რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 2026 წელს დაიწყება - გზის მარჯვენა მხარეს ველობილიკი მოეწყობა

თბილისის მერიამ დღეს საკრებულოში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. პროექტის თანახმად, გამზირის რეაბილიტაცია 40 მილიონი ლარი დაჯდება და აქედან 2026-ში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი 30 მილიონი ლარი.

თბილისის მერიის განმარტებით, პროექტი აუცილებელია, რადგან ამჟამად გამზირზე არსებული გზის სავალი ნაწილი დეფორმირებულია და მასზე ნაპრალებია. ასევე სანიაღვრე ქსელი ვერ უზრუნველყოფს ნალექების სრულად გატარებას და აუცილებელია მათი გამოცვლა. მერიის განმარტებით, გზის მარჯვენა მხარეს ველობილიკის მოწყობაც არის დაგეგმილი.

"საპროექტო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 1442 მეტრს. არსებული მდგომარეობით აღნიშნულ მონაკვეთზე გვხვდება ასფალტბეტონის საფარი საშ. სისქით 20 სმ, რომელიც დაზიანებულია, შეიმჩნევა გრძივი და განივი ბზარები; აქედან გამომდინარე საჭიროა საგზაო სამოსის კაპიტალური რემონტი. ტროტუარზე მოწყობილია, როგორც ბეტონის ისე ბუნებრივი ქვის ფილები, რომელიც გარკვეულ ადგილებში ამორტიზირებულია ან დამტვრეულია. საპროექტო მონაკვეთზე არსებული სანიაღვრე ქსელი ვერ უზრუნველყოფს მოსული ნალექების სრულად აცილებას გზის სავალი ნაწილიდან, ამიტომ პროექტით გათვალისწინებულია ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა. ქსელის დაერთება მოხდება სხვადასხვა მონაკვეთებზე არსებულ სანიაღვრე კოლექტორზე. მშენებლობის პროცესში აღმოჩენილი ღირებული სამშენებლო მასალები ან ნაკეთობები ექვემდებარება დასაწყობებას. საინიაღვრე ქსელის განლაგება, მილის დიამტერები და დაერთების ადგილი შეთანხმებულია შესაბამის სამსახურთან. პროექტით გათვალისწინებულია გზის მარჯვენა მხარეს მთელ სიგრძეზე ველობილიკის მოწყობა, რომლის გეომეტრიული პარამეტრები და ადგილმდებარეობა გეგმაში შეთანხმებულია დამკვეთთან. ტექნიკური დავალების თანახმად ველობილიკის ფართზე მოხვედრილი საკომუნიკაციო ჭები გადატანილი უნდა იქნეს გვერდზე - სავალ ნაწილზე; პროექტით გათვალისწინებულია არსებული ჭების დემონტაჟი და ახლის მოწყობა.

გზაზე გვხვდება მიწისქვეშა გადასასვლელები, მიწისქვეშა გადასასვლელებზე გათვალისწინებულია ჰიდროიზოლაციის მოწყობა. მოცულობები მოცემულია შესაბამის უწყისებში. გზის გარკვეულ ადგილებში ტროტუარზე მოწყობილია ლითონის მოაჯირები, გათვალისწინებულია მათი დემონტაჟი, შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით და სამუშაოების დასრულების შემდეგ მათი უკან მონტაჟი. ასევე გათვალისწინებულია ახალი სახანძრო ჰიდრანტების მოწყობა სულ 16 ცალი, რომელიც დაერთდება არსებული წყლის მილებზე, ხოლო მათი ადგილმდებარეობა შეთანხმებულია შესაბამის სამსახურებთან. ტროტუარზე გათვალისწინებულია დახურული ტიპის რკ/ბეტონის არხის მოწყობა, სადაც გაივლის ადგილობრივი კომუნიკაციის კაბელები, ასევე გათვალისწინებულია არსებულ გაზონებზე მექანიკური სარწყავი სისტემის მოწყობა. სარწყავი სისტემის დაერთება უნდა მოხდეს GWP-ის მილზე მასთან შეთანხმებით", - ნათქვამია პროექტის შესახებ 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებაში.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მერია პროექტისთვის ისეთ დროს შეარჩევს რა დროსაც რეკონსტრუქციის სამუშაოები ნაკლები დისკომფორტის მომტანი იქნება.

“შევარჩევთ ისეთ დროს, რომელიც იქნება ნაკლები დისკომფორტის მომტანი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვფიქრობთ, რომ 4 თვის ვადაში განხორციელდება აღნიშნული პროექტი”,- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას 2025 წელს გეგმავდა, რისთვისაც წელს ოთხი კონტრაქტი გაფორმდა 28 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა მიმდინარე წლის მარტში მერიამ ამ სამუშაოების გადადების გადაწყვეტილება მიიღო და მიუთითა, რომ პროექტირება გაგრძელდებოდა და 2026 წლიდან ტენდერები თავიდან გამოცხადდებოდა.