ბოლო ერთ წელიწადში ოქრომ ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა. დღეს გლობალურად ძვირფასი ლითონის ფასი მის პიკურ 5 600-დოლარიან ნიშნულს ქვემოთაა, თუმცა ბოლო ერთ წელიწადში ოქრო თითქმის 44%-ით არის გაძვირებული. ამ ეტაპზე უცნია მეტალი 4 800 დოლარად ივაჭრება, რაც ბოლო ერთთვიან პერიოდში 8%-ზე მეტად გაზრდილი ფასია.
გლობალურ ტრენდს მიყვება ქართული ბაზარიც. თბილისის ოქროს ბირჟაზე ბოლო თვეებში ფასი ძვირფას ლითონზე შემცირდა, თუმცა მაინც მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. 1 გრამი ოქროს ღირებულება 300 ლარიდან იწყება და ნაკეთობის გათვალისწინებით 370 ლარამდე მატულობს. მაღალი სინჯის, ბაჯაღლოს 1 გრამის ღირებულება კი 420 ლარს აჭარბებს.
„ოქროს ფასი ასე რომ თამაშობს ვიბნევით. ზოგს, თუ აწყობს ადრინდელი აღებული ოქრო შეიძლება გაყიდოს ნორმანულ ფასად, მაგრამ როცა ძვირად აქვს აღებული არ უნდა იზარალოს და ამიტომაც ფასები არის მოძრავი. ძირითადში რომ იყიდოთ მაქსიმუმ 350 ლარია დღევანდელი ფასი. 2 თვის უკან 400-500 ლარამდე მერყეობდა 1 გრამის ღირებულება”,- აცხადებს bm.ge-სთან გულიკო მორჩილაძე, ოქროს შემფასებელი.
“უნციის მიხედვით რომ დავინაგარიშოთ, დღევანდელი ფასით 245 ლარი ღირს 1 გრამი, 585 სინჯის დასამუშავებელი ოქრო, იტალიური ოქროს ნაკეთობები 300 ლარი, ბაჯაღლო 410-420 ლარის ფარგლებში მერყეობს. როცა ფასი იზრდება მომხმარებელი ირჩევს ნაკლებ წონას და უფრო ბიუჯეტურს”,- აცხადებს ნანა ფიფია, Gold Market-ის დამფუძნებელი.
ძვირფასი მეტალების გაძვირებას გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რისკების ზრდა განაპირობებს, რადგან ასეთ დროს ინვესტორები თავის დასაზღვევად ყველაზე უსაფრთხო აქტივებს ირჩევენ, მათ შორის ყველაზე გამოცდილი და სასურველი, ზოგადად, ოქროა. ანალიტიკოსების შეფასებით, ოქროს ბოლო პერიოდის გაუფასურება ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე ინფლაციის დაჩქარების რისკებს უკავშირდება, თუმცა ოქროს ფასი შედარებით დასტაბილურებულია 4 800 დოლარის ფარგლებში მერყეობს და მოლოდინია, რომ ახლო პერსპექტივაში ასევე ამ დიაპაზონში გააგრძელებს პოზიციონირებას.
