მოქალაქეებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სულ 1.48 მილიარდი ლარის ოქროული და სხვა ძვირფასეულობა აქვთ ჩადებული - ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სებ-ში წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის სალომბარდე კრედიტები ყველაზე შემოსავლიანი სეგმენტია, სწორედ ამიტომ აღნიშნული პორტფელი წლიურად 39%-ით ანუ 456 მილიონი ლარით გაიზარდა და 1.63 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც მთლიანი 2-მილიარდიანი სასესხო პორტფელის 79%-ია.
გარდა 1.48 მილიარდის ოქროსი და ძვირფასეულობის, მისოებში კრედიტის უზრუნველყოფის სახით 135 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილები და 7.6 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება არის დაგირავებული.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, მისოებმა პირველ კვარტალში 135 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღეს, რაც წლიურად 43%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია სალომბარდე კრედიტებთან, რადგან ამ სეგმენტიდან მიღებულმა საპროცენტო შემოსავლებმა 91.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 57%-ით არის გაზრდილი.
აღნიშნულზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ოქროს ფასის მკვეთრი ზრდაც რაც მისო-ებში დაცული ძვირფასეულობის ღირებულებას კიდევ ზრდის.
მთლიანობაში სალომბარდე სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის 78%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს რომ მისო-ების საქმიანობა ამჟამად სწორედ სალომბარდე კრედიტების გაცემასთან არის დაკავშირებული.
მთლიანობაში, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 51.1 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს. კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, მისოების ჯამური მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ით, ანუ 22.2 მილიონი ლარით გაიზარდა.
რაც შეეხება საკომისიოებს და სხვა მოსაკრებლებს, მათგან მისოებმა წელს პირველ კვარტალში 18 მილიონი ლარი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ხარჯებს მათ შორის პირველი ადგილი თანამშრომელთა ხელფასებს უჭირავს, მისოებმა ანაზღაურებებზე წინა წლის იდენტური თანხა 29 მილიონი ლარი დახარჯეს, საიჯარო ხარჯები 4 მილიონი ლარი იყო, ცვეთის ხარჯები 2.6 მილიონი ლარი, სხვა არასაპროცენტო ხარჯები კი 7.7 მილიონი ლარი.
