ძვირფასი ლითონების ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ამჯერად ფასი ერთ კვირაში 1.5%-ით გაიზარდა და უნცია ოქროს ღირებულებამ 4,780 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 47%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ვერცხლის შემთხვევაში, წლიური ზრდა 138%-ს შეადგენს, ხოლო ერთ კვირაში მატება 6%-ია, ფასი კი უნციაზე 77 დოლარს შეადგენს.
ძვირფასი მეტალების გაძვირება ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებით არის განპირობებული. აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების ფონზე, ინვესტორები ფიქრობენ, რომ კონფლიქტი მომდევნო კვირების განმავლობაში დასრულდება, რაც, წესით, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენას და ნავთობის გაიაფებას გამოიწვევს.
თავად ნავთობი ოქროს ღირებულების განსაზღვრისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ენერგეტიკული რესურსი ინფლაციის მთავარი მდგენელია. თუ ნავთობი დროულად გაიაფდება, მაშინ ინფლაცია ზედმეტად არ დაჩქარება და აშშ-ის ფედერალურ რეზერვს არ მოუწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. აი, FED-ი კი ის მთავარი მოთამაშეა, რომელიც დღეს ოქროს ფასს განსაზღვრავს. თუ რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება, მაშინ ოქრო გაიაფდება თუ განაკვეთი დაიკლებს, მაშინ ოქროს ზრდის შესაძლებლობა ექნება, რადგან ოქროსა და რეფინანსირების განაკვეთს შორის ისტორიულად საპირისპირო კორელაცია არსებობს.
