა საქართველოს ფოსტის მენეჯმენტი და ისევე როგორც სხვა სახელმწიფო საწარმოებში, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებია.
„განხორციელებული და მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში დაიზოგება 3,5 მილიონ ლარზე მეტი. ასევე შუამავალ კომპანიებში გატანილი ბიზნესპროცესები დაბრუნდება საქართველოს ფოსტაში, რის შედეგადაც, ყოველწლიურად საქართველოს ფოსტას დაემატება 14,2 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი. აღდგა ასევე საჰაერო ტერმინალის ფუნქცია. დასრულების ეტაპზეა ახალ ავიაკომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი, განახლდა ხელშეკრულების პირობები არსებულ ავიაკომპანიებთან და ამ ყველაფრის შედეგად, დაიზოგა სატერმინალო მომსახურების ხარჯი, შემცირდა სატრანზიტო ვადები. შედეგად საჰაერო ტერმინალის ოპერირებიდან საქართველოს ფოსტა ყოველწლიურად 5 მილიონ ლარზე მეტ დამატებით შემოსავალს მიიღებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა ამ ცვლილების შედეგად, საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია. ხედავთ, რამდენად ფუნდამენტურია ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა და ხორციელდება საქართველოს ფოსტაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა კონსულტაციების საფუძველზე.
„პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს, როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება, თუმცა ამავდროულად, ჩვენ უნდა გავითავლისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის არის ბიზნესის ობიექტური ინტერესები, ასევე კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე. ბიზნეს სექტორთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები, მადლობა ამისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. ამ კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა კონსულტაციების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რკინიგზას ასევე დაემატება თბილისის-ქუთაისის და თბილისი-ახალციხის მიმართულებები.
„რკინიგზას დაემატება თბილისის-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ხუთნახევარი საათიდან შემცირდება 4-საათამდე, 1.5 საათით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე.
ასევე, აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო, ძველ დროსთან შედარებით, 6 საათიდან შემცირდება 3-საათამდე, ანუ განახევრდება მგზავრობის დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე.
ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი - ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას,“- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, 2 მლნ-დან 5 მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი.
„შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ქვეყნის სტუმრებისთვის. 2 მლნ-დან 5 მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი,“- აღნიშნა პრემიერმა.
