მარტში ტურიზმის სექტორში კლება დაფიქსირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მიმოხილვიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში მარტში ზრდა დაფიქსირდა, ხოლო კლება აღინიშნა ტურიზმის - ანუ სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებების სექტორში.
"2026 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებლებს, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 10.7% შეადგინა.
ტურიზმის შემოსავლების კლებაზე მიანიშნებს საქსტატის კიდევ ერთი ანგარიში, რომლის მიხედვითაც ვიზიტორთა დანახარჯებმა იკლო. კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, პირველ კვარტალში ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 5.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წლიურად 5%-ით 1 897 ლარამდე შემცირდა.
