გურამიშვილის სადგურის რეაბილიტაციის ტენდერი 2025 წლის ბოლოს გამოცხადდება - გიორგი შარკოვი

მეტრო გურამიშვილის რეაბილიტაციის პროექტისთვის ტენდერის გამოცხადება 2025 წლის ბოლოს მოხდება - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა, გიორგი შარკოვმა BMG-ის განუცხადა.

გიორგი შარკოვის თქმით, გურამიშვილის სადგური არის პირველი, რომლის რეაბილიტაციაც EBRD-თან გაფორმებული საკრედიტო შეთანხმების ფარგლებში მოხდება. აღნიშნული სასესხო შეთანხმება 2023 წლის იანვარში გაფორმდა და ფარგლებში 12 სადგურის რეაბილიტაცია არის დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 55.6 მილიონ ევროს შეადგენს.

"გაცხადებული პროექტი გულისხმობს მინიმუმ 12 სადგურის რეაბილიტაციას. წინასწარი დიზაინისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის კომპანიის შერჩევა ხორციელდება. მას შემდეგ რაც შეირჩევა ეს კომპანია ის მოამზადებს სამშენებლო და დეტალური დიზაინის საპროექტო დოკუმენტაციას და შემდეგ გამოცხადდება სამშენებლო ნაწილსა და საპროექტო ნაწილში ტენდერი, ვფიქრობთ რომ ეს იქნება სავარაუდოდ შემდეგი წლის ბოლოსთვის და ეს პროექტიც არის რამდენიმე წელზე გათლილი, ალბათ 5-წლიანი იქნება. პრიორიტეტებში მათ შორის გურამიშვილი, ასევე სადგურის მოედნები და საჭიროებიდან გამომდინარე დალაგებულია პრიორიტეტები, რომელი სადგური გაკეთდება პირველ რიგში", - განაცხადა გიორგი შარკოვმა.

აღსანიშნია, რომ მეტროსადგური "გურამიშვილის" რეაბილიტაციის პირველადი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და ამისთვის სადგური რამდენიმე თვის განმავლობაში დახურული იყო. მაშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებდნენ, რომ 2018 წლის 20 იანვრიდან ისეთი მასშტაბური სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, როგორიცაა სადგურის ვესტიბიულების თაღების ჩამოხსნა და ჩაწნეხვა, დახრილი გვირაბის გაწმენდა, გალესვა, სამღებრო სამუშაოების წარმოება და ა.შ.

შემდგომში კი აღნიშნული სადგურის რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსებისთვის EBRD განიხილებოდა, 2020 წელს კახა კალაძემ განაცხადა, რომ პროექტი EBRD-ის ხელშეწყობით ხორციელდებოდა და მისი ღირებულება 60 მლნ ევრო იქნებოდა.