მომდევნო წლებში თბილისს 200 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი დაემატება, აშენდება მეტროს ორი, ხოლო რეაბილიტირდება 12 სადგური

ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობის შედეგად, თბილისის მეტროს მგზავრთნაკადი 15%-ით გაიზრდება, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციისას.

მისი თქმით, ამ დროისთვის, დედაქალაქის მოსახლეობას 1 000-მდე ერთეული ავტობუსი ემსახურება, რომელსაც უახლოეს წლებში 200 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი შეემატება.

„მეტროს მოდერნიზაცია სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. თბილისის მეტროს ეტაპობრივად შეემატება 111 ახალი ვაგონი. 5-ვაგონიანი მატარებელი 25%-ით მეტი მგზავრის გადაყვანას შეძლებს, რომლითაც გაუმჯობესდება უსაფრთხოება და მგზავრების გადაყვანა კომფორტულად, შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. დაგეგმილია ასევე თბილისის 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ვგეგმავთ მეტროსადგურების - „მარჯანიშვილი“ და „ახმეტელის თეატრი“ მეორე ამოსასვლელების მოწყობას. მეორე ამოსასვლელების მოწყობით გაიზრდება მეტროსადგურთან ქვეითთა მისაწვდომობა და მიწისზედა ტრანსპორტის მგზავრთნაკადის მომსახურების ხარისხი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო წლებში მეტროს პირველი ხაზი ორივე მიმართულებით გაგრძელდება და ვარკეთილსა და გლდანს ახალი სადგურები დაემატება.

„პროექტების განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება მგზავრების მომსახურების ხარისხი. კერძოდ, მისაწვდომობა, სხვადასხვა უბანთან კავშირი და შემცირდება მგზავრობის დრო. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი პროექტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მეტროს განვითარების მიმართულებით. ახალი სადგურების დღიური გამტარუნარიანობა, დაახლოებით, 50-60 ათასი იქნება. ეს ის ნაკადია, რომლითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნამდვილად კონკურენტუნარიანი გახდება და შემცირდება კერძო ავტომობილებზე დამოკიდებულება“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.